"მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ თამარ ჟვანიას ბულინგის გამო"
"მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ თამარ ჟვანიას ბულინგის გამო"

A+ A-

12:56 15/05/2021

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, არჩევნების გაყალბების პროცესი აღკვეთილია, შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადონ.

"2012 წლის შემდეგ არც საარჩევნო სისტემა და არც არჩევნების ჩატარება, არანაირად არ არის დაკავშირებული გაყალბებასთან. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილებები არა თუ გაყალბების აღსაკვეთავად არის, გაყალბება ისედაც აღკვეთილი არის, აქ არის ახლა ლაპარაკი, რომ გავაკეთოთ ისეთი კოდექსი, რომელიც აღქმის დონეზეც კი აღარ მისცეს ზედმეტი სიტყვის თქმის უფლებას.

აღვირახსნილი კამპანია, რომელიც ოპოზიციამ აწარმოა თამარ ჟვანიას წინააღმდეგ, თან განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც გაყალბებული არჩევნების ცესკოში შემოქმედები იყვნენ, მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ. გაყალბებული არჩევნების და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო", - აცხადებს ქადაგიშვილი.

უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა პარლამენტში 17:00 საათზე დაიწყება. შეჯერებული დოკუმენტი მხარეებმა ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში უნდა გადაუგზავნონ.

პარლამენტში განხილვა აღნიშნულ საკითხზე გუშინაც მიმდინარეობდა. "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება, რადგან შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს.