ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

A+ A-

11:24 14/05/2021

იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"ადეიშვილმა აღნიშნული მოთხოვნით მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის № 204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.