ჭიათურაში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა, 10-მდე მოქალაქემ კი შიმშილობა დაიწყო
ჭიათურაში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა, 10-მდე მოქალაქემ კი შიმშილობა დაიწყო

A+ A-

14:40 11/05/2021

ჭიათურაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულმა სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა, 10-მდე მოქალაქემ კი შიმშილობა დაიწყო. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, აღნიშნული კომპანია მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ მადანს მოიპოვებს. სამუშაო პროცესისას მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები - დაიმეწყრა, კომპანია კი მათთვის კომპენსაციის გადახდას არ აპირებს.

საუბარია სოფელ შუქრუთზე, სადაც სახლების ნაწილი ნახევრად, ან სრულადაა დანგრეული, ეზოებში კი ღრმულებია. პროტესტის უკიდურეს ფორმას აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ჭიათურის ცენტრში, მერიის წინ კარვების გაშლაზე უარი მიიღეს.

"სამწუხაროდ, კომპანიის მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად მივედით იმ გამოუვალ სიტუაციაში, რომ ჩვენი სახლები თავზე გვენგრევა. მიწები შუაზე იხსნება. ქალაქის მერმა, გივი მოდებაძემ კარვების გაშლის უფლება არ მოგვცა. პროტესტის 85 დღის მანძილზე არავის მხრიდან ყურადღება არ გვქონია. ამიტომ იძულებულები გავხდით, მიგვემართა უკიდურესი ფორმისათვის. დღეს ამოვიკერეთ პირი და დავიწყეთ შიმშილობა"-აცხადებს აქციის მონაწილე.

"თუ გვაზიანებენ და აღარ შეიძლება ჩვენს სოფელში ცხოვრება, აგვინაზღაურონ ზარალი ისე, რომ  შევძლოთ სადმე გადასვლა და ცხოვრების გაგრძელება. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, იგივეს გავიმეორებთ ქალებიც, სხვა გზა არ დაგვრჩენია"-აცხადებენ ადგილობრივები.

პროტესტის მონაწილეებს კომპანია "ჯი ემ"-ის წარმომადგენელი პასუხობს:

"იმ სამი პიროვნებიდან, რომლებმაც მოაწყეს აღნიშნული აქცია, ორი მათგანის სახლ-მფლობელობა არის შეფასებული კერძო აუდიტის მიერ. თანხა აღემატება საბაზრო ღირებულებას. ჩვენთვის გაუგებარია, აღნიშნული პიროვნებები რატომ არ დათანხმდნენ კომპენსაციის გაცემას. რაც შეეხება მესამე პიროვნებას, აღნიშნული ოჯახი არის ეკოემიგრანტი, შესაბამისად, 2018 წელს, მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი სახლით და ამდენად გაურკვეველია ამ პიროვნებების მოთხოვნა"-აცხადებს ვლადიმერ სალაძე.

ჭიათურაში ადგილობრივები უკვე 85 დღეა, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.