"კატეგორიულად მოვითხოვთ, აღიკვეთოს მიზანმიმართული ძალადობრივი კამპანია ჩვენი არხის წინააღმდეგ"
"კატეგორიულად მოვითხოვთ, აღიკვეთოს მიზანმიმართული ძალადობრივი კამპანია ჩვენი არხის წინააღმდეგ"

A+ A-

21:50 08/05/2021

"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს.

"გუშინ, 7 მაისს, ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას ვანი-ბაღდათის ეპარქიაში. მან აიღო ინტერვიუ რამდენიმე მღვდელმთავრისგან სასულიერო პირზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც გუშინ მთელ ქართულ მედიაში აქტუალური თემა იყო. ყველა ინტერვიუმ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში და მივიღეთ შესაბამისი პასუხები. გამონაკლისი იყო ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია). აღნიშნულმა სასულიერო პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ჟურნალისტს, შემდეგ მუქარით აუკრძალა მისი ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება, ბოლოს კი, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის მოწმე იქ მყოფი ათეულობით ადამიანია და გადაღებულია ჩვენს მიერ (აღნიშნული ინცინდეტის ამსახველი მასალა სრულად გამოქვეყნდება დღეს, 9 საათიან მთავარში).

მთავარი არხი აცხადებს, რომ გახშირდა ძალადობრივი ინციდენტები ჩვენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და ეს, ჩვენი შეფასებით, ატარებს მიზანმიმართულ ხასიათს. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაბალი თუ მაღალი იერარქიის წარმომადგენლები. კიდევ უფრო სამწუხარო და საგანგაშოა, რომ საქართველოს საპატრიარქო არათუ არ რეაგირებს მსგავს ფაქტებზე, არამედ ამართლებს და ამგვარად ახალისებს სასულიერო პირების მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ.

მთავარი არხი მოითხოვს, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება ზემოთ აღნიშნულ ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტზე, და ასევე მის წინმსწრებ ძალადობრივ თავდასხმაზე და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტზე ჩვენს ჟურნალისტ ნინუცა კეკელიაზე და ოპერატორ ირაკლი კვარაცხელიაზე. აქამდე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ამ და სხვა შემთხვევებზე პრაქტიკულად ნულოვანია და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ კამპანიის მთავარი წამქეზებელი, თუ არა ორგანიზატორი, არის მოქმედი ხელისუფლება.

მკაცრად ვგმობთ ხელისუფლების მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას და კატეგორიულად მოვითხოვთ:

აღიკვეთოს მიზანმიმართული ძალადობრივი კამპანია ჩვენი არხის წინააღმდეგ და ჩვენი ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა;

ხელისუფლებამ იმოქმედოს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებით და კანონის შესაბამისად დასაჯოს ყველა პირი, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა თუ თანამდებობრივი ან იერარქიული მდგომარეობისა", - ნათქვამია განცხადებაში.