"სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო"
"სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო"

A+ A-

17:21 16/04/2021

სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე პროკურატურისგან მივიღე უარი, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

"მოგეხსენებათ, ჩემი სამარცხვინოდ პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს და სრულიად გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურის თანხმობა მჭირდება ქვეყნის დასატოვებლად (ეს დამატებითი სანქცია ცალკე მტკიცებულებაა, რომ საქმე პოლიტიკურია).

სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო. რამდენიმე თვეა, ვცდილობ ჩემი ჯანმრთელობის პროლემების მოგვარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. ამიტომ დამჭირდა უცხოელი ექიმების ჩარევა.

ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვახერხე და კოვიდით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ავსტრიელმა ექიმებმა ჩამინიშნეს აუცილებელი კვლევები, რომლებიც აქ, სამწუხაროდ, არ ტარდება და სრულიად აუცილებელია ჩემი მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და განკურნებისთვის.

ჩემი ავსტრიელ ექიმებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ ჩათვალეს, რომ მე მჭირდება მათი "სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა" (ციტატა მათი წერილიდან) და კონკრეტული კველვები და სამედიცინო პროცედურები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ამგვარი აუცილებლობის გამო, ავსტრიის სახელმწიფომ მომცა ქვეყანაში შესვლის სპეციალური და საგამონაკლისო საშვი.

პროკურატურას წარვუდგინე ავსტრიელების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია და მივმართე მოთხოვნით, რომ მოეცათ თანხმობა, ერთი კვირით დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არც სასამართლო პროცესების მიმდინარეობას აფერხებს და ცხადია არც სადმე გაქცევას ვაპირებ.

სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე პროკურატურისგან მივიღე უარი. დასაბუთება - არავითარი: მიმალვის საფრთხე.

სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა არ მუშაობს. და რა მუშაობს აბა, სიკვდილი, როგორც აბსოლუტური საჭიროება", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.