განიხილება თუ არა "მერსედესი" "ტესლას" კონკურენტად
განიხილება თუ არა "მერსედესი" "ტესლას" კონკურენტად

A+ A-

16:00 16/04/2021

ხუთშაბათის ამბები
1.    აშშ-ის ბაზრებზე ახალი მაქსიმუმები დაფიქსირდა
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    განიხილება თუ არა "მერსედესი" "ტესლას" კონკურენტად
4.    აშშ-ში საცალო გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა

რეკორდების დღე
ბოლო სესია აშშ-ს საფონდო ბაზარმა ,,ხარის განწყობით’’ წარმართა: ძირითადმა ინდექსებმა ისტორიული მაქსიმუმები ერთიმეორის მიყოლებით გადაწერეს. Dow Industrials 34,000-ის ზღვრულ ნიშნულს პირველად გადასცდა, S&P 500-მა კი წელს რეკორდი 22-ე ჯერზე განაახლა. აშშ-ს საცალო ვაჭრობის მარტის თვის მოსალოდნელზე უკეთესმა მონაცემებმა და უმუშევრობის შესახებ ყოველკვირეულ პრეტენზიათა რიცხვის კლებამ ინვესტორებს ოპტიმიზმი გაუათკეცა, რაც ყველა სექტორში აქციების შესყიდვის ზრდაზე აისახა.

ძირითადი ინდექსების გარდა, სარეკორდო დღე ჰქონდათ:
●    Nasdaq 100-ს
●    MSCI-ის მსოფლიო ინდექსს
●    Stoxx 600-ს
●    აშშ-ს 139 საფონდო აქციას, მათ შორის Alphabet-ს (GOOGL), Microsoft-ს (MSFT), Home Depot-ს (HD) და Berkshire Hathaway-ს (BRK.A)
საბანკო აქციები კვლავ შთამბეჭდავად გამოიყურება და ამ რბოლას ხელს უწყობს. Bank of America და BlackRock, მსოფლიოსი ორი უდიდესი აქტივების მენეჯერი, მოსალოდნელზე უკეთეს კორპორატიულ შედეგებს აქვეყნებენ.

ამ გაზაფხულმა კიდევ ერთი სიახლე მოიტანა - ეს სააქციო რბოლის გამრავალფეროვნებაა. ამით იგი არ ჰგავს 2020 წელს, როდესაც ბაზრებს სიმაღლეების დაპყრობისკენ მეტწილად FAANG-ისა და ,,დარჩი სახლშის’’ ფავორიტი აქციები უბიძგებდნენ. ამჟამად, L&P ფინანსური მონაცემების თანახმად, S&P 500-ის კომპონენტთა 95%-ზე მეტი 200-დღიან მოძრავ საშუალო მაჩვენებელს აღემატება, რისი მსგავსი დონეც მხოლოდ ორჯერ, 2003 წლის დეკემბერსა და 2009 წლის სექტემბერში დაფიქსირებულა. ამ ორი პერიოდის შემდეგ ბაზრები რამდენიმე წლით ,,ხარის ტენდენციას’’ ავლენდნენ.  

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
●    ,,ამერიკის ბანკმა’’ (Bank of America) 1-ლი კვარტლის მოგებისა და შემოსავლების ანგარიში გამოაქვეყნა. მან სესხის დანაკარგთა რეზერვები 2,7 მლრდ-ით შეამცირა და $8,1-მილიარდიანი მოგება ნახა, რაც თითო აქციაზე $0,86-ს შეადგენს. მთლიანი შემოსავალი $22,9 მლრდ-ით განისაზღვრა. ამით ბანკმა, რომლისთვის გასულ კვარტალში მნიშვნელოვან ფაქტორებს ინვესტიციური საქმიანობა და საკუთარი კაპიტალით ვაჭრობა წარმოადგენდა, ანალიტიკოსთა პროგნოზები საგრძნობლად გააუმჯობესა.
●    Dell-მა გამოაცხადა, რომ VMware-ში თავისი 81%-იან წილის დივერსიფიცირებას მოახდენს. ტრანზაქცია, რომელიც, სავარაუდოდ, მე-4 კვარტალში დამთავრდება, საჯაროდ მოვაჭრე ორ დამოუკიდებელ კომპანიას ჩამოაყალიბებს. Dell გარიგებიდან მიღებულ $9,3-9,7 მლრდ-ის წმინდა მოგებას სესხის დასაფარად გამოიყენებს. ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ნამატი წინასაბაზრო ვაჭრობაში 7%-ს შეადგენს, რის შედეგად მან $100-ის ნიშნულს გადააჭარბა.
●    Coinbase საფონდო ბირჟაზე ზრდას განაგრძობს მას შემდეგ, რაც ვაჭრობის პირველ დღეს მისი ერთი აქციის ღირებულება $328,28-ს გაუტოლდა. ამან კომპანიის ფასი $85 მლრდ-მდე ასწია, რაც უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული NYSE-ის მფლობელი Intercontinental Exchange და Cboe Global Markets. კრიპტოვალუტის დინამიკაზე ქეითი ვუდის Ark Investment Management-ის მიერ 749,205 აქციის შესყიდვამაც იმოქმედა, რომლებიც მის აქტიურად მართულ 3 ETF-ს - Ark Innovation ETF-ს, Ark Fintech Innovation ETF-ს და Ark Next Generation Internet ETF-ს დაემატა.
●    ამერიკული Eagle Outfitters-ის განცხადებით, რომ 2021 წლის 1-ლი ფისკალური კვარტლის (სრულდება 1 მაისს) შემოსავალი $1 მლრდ-ს გადააჭარბებს. ამით 2019 წლის ამავე კვარტლის (წინაპანდემიური) მაჩვენებლის გაორმაგება და ანალიტიკოსთა მოლოდინის $100 მლნ-ით გაუმჯობესება აღინიშნება. საცალო გაყიდვების ფირმის მიხედვით, მოთხოვნამ American Eagle-ისა და Aerie-ის ტანსაცმლის ბრენდების მეშვეობით იმატა, რამაც უფრო დიდი მარჟა უზრუნველყო. კომპანია $120 მლნ-იან ოპერატიულ შემოსავალს ელოდება (შედარებისთვის, 2019 წლის 1-ლ კვარტალში იგი $ 48 მლნ-ს უტოლდებოდა).  
●    Thermo Fisher Scientific ფარმაცევტული ტესტირების კომპანია PPD-ის დაახლ. $15 მლრდ-ად შეძენასთან ახლოსაა (Wall Street Journal). კონტრაქტორ-მკვლევარ PPD-ს აქციები 12%-ით გაიზარდა, წინასაბაზრო ვაჭრობის ნამატი კი  6%-ს აღწევს.

ფედერალური ბანკი: აშშ-ს ეკონომიკა ,,ზომიერი’’ ტემპით მატულობს

აშშ-ს ცენტრალური ბანკის (Federal Reserve System) მიერ გამოქვეყნებული ე.წ. ,,ჩალისფერი წიგნი’’ იუწყება, რომ ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა თებერვლის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე ,,ზომიერი’’ ტემპით გაიზარდა. 12 საბანკო ოლქის მასშტაბით ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მრავალი საკვანძო მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მათ შორის: სამომხმარებლო ხარჯები, დასაქმება და ხელფასები, ტურიზმი, ავტოგაყიდვები, ქარხნული წარმოება, სესხის მოცულობა და ა.შ. მეორე მხრივ, კომერციული უძრავი ქონებისა, მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებს უფრო მოკრძალებული შედეგები აქვთ. ნახშირის წარმოება დაეცა, ხოლო ნავთობისა და გაზის მოპოვება ოდნავ გაიზარდა.

სიტყვა ,,ინფლაცია’’ ანგარიშში სულ 9-ჯერ დაფიქსირდა, ვინაიდან მოსახლეობა ფასების ზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ბანკმა ხარჯების გაბევრება ნაწილობრივ მიწოდების ჯაჭვის მორღვევას მიაწერა. ,,საწარმოო დანახარჯმა განსაკუთრებით მრეწველობის, მშენებლობის, საცალო ვაჭრობისა და ტრანსპორტის სექტორებში იმატა, უფრო მეტად კი ლითონების, ხის, საკვებისა და საწვავის ფასებს შეეხო”, - ნათქვამია მოხსენებაში. ,,ცნობები ვრცელდება ასევე გასაყიდი ფასების ზრდის შესახებ, თუმცა ეს ხარჯების დინამიკაზე არ აისახება’’. მცირე და საშუალო ბიზნესის საშუალო დანახარჯი ამ თვეში იმ ტემპით მატულობს, როგორიც პანდემიის დაწყების მერე არ ყოფილა. ის 2020 წლის თებერვლის მერე უმაღლეს დონეზეა.

ფედერალური ბანკის მეთაურმა ჯეი პაუელმა კვლავ გაიმეორა დაპირება, რომ საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად შეინარჩუნებს მანამდე, სანამ ინფლაცია ზღვრულ ნიშნულს - 2%-ს არ მიაღწევს. მან აქვე დასძინა, რომ ფედერალური ბანკი განაკვეთების ზრდამდე, სავარაუდოდ, აქტივების შესყიდვას შეამცირებს.

იხილეთ მცირე და საშუალო ბიზნესში ყოველთვიური საშუალო ხარჯვის გრაფიკი (500-ზე ნაკლები თანამშრომელი):

478 მილი (770 კმ)  
თუ გერმანულ ავტომწარმოებელ Daimler-ს ვერწმუნებით, ახალ ელექტრონულ Mercedes Benz EQS-ს ერთჯერადი დამუხტვის შედეგად სწორედ ამდენი მანძილის გავლა ძალუძს. ,,S’’ კლასის ასორტიმენტის უახლესი ვერსია 15 აპრილს წარადგინეს, მისი წარმოება ევროპაში კი აგვისტოდან დაიწყება. 90 კვტ/სთ ან 107,8 კვტ/სთ სიმძლავრის აკუმულატორის მქონე ავტომობილის 300 კმ-ის გასავლელად სამყოფი დენით დამუხტვა 15 წუთშია შესაძლებელი. ჩვენთვის ჯერ მხოლოდ თიზერული სურათებია ცნობილი, თუმცა Mercedes, ჩვეულებრივ, თავის ნიშას არ ღალატობს.

ერთ-ერთი თვალსაჩინო მოდელია მდიდრული სედანი, რომელსაც მიუნხენიდან ბერლინამდე გაუჩერებლად მგზავრობა შეუძლია. ეს ფუფუნების საგნების მწარმოებელი მზარდი ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის გამოწვევაა. გამავლობის ამჟამინდელი ლიდერი Tesla-ს 2020 წლის მოდელი, ,,S Long Range Plus’’-ია. EPA-ს მის დიაპაზონს 402 მილით საზღვრავს, მაგრამ კომპანია ირწმუნება, რომ სრულად დამუხტულ ავტომობილს 412 მილის დაფარვის უნარი შესწევს. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა ცოტა ხნის წინ EQS- ს ,,Tesla-ს გამანადგურებელი’’ უწოდეს და ივარაუდეს, რომ მანქანა ,,როგორც ტექნიკური მახასიათებლების, ასევე დიზაინისა და ხარისხის თამასას დაადგენს’’.

ამასობაში, ილონ მასკის ფირმა 520-მილიანი გამავლობის S Plaid Plus-ის გამოშვებას აანონსებს. საიტის თანახმად, მიწოდება 2022 წლის შუა რიცხვებისთვის დაიწყება. შედარებისთვის, Lucid Air, რომელიც საზოგადოებრივ არენაზე თებერვალში SPAC-ის საშუალებით წარსდგა, აცხადებს, რომ მისი ფუტურისტული სედანი 517 მილს დაფარავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბატარეების გაიაფებას ელექტრომობილების მეინსტრიმულ ხაზად ქცევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მღელვარების საფუძველს ხანგრძლივ მგზავრობაში საკმარისი ელექტროენერგიის დიაპაზონიც ქმნის. მთლიანი ელექტრომობილების საშუალო გამავლობა აშშ-ში ახლა 259 მილია, 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 68 მილს შეადგენდა.