"დღევანდელი ფაქტიც და საერთოდ, ეს ტენდენცია არის ლოგიკური შედეგი ივანიშვილის რეჟიმის "მოღვაწეობის"
"დღევანდელი ფაქტიც და საერთოდ, ეს ტენდენცია არის ლოგიკური შედეგი ივანიშვილის რეჟიმის "მოღვაწეობის"

A+ A-

15:40 16/04/2021

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია თბილისში, "საქართველოს ბანკის" ექსპრესს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიმინალის შემთხვევები იზრდება და ეს ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებაა.

"კრიმინალი არსებობს ყველაზე უფრო დალაგებულ ქვეყნებში, ბანკის ძარცვაც შეიძლება მოხდეს და მძევლების აყვანაც, მაგრამ აქ საუბარია არა ერთ, არამედ ბევრ შემთხვევაზე და ტენდენციაზე. დღევანდელი ფაქტიც და საერთოდ, ეს ტენდენცია და ფონი არის ლოგიკური შედეგი ივანიშვილის რეჟიმის "მოღვაწეობის", ყველა  მიმართულებით. პირდაპირ კრიმინალზე რომ ვისაუბროთ, როდესაც ამ ტიპის თანამშრომლობა არსებობს ორგანიზებულ დანაშაულთან და კრიმინალთან და მსოფლმხედველობრივადაც ჩვენ გვესმის ის გზავნილები ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლებისგან მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველა საარჩევნო ციკლის დროს (ამ ტიპის თანამშრომლობა, ვინც მათთან იქნება, მათთვის ხელის დაფარება და ა.შ), ეს ყველა შემთხვევაში მოქმედებს საერთო ფონზე. ამას თუ დავამატებთ, რომ ბადრი ესებუას ბოლო ფაქტის წარმატებით გასაღება მოხდა პროპაგანდის თვალსაზრისით, ესეც ხომ სრულიად დამანგრეველი გზავნილია? კრიმინალმა ფული წაიღო ბანკიდან, მიიმალა და მიუხედავად ამისა, ოპერაცია წარმატებით გაფორმდა. ასეთ აბსურდულ ვითარებაში, ქაოსსა და უნდობლობაში ვართ ყველა ინსტიტუტის მიმართ. ქვეყანაში ყველა მიმართულებით არის შექმნილი ისეთი ფონი, რომ ალბათობა კრიმინალის ავტომატურად იზრდება. პოლიცია მთლიანად უნდა იყოს გადართული არა პოლიტიკური რეჟიმის დაცვაზე, არამედ მათი პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან, კრიმინალთან ბრძოლა უნდა იყოს", - აცხადებს ბოკერია.

ავლაბრის მეტროსთან მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. შეიარაღებული პირი ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.