ბაიდენმა ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი აშშ-ში მიიწვია
ბაიდენმა ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი აშშ-ში მიიწვია

A+ A-

10:50 10/01/2023

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ლუის ინასიო ლულა და სილვამ სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა დაგმო არეულობა ბრაზილიის დედაქალაქში და ბრაზილიელი კოლეგა თებერვლის დასაწყისში ვაშინგტონში მიიწვია.

სატელეფონო საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა "ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ბრაზილიის დემოკრატიისა და ბრაზილიელი ხალხის თავისუფალი ნებისადმი“.

ჯო ბაიდენმა დაგმო ძალადობა და თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს ბრაზილიის ხელისუფლების ნებისმიერ თხოვნას არეულობის გამოძიებაში დახმარებისთვის, თუმცა ამ დრომდე მსგავსი მოთხოვნა არ შემოსულა.

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო შესაძლოა, ქვეყნიდან დეპორტირებული იყოს.

ბოლსონარო ამერიკის შეერთებულ შტატებში დიპლომატიური ვიზით მისი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. პრეზიდენტის უფლებამოსილება 1 იანვარს დასრულდა.

8 იანვარს, ბრაზილიის ულტრამემარჯვენე ექსპრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ. პოლიციამ დემონსტრანტების უკან დახევის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე საათში, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ დედაქალაქში არეულობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

არეულობებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის 1 500-მდე ადამიანი დაკავებული.