თუკი ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს - სამართლებრივი და პოლიტიკური სურათი
თუკი ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს - სამართლებრივი და პოლიტიკური სურათი

A+ A-

13:44 28/12/2022

პატიმარი მესამე პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზღვარგარეთ სამკურნალოდ  გაგზავნის ყველაზე სწრაფ გზად, ქვეყანაში თუ მის გარეთ, საქართველოს მეხუთე, მოქმედი პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალება სახელდება. მაგრამ არის თუ არა შეწყალება ცალსახა და იოლი გამოსავალი?

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ მოვლენების შესაძლო განვითარება ბუნდოვნად გამოიყურება იმ შემთხვევაშიც, თუ, მმართველი პარტიის პოზიციისა და მოლოდინების საპირისპიროდ, მეხუთე პრეზიდენტი შეიწყალებს მესამეს.

კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსის გარდა, შეწყალების პროცესს არეგულირებს თავად პრეზიდენტის ბრძანებულება შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა 2019 წელს შეცვალა.
სამართლებრივი სურათი - რა შეუძლია პრეზიდენტს

როგორც კონსტიტუციის 52-ე მუხლის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლისა და შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ პრეზიდენტის 556-ე ბრძანებულების შესაბამისად, შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ის მხოლოდ მსჯავრდებულებზე ვრცელდება; ანუ პირებზე, რომლებსაც უკვე გამოტანილი აქვთ განაჩენი.

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად მსჯავრდებულია ორ საქმეზე და კიდევ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვები კვლავ გრძელდება. არცერთ ამ საქმეზე მას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება - წინასწარი პატიმრობა - არა აქვს შეფარდებული.
2018 წელს მიხეილ სააკაშვილს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - „სანდრო გირგვლიანის საქმის“ ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალებისთვის.

ასევე 2018 წელს, მას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პარლამენტის ყოფილ წევრზე, „ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმის“ ფარგლებში. იმავე წელს განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.

2014 წლიდან მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისა (მათ შორის - ე.წ. პიჯაკების საქმე) და 2007 წლის 7 ნოემბერს „მომიტინგეთა მასობრივი დარბევისა“ და „ხელში ჩაგდების“ მიზნით „ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეებთან“ დაკავშირებით.
საქართველოში ჩამოსვლისა და დაკავების შემდეგ, ამას ასევე დაემატა მესამე საქმე - საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრლდებით.

სწორედ იმის გამო, რომ მიმდინარე საქმეებზე აღკვეთის ღონისძიება არა აქვს შეფარდებული, იურისტების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა, შეწყალების შემთხვევაში, საპატიმრო სწრაფად და შეფერხების გარეშე უნდა დატოვოს.

„პრეზიდენტს [სალომე ზურაბიშვილს] შეუძლია, რომ ის [მიხეილ სააკაშვილი] ორივე საქმეზე შეიწყალოს, რაზეც განაჩენი უკვე არსებობს. თუკი რომელიმე სხვა საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ექნებოდა შეფარდებული, მისი გათავისუფლება შესაძლებელი იქნებოდა [წინასწარი] პატიმრობის ვადის გასვლის, ან აღკვეთის ღონისძიების [არასაპატიმროთი] შეცვლის შემთხვევაში. ამ ეტაპზე, რამდენადაც ცნობილია, ასეთი ხელის შემშლელი გარემოება არ არსებობს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი ვახტანგ იაშვილი. მისი განმარტებით, აშშ-ისგან განსხვავებით, საქართველოში შეეწყალებული პირი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც.
შესაძლებელია თუ არა, რომ, ვთქვათ, ორ საქმეზე შეწყალების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რომელიმე მიმდინარე საქმეზე შეუფარდონ წინასწარი პატიმრობა და ის კვლავ დააბრუნონ საპატიმროში?

ამ შეკითხვაზე იურისტების პასუხია - კი.

თუმცა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძეც აშშ-ის პრაქტიკას ახსენებს და ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს აკრძალული, პატიმარი სრულად გაათავისუფლოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

„კონსტიტუციაში არ წერია, რომ ეს არ შეიძლება და ნორმის განმარტებისას, უნდა შევხედოთ საერთაშორისო პრაქტიკას. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს და პრეზიდენტი იწყალებს არა მხოლოდ დასრულებულ საქმეებზე, არამედ მიმდინარე საქმეებზეც. ამ პრაქტიკას იზიარებს ბევრი ქვეყანა და ასე უნდა იმუშაოს ამ ნორმამ აქაც... თუკი შეწყალება ყველა საქმეზე მოხდება, მას ხელმეორედ ვეღარ დაიჭერენ და სხვა საქმეზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაც დაკარგავს აზრს... ამ შემთხვევაში, ახალ საქმეზე ახალ ბრალს თუ წაუყენებენ და ისე შეაბრუნებენ ადამიანს ციხეში“, - გვეუბნება თუთბერიძე.

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 556-ე ბრძანებულებაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადაშია გამოცემული, წერია, რომ შეწყალების დროს - „საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც ეს პირი იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე“.
სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად: შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. შეწყალების აქტი ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილ წესს.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 2019 წელს შეცვალა, ითვალისწინებს მთელ რიგ შეზღუდვებს და მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმე, “რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი”; თუმცა იქვე მითითებულია, რომ: „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე“.

სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთვის ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის შეწყალების ბერკეტებს არ ფლობს იმის გამო, რომ „საბოლოო განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის“, „მისი საქმე ამ დრომდე განხილვის ეტაპზეა“ და „ქართული კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა საქმის განხილვა დასრულდება“.

სალომე ზურაბიშვილმა, რამდენიმე საჯარო განცხადებისას, დაადასტურა, რომ დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებით; თუმცა, მისი პოზიციაა, რომ შეწყალება პოლარიზაციას გაზრდის და მსჯავრდებულისთვის სასჯელისგან გათავისუფლების/გადავადების საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. სააკაშვილის ადვოკატების მიერ 1 დეკემბერს დაყენებული შუამდგომლობა ჯერ ისევ სასამართლო განხილვის პროცესშია და მომდევნო სხდომა 29 დეკემბერს არის დანიშნული.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორები და ევროპარლამენტარებმა ეს, დეკემბერში დამტკიცებულ ბოლო რეზოლუციაშიც ჩაწერეს. ექსპერტების შეფასებით, პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები ახდენს.

პოლიტიკური სურათი - რა არ სურს პრეზიდენტს

ექსპერტ და ტელეწამყვან არჩილ გამზარიდიასთვის, რომელიც 2015 წლამდე „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ შეწყალების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება საკმაოდ ძვირად დაუჯდება.

„რასაც ვაკვირდები, ხელისუფლება მაინც შიშობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ მიიღოს შეწყელაბის გადაწყვეტილება. ბევრი კომენტარი გაკეთდა - ეს მის კარიერაზე ცუდად იმოქმედებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ... შეწყალების შემთხვევაში, ხელისუფლებამ თავის ამომრჩეველთან თავი რაღაცით უნდა იმართლოს - ეს უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილის გადაყენება და ისეთ სიტუაციაში ჩაყენება, რომ ის იძულებული გახდეს, თავის წინაპარივით დატოვოს საქართველო“, - გვეუბნება გამზარდია.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი). საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ „ხალის ძალის“ დეპუტატებთან ერთად ქმნის, 100 მანდატზე ნაკლებს ფლობს.

არჩილ გამზარდია არ იზიარებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ საერთაშორისო წნეხის გაძლიერების შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილს თავად „ქართულმა ოცნებამაც“ კი სთხოვოს. „ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის უფრო იოლი იქნებოდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება სასამართლოს გზით მომხდარიყო და ამით, ბარემ, სასამართლოს დამოუკიდებლობაც გაფორმდებოდა... მხარდამჭერებს ეტყოდნენ - რა ვქნათ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ “, - გვეუბნება გამზარდია.

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 27 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის შეწყალების გადაწყვეტილების მიღება „იქნება ძალიან მძიმე, პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის ”.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 27 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლობისტების დახმარებით, კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ააგორა და პრეზიდენტზე ზემოქმედებასაც ცდილობს. „ჩვენ ამ დღეებში რასაც ვხედავთ, ეს არის სასამართლოსა და პრეზიდენტზე პირდაპირი ზეწოლის მცდელობა... ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობის მომსწრეები ვართ, როცა ცდილობენ ამ ტალღით მოახდინონ ზეწოლა სასამართლოზე და მერე პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.

"ქართულ ოცნებაში" ხშირად ამბობენ, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეცია აქვს; მაგრამ იმედოვნებენ, რომ ძალაში დარჩება მისი სიტყვები - "არა და არასოდეს!". „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე აგოს პასუხი საპატიმროში და არ იზიარებენ ექიმების და სააკაშვილის დაცვის მხარის განცხადებებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

არჩილ გამზარდია ამ ეტაპზე ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ „ოცნება“, რაიმე ფორმით, დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან და საქართველოდან გაშვებას. სიმულაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, მისი თვალთახედვით, წარმოადგენს წინმსწრებად შექმნილ „თეორიულ ჩარჩოს, თუ როგორი უნდა იყოს სასამართლოს ქმედება“ სასჯელისგან გათავისუფლების/ გადავადების საკითხზე; რასთან დაკავშირებითაც ჯერ გადაწყვეტილება არ არსებობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება.

22 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, სასამართლოს ჩვენება მისცა ამერიკელმა ფსიქიატრმა, ერიკ გოლდსმიტმა. მან ადვოკატის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი, შეძენილი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს.

საექსპერტო დასკვნაში, რომელიც დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. ლაპარაკია მისი სავარაუდო მოწამვლის შესახებაც.

 

წყარო: რადიო თავისუფლება