"მაუწყებლობის შესახებ" კანონის მიღების პროცესი რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის"
"მაუწყებლობის შესახებ" კანონის მიღების პროცესი რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის"

A+ A-

16:13 21/12/2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ "მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი დაჩქარებულად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარების და  რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც  ქვეყანაში ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის.

"კანონპროექტი და განხილვის პროცესი - კანონპროქტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 7 სექტემბერს ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს, საჯაროდ ხელმისაწვდომი 13 სექტემბერს გახდა. კანონპროექტი პარლამენტის სესიაზე 19 სექტემბერს პირველი მოსმენით, განხილვებისა და დისკუსიის გარეშე, გავიდა. დაჩქარების მიზეზად, კანონპროექტის ავტორებმა ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ მეორე მოსმენამდე სამაუწყებლო მედიასა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები ჩაინიშნებოდა. მას შემდეგ პარლამენტში მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც დამატებითი შეხვედრის საჭიროება გამოიკვეთა, კანონპროექტის ტექსტის დეტალურად განსახილველად, თუმცა მოულოდნელად, 28 ნოემბერს, ჩაინიშნა მეორე მოსმენა, დამატებითი შეხვედრების გარეშე. ამჯერადაც არგუმენტი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება იყო.

აღსანიშნავია ევროკავშირის მოთხოვნა ინკლუზიურობაზე, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, საკანონმდებლო ცვლილებები მოხდეს მხარეებთან შეთანხმებით და კონსენსუსით, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში არ მომხდარა.

ალტერნატიული წინადადება - საქართველოში არსებული მედია გარემოს საფრთხეების გათვალისწინებით, ტელემაუწყებლობის უმრავლესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშავეს. აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენამდე პარლამენტს თამარ კორძაიამ წარადგინა, თუმცა შეთავაზება მხედველობაში არ მიუღიათ.

ევროპის საბჭოს ექსპერტების დასკვნა სადავო სამი საკითხის შესახებ - მნიშვნელოვანია, რომ დირექტივის იმპლემენტაციისას, ევროკავშირი არ უთითებს ქვეყნებს თუ კონკრეტულად როგორ უნდა შეცვალონ კანონპროექტი - მისთვის მთავარია, ქვეყნებმა მიზანს მიაღწიონ. ეს ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დირექტივის შესრულებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინონ და ისეთი გზა აირჩიონ, რომელიც სფეროს არ დააზიანებს.

სწორედ ეს მიიღეს მხედველობაში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა და სადავო საკითხის შეფასებისას არასამთამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების მსგავსი პოზიცია ჩამოაყალიბეს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მესამე მოსმენამდე ევროკავშირმა ვალდებულების შესასრულებლად და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაოდ პროცესი  2023 წლის 31 მაისამდე გადაავადა.

მიუხედავად ამისა, წამყვანმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენითაც დაუჭირა.

მედიის ადვოკატირების კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით და იცოდეს, რომ არ სრულდება ის მინიმალური სტანდარტიც კი, რომელიც დაინტერესებული პირების პროცესებში ჩართულობას გულისხმობს", - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.