სალომე ზურაბიშვილმა ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

A+ A-

22:09 15/12/2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში, ტარიელ ხარხელაურის ლექსების კრებულის ,,სამყარო, სამყაროს მიღმა“ პრეზენტაციაზე გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრწყინვალების ორდენი სამშობლოს, მთისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალული ქართული პოეზიის ღირშესანიშნავ წარმომადგენელს, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხალხური შემოქმედებითი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებისათვის, წარჩინებული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოეტს მისი განსაკუთებული შემოქმედებისათვის მადლობა გადაუხადა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, აქ, ორბელიანების სასახლეში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო იმართება. მგონი, ეს ერთგვარ ტრადიციად უნდა ვაქციოთ, მაგრამ ტრადიციად რომ ვაქციოთ, ალბათ, ყოველ ჯერზე არ გვექნება ბედნიერება, რომ ტარიელ ხარხელაურს ვუმასპინძლოთ.

პოეტებს სახელით იცნობენ, სახელით იხსენებენ და ისინი ამ სახელით შედიან ისტორიაში. თქვენ, კი, უკვე ხართ საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. მინდა, მთელი საქართველოს სახელით, თქვენს მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცოტანი არიან ის ადამიანები, ვისაც ამგვარი პატივისცემა ეკუთვნის.

ბედნიერი იქნებოდა საქართველო, რომ მეტნი იყვნენ ადამიანები, ვინც ღირსნი იქნებოდნენ ასეთი პატივისცემისა და იმედი მაქვს, რომ სხვა დროც დადგება და გვეყოლება მეტი სამაგალითო ადამიანი. მეტი პოეტები შეიძლება არა, რადგან დიდი პოეტები ხშირად არ იბადებიან და ყოველ ეპოქაში ერთი ალბათ, უკვე ძალიან დიდ რამეს ნიშნავს.

აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ფიქრობენ: - რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემებია, გახლეჩილია ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა?

სწორედ ახლაა პოეზიის დრო, ახლა ისე, როგორც არასოდეს. თუ არის რამე, რამაც შეიძლება ერთგვარად გაგვაერთიანოს, სხვა რამ დავინახოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში, ეს არის პოეზია და ეს ძალიან გვჭირდება. არ ვიცი სხვამ რამ შეიძლება მოგვცეს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ესოდენ სჭირდება ამ ქვეყანას და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის.

დრო გავა და ჩვენ მივხვდებით, რომ ეს ალბათ, არის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ყველასთვის, რომ ქართულმა კულტურამ იცოცხლოს, გაძლიერდეს და იყოს ჩვენი გამაერთიანებელი. ძალიან დიდი მადლობა!“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ორბელიანების სასახლეში მოწვეული სტუმრების წინაშე პოეტის ლექსები წაიკითხეს და სიტყვით მიმართეს: წიგნის პასუხისმგებელმა რედაქტორმა გიორგი ფარეშიშვილმა,  მწერალმა ხასო ხანგოშვილმა, პოეტმა გელა დაიაურმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ, პოეტმა ოთარ ფალიანმა, მთარგმნელმა მექა ხანგოშვილმა.