"ეს არის იმ "მშვიდობის" შინაარსი, რაც დღეს საახალწლო ნაძვის ხეზე დაგვიწერეს"
"ეს არის იმ "მშვიდობის" შინაარსი, რაც დღეს საახალწლო ნაძვის ხეზე დაგვიწერეს"

A+ A-

19:32 13/12/2022

"ეს არის ქოცური “მშვიდობის” შინაარსი, რომელიც ნაძვის ხეზე დაგვიწერეს და დაგვიდგეს თავისუფლების მოედანზე. თავისუფლების - სიტყვის, რომელსაც საზრისი დაუკარგა ხელისუფლებამ," - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში წერს.

"ჯვარედინ გზაზე ისმის:

- გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყად თავი, მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეცი გულს, ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ გალობას, დასტკბი ვარდთა ყნოსვით!

- მე მონა ვარ!..

- რა ვუყოთ! იბრძოლე! გათავისუფლდი...

- მე სუსტი ვარ...

- თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს...

- არ მაქვს იმედი...

- არაფერია, ბრძოლაში იმედიც დაიბადება.

- მეშინია უარესის...

- მონობაზე უარესი რაღა იქნება?

- სიკვდილი... შიმშილი...

- მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა... ნაკლებად საცოდავი, უფრო საზიზღარი..."

აი, ეს არის "მშვიდობის" შინაარსი "ქართული ოცნების" ლექსიკონში. ეს არის, რისი ინდოქტრინაციაც ხდება გამალებით, ყოველწუთიერად, მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად, უზარმაზარი პროპაგანდისტული და ფინანსური რესურსების გამოყენებით. ეს არის, რასაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს - საქართველოს გადაწერილი ისტორია. ეს არის, რასაც "ქართული ოცნება" მშვიდობად ასაღებს - მშვიდობა, ანუ თავისუფლების გამარჯვების უზენაესი ფორმა, ჩანაცვლებული პირველყოფილი ინსტინქტებით - სიკვდილის და შიმშილის შიში. მშვიდობა მხოლოდ მოაზროვნე ადამიანებისთვის დამახასიათებელი თავისუფლებისთვის ბრძოლის საბოლოო შედეგი, ჩანაცვლებული ბუნებრივი გადარჩევის და გადარჩენის ცხოველური ინსტინქტით, რაც თანაბრად ახასიათებს დონეს კლასიფიკაციის ყველა საფეხურის - უმარტივესი ორგანიზმებით დაწყებული და პრიმატებით (მათ შორის, ადამიანებით) დამთავრებული.

და ეს არის იმ "მშვიდობის" შინაარსი, რაც დღეს საახალწლო ნაძვის ხეზე დაგვიწერეს და თაყვანისცემის კერპად დაგვიდგეს ქვეყნის მთავარ მოედანზე, რომელსაც თავისუფლების სახელი ჰქვია. თავისუფლების - სიტყვის, რომელსაც საზრისი დაუკარგა ხელისუფლებამ. სიტყვის, რომელიც მალე არა კონცეპტი, შინაარსის მატარებელი მძლავრი სიტყვა, არამედ მხოლოდ ლექსიკური მეხსიერების რიგითი ერთეული გახდება.

აი, ეს არის, სწორედ.

ეს მოთხრობა კი 1916 წელს დაწერა ნიკო ლორთქიფანიძემ. ამ მოთხრობას "მონა" ჰქვია.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ ნამდვილ მშვიდობას - მშვიდობას არაქოცურად, თავისუფალი ადამიანების მშვიდობას", - წერს ნიკა გვარამია.