"ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს"
"ძალიან მნიშვნელოვანია, ეს  კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს"

A+ A-

13:25 24/11/2022

ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.

"დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც საქართველოსგან წინსვლას ელოდებიან. ეს არ არის მარტივი რეკომენდაცია. ჩვენ ვიცით, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მომზადებულმა კანონპროექტმა პარლამენტში მეორე მოსმენა გაიარა. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული. ეს კომისარმა ვარჰეიმაც აღნიშნა, როდესაც გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. ეს არის იმ სისტემური ჩარჩოს შექმნა, რომელშიც გამოირიცხება პირთა არასასურველი ინტერესი და ზეგავლენა პოლიტიკაზე. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ამის დარეგულირება კანონის დამტკიცებით იქნება წარმართული, თუ სხვა გზით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონპროექტი მოსაზრებისთვის გაგზავნილი იქნება ვენეციის კომისიასთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა ინკლუზიურ ფორმატში წარიმართოს.

"ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. დრო ჯერ კიდევ არის, რადგან კალენდრის მიხედვით, რეკომენდაციების იმპლემენტაციას მომავალი წლის გაზაფხულზე შევაფასებთ. ევროკომისიის ფორმალური მოსაზრების წარდგენა ოქტომბერშია მოსალოდნელი და ამის შემდეგ, ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში. ვისურვებდი, რომ ეს პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური და კონსტრუქციული, მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობითაც“, – განაცხადა ჰერჩინკსიმ.