სპეციალური ოპერაციების ძალების 23 წლის იუბილეზე ახალი ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
სპეციალური ოპერაციების ძალების 23 წლის იუბილეზე ახალი ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

A+ A-

16:35 22/11/2022

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა.

სპეციალური ოპერაციების ძალებს იუბილე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

დღევანდელ დღეს, სიმბოლურად, დაემთხვა მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის დაწყება. მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალები მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება 3 ძველი შენობის რეაბილიტაცია.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მოწვეული სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლებაც გამართეს, რომელიც საბრძოლო ფუნქციების ინტეგრირებით მართვისა და კონტროლის დახვეწას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.