“დემოკრატიული სამყარო და შესაბამისად საქართველოც, ხანგრძლივი და რთული პოლიტიკური კატაკლიზმებისათვის მომზადებული უნდა იყოს”
“დემოკრატიული სამყარო და შესაბამისად საქართველოც, ხანგრძლივი და რთული პოლიტიკური კატაკლიზმებისათვის მომზადებული უნდა იყოს”

A+ A-

12:38 17/10/2018

როდესაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, მას დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და გაღრმავების სურვილი უდაოდ ჰქონდა. პუტინს მიაჩნდა, რომ რუსეთი მართალია არაა საბჭოთა კავშირის ტოლფასი სახელმწიფო, მაგრამ დასავლეთი საბოოლო ჯამში რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს სტატუს ეჭვქვეშ არ დააყენებდა. დასავლეთის მიერ რუსეთის ზესახელმწიფოდ აღიარება, რუსეთს უფლებას მისცემდა რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ ჰქონოდა გავლენის სფეროები ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცეში. „მოსკოვი ქმნის უსაფრთხოების სივრცეს არა საკუთარი პოლიტიკური საზღვრების ფარგლებში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და მისი გავლენის სფეროზე“. ასეთი იყო და არის პუტინის რუსეთის საგარო პოლიტიკური დოქტრინა. როგორც აღმოჩნდა, არც აშშ და არც ევროპა არ იყვნენ მზად ამ დოქტრინის გასაზიარებლად. საგულისხმოა და აუცილებლად ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დოქტრინის მიღების არანაირი სურვილი არ ჰქონდათ ე.წ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას. პრეზიდენტი პუტინი, რომელიც რუსული პოლიტიკური ტრადიციის ორგანული პროდუქტია, თავის მხრივ მიჩნევს, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის უდიდესი კატასტროფაა“. საკუთარ პოლიტიკურ მისიად აცხადებს ამ „კატასტროფის“ შედეგების აღმოფხვრას.

მეთოდები და ფორმები, რომელთა საშუალებითაც რუსეთი საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობს, უკვე ყველასათვის ნათელია. ეს არის: მეზობელ ქვეყნებში ეთნოკონფლიკტების შექმნა და გაღრმავება, პირდაპირი სამხედრო აგრესია, მარიონეტული დანაშაულებრივი რეჟიმების შექმნა, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ანექსია, ენერგორესურსებით მანიპულირება და შანტაჟი, ინფორმაციული ომები, საკუთარი ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა და დევნა.

სამწუხაროდ, მხოლოდ ყირიმის ანექსიის შემდეგ სცადა ევროკავშირმა რუსეთის მზარდი აგრესიულობის შესაკავებელი კოლექტიური ზომების მიღება. როგორ არის ფორმულირებული ეს პრინციპები: 1. მინსკის შეთანხმებების რეალიზაცია, რომელიც არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკასთან უკრაინასთან მიმართებაში, როგორც აუცილებელი პირობა ევროკავშირის მიერ საკუთარი პოზიციის შესაცვლელად. 2. ევროკავშირის ურთიერთობების გამყარება აღმოსავლელ და სხვა მეზობლებთან, ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩათვლით. 3. საკუთრივ ევროკავშირის მდგრადობის ამაღლება ენერგო უსაფრთხოების სფეროში, ჰიბრიდული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დაცვის გაძლიერება. 4. შერჩევითი თანამშრომლობა რუსეთთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 5. ადამიანებს შორის ურთიეთობების გაღრმავება და რუსეთში სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა. ეს პრინციპები ასახავენ არა მხოლოდ, რუსეთისა და დასავლეთის უთანხმოებას, ისინი გამოხატავენ დასავლეთის გაგებასაც იმ მოცემულობის, რომ რუსეთი და ევროპა მეზობლები არიან, რომელთაც მრავალმხრივი ურთიეთობები და ინტერესები გააჩნიათ, ისეთ საკითხებში როგორიც არის ვაჭრობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლა, მიგრაცია, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, საზღვაო უსაფრთხოება და მრავალი სხვა.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი დღესაც ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. რუსეთის საგარეო ინვესტიციების 75% ევროკავშირს აქვს განხორციელებული. რუსეთი ევროკავშირის ზომით მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ევროპა გაზის 40% და ნავთობის 30% მოთხოვნილებას რუსეთიდან იმპორტით იკმაყოფილებს. რუსეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრია. ბირთვული სახელმწიფოა სიძლიერით მეორე ან შესაძლებელია პირველიც კი. ასე რომ, რუსეთი უნდა ეს ვინმეს თუ არა, მსოფლიო პოლიტიკის უცვლელი ფაქტორია. ყოველივე ეს მოსკოვთან ურთიერთობას აუცილებელს ხდის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისათვის. კოლექტიურ დასავლეთს რუსეთთან ურთიერთობის ამ ეტაპზე პრაქტიკულად არვითარი გავლენა არ შეუძლია მოახდინოს მის შიდა პოლიტიკაზე. უფრო მეტიც, დასავლეთის სანქციებმა და მკაცრმა რიტორიკამ რუსეთის მიმამართ, არჩევნების წინ პუტინის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდა. ამ კონტექსტში საკვირველ სისულელედ აღარ ჩანს ბ-ნი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობა. დემოკრატიულ სამყაროსთან კონფრონტაციის გამწვავება და რუსეთისათვის ახალი პალიატიური სანქციების დაწესება საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნით ეტაპზე, პუტინის რეჟიმისათვის მხოლოდ სასარგებლოა.

გამომდინარე აქედან დასავლეთს გაცნობიერებული აქვს ის ფაქტი,რომ მზარდი კონფრონტაცია დამაზიანებელია ყველასათვის. რამდენად ესმის ეს დღევანდელ პუტინის რუსეთს, ამჟამად თითქმის უცნობია. რჩება შთაბეჭდილება, რომ პუტინი კოლექტიურ დასავლეთში სისუსტეს, ქაოსსა და მზარდ პოლარიზებას ხედავს, რაც მისი აზრით საშუალებას იძლევა საკუთარი მიზნები განახორციელოს. სოლსბერიში ორმაგი აგენტის მოკვლის მცდელობა (რომელიც ერთგვარი კატალიზატორია), ამ ფაქტზე ბრიტანეთის მთავრობის და ზოგადად კოლექტიური დასავლეთის რეაქციამ უნდა გვიჩვენოს შეძლებს თუ არა რუსეთი კვლავაც გააგრძელოს, საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების ნორმების მზარდი ინტენსიობით გათელვა. ერთი რამ კი ნათელია, დემოკრატიული სამყარო და შესაბამისად საქართველოც, ხანგრძლივი და რთული პოლიტიკური კატაკლიზმებისათვის მაქსიმალურად მომზადებული უნდა იყოს.

ნიკოლოზ მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი