რამაზ საყვარელიძე – ხელისუფლება კორუფციის კარგ მაგალითებს გვაძლევს – ფარცხალაძის მსგავსი ოდიოზური პირების დაუსჯელობითაც
რამაზ საყვარელიძე – ხელისუფლება კორუფციის კარგ მაგალითებს გვაძლევს – ფარცხალაძის მსგავსი ოდიოზური პირების დაუსჯელობითაც

A+ A-

12:30 17/10/2018

დღეს ხელისუფლება კორუფციის კარგ მაგალითებს გვაძლევს, მათ შორის ფარცხალაძის მსგავსი ოდიოზური პირების დაუსჯელობითაც, – ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რითაც აუდიტის სამსახურის ანგარიშს და თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხს ეხმაურება.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა უნდა მოვითხოვოთ არა მხოლოდ კორუფციაში შემჩნეული მაღალჩინოსნის, არამედ იმ პირის პასუხისგებაც, ვინც დამნაშავეს ხელს დუმილით დააფარებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ თვალწინ ხმებოდა მერიის შეძენილი ათასობით ხე, ჩვენ თვალწინ აფრიალებდნენ დოკუმენტებს ოპოზიციისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომ მერია დედაქალაქის კუთვნილ ქონებას დარღვევებით ასხვისებდა სასურველ პირებზე, მაგრამ ამას მერიის რეაქცია არასოდეს მოჰყოლია. დუმდნენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ვალდებული იყვნენ, ეზრუნათ ბიუჯეტის მართლზომიერ გახარჯვაზე, არამედ ისინიც, ვინც ვალდებული იყო, პასუხი გაეცა საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მერიის პრობლემა არ იყო, ასეთი დამოკიდებულება მთელ ხელისუფლებას დასჩემდა – ბრალდების საპასუხოდ დუმილი ან უკუბრალდება. ამიტომ მოქალაქეებმა უნდა მოვითხოვოთ არა მხოლოდ კორუფციაში შემჩნეული მაღალჩინოსნის, არამედ იმ პირის პასუხისგებაც, ვინც დამნაშავეს ხელს დუმილით დააფარებს.

კონკრეტულად ფარცხალაძის საქმე ერთ სამარცხვინო მოვლენას ამჟღავნებს – სახელისუფლებო კულუარებს ფარცხალაძიზმის მეტასტაზები აქტიურად მოედო და ის ისეთი გავლენიანია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებსაც კი მისი სურვილის მიხედვით მოქმედებას აიძულებს. ეს უკვე 30-წლიან სენად გვექცა – დღეს თუ ქვეყანაში ფარცხალაძიზმი მძვინვარებს, ცოტა ხნის წინ ადეიშვილიზმი და კეზერაშვილიზმი გვჭირდა. მანამდეც იყვნენ ფიგურები, რომლებიც ამ ამოცანას წარმატებით ასრულებდნენ. დღეს ბევრი მაღალჩინოსანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთების ნაცვლად იმაზე ფიქრობს, თავისიანს როგორ უპატრონოს და გვერდით დაუდგეს, ხელი გაუმართოს. მთავარი ტრაგედია ის არის, რომ ეს საზოგადოებაშიც ნორმად დამკვიდრდა. ამით კი არ ვცდილობ, ფარცხალაძის შემთხვევა შევამსუბუქო, უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, როგორ ვცხოვრობთ და როგორი სოციალური ურთიერთობის კულტურა გვაქვს.

ცოტა ხნის წინ ჩემი ახლობელი მირეკავს, ერთ მნიშვნელოვან პროექტში ჩემი შვილი გაიმარჯვებს და “მიმიხედეო”, ანუ კლანური ბაცილა გვყავს ყველგან – ოჯახში, საზოგადოებაში და რა გასაკვირია, რომ ხელისუფლებაშიც. ჩინოვნიკებს ხომ ჩვენ ვაძლევთ მოქმედების ფართო არეალს?

კლანურ ბაცილასაც იმის მიხედვით ვავითარებთ, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს ჩვენი სტატუსი თუ თანამდებობრივი მდგომარეობა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც საგამოცდო ქულების ჩაწყობიდან დაწყებული, ყველაფრის ჩაწყობით კეთებისკენ არის მიდრეკილი. თითქოს ეს მავნე მენტალობა რაღაც პერიოდით ძალის გამოყენებით ამოვძირკვეთ, თუმცა სახელმწიფოში იმდენად ბევრი მაგალითი გაჩნდა კორუფციისა თუ ჩაწყობის, ისევ ამ მენტალობისკენ ვბრუნდებით. მოქალაქის ფსიქოლოგია კი მარტივია – ყოველთვის ჰბაძავს ხელისუფლებას. დღეს ხელისუფლება კორუფციის კარგ მაგალითებს გვაძლევს – ფარცხალაძის მსგავსი ოდიოზური პირების დაუსჯელობითაც, ასე რომ, მოქალაქეებსაც მეტი გასაქანი მიეცათ… არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები ამ ვითარების გამოსწორებაზე იფიქრებენ – მთავარი პრობლემაც ეს არის“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტორული დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი დარღვევებია დაფიქსირებული. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2015-2016 წლებში ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებულია 980 ობიექტი, თუმცა აუქციონების უმრავლესობა ჩატარებულია უკონკურენტო გარემოში და პოტენციური მყიდველი, ძირითადად, ხდებოდა მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე. იმ პირებისთვის კი, რომლებიც არ იყვნენ საპრივატიზაციო ფართობის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაწესებული შეზღუდვები მიწის შეძენის მცდელობისას დამაბრკოლებელ გარემოებას ქმნიდა. შედეგად შეიზღუდა კონკურენცია და მუნიციპალიტეტმა დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესა¬ძლებლობა.

აუდიტი აქცენტს აკეთებს ფასზეც – თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონების საწყისი ფასი რატომღაც დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზეა დადგენილი და ეს, უმეტეს შემთხვევაში, ამცირებს ფართობის საპრივატიზებო ღირებულებას – შესაბამისად, საწყისი ფასი დგინდება საბაზროზე ნაკლები ღირებულებით.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხვდა 2012 წელს დაწყებული დავა მერიასა და კომპანია “ბი-ეს-არ სი-დი-ჯის” შორის. თბილისში ახალი მაგისტრალური გზის გაყვანის შედეგად კერძო კომპანიას მიადგა ზარალი, რადგან გზამ მათ კუთვნილ ნაკვეთზე გაიარა, თუმცა მოლაპარაკებები ოთხი წელი გაჭიანურდა და მერიამ ზარალი კომპანიას მხოლოდ მას შემდეგ აუნაზღაურა, რაც მისი მფლობელი, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი ფარცხალაძე გახდა. სახელმწიფო აუდიტი ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურების შედეგად მერიის მიერ ზარალი შეფასდა და ანაზღაურდა (ზარალის მიღების პერიოდში არსებულ ღირებულებასთან შედარებით) 5-ჯერ მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთით, რამაც დედაქალაქს ფინანსური ზიანი მიაყენა. ამ საკითხზე გამოძიება პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც სახელმწიფო აუდიტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ პროკურატურაში შუალედური დასკვნა გაგზავნა, თუმცა გამოავლინა თუ არა კონკრეტული პასუხისმგებელი პირი გამოძიებამ, პროკურატურაში არ საუბრობენ.