კუბილიუსი - სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერი ჰყავს
კუბილიუსი - სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერი ჰყავს

A+ A-

13:01 23/06/2022

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, არავინ არავის სთხოვს საქართველოს ომში ჩართვას და საჭიროა საქართველოს მთვრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს.

მისივე თქმით, განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებას" რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს".

"სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერი ჰყავს. კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რატომ გამოყვეს საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან და რატომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი - ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს, მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებული მიდგომის, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ან ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, ის პირველ რიგში ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით.

ბევრი ოპოზიციონერი ჩამოდის, ჩამოდიან "ქართული ოცნების" წევრებიც და ყველა გვთხოვს, რომ საქართველოს კანდიდატობას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებას" რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუეა", - აცხადებს კუბილიუსი "ფორმულასთან".

ცნობისთვის, ანდრიუს კუბილიუსი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომლესაც "ქართული ოცნების" წევრები ხშირად ესხმიან თავს.