მედიის ადვოკატირების კოალიცია "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება
მედიის ადვოკატირების კოალიცია "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება

A+ A-

12:18 19/06/2022

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" ბათუმში, "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.

"19 ივნისს, ქალაქ ბათუმში, "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - ნაცემია ოპერატორი თემურ ზოიძე, რომელიც თვითმხილველების თქმით, ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკა. ამდენად, თავდასხმა ცალსახად უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას.

ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რადგან გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას, კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.

დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას. მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. მათ შორის, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს 2022 წლის 18 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაში “TV პირველის” გადამღები ჯგუფის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით", -აღნიშნულია განცხადებაში.