“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას თვის ბოლოდან დაიწყებს
“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას თვის ბოლოდან დაიწყებს

A+ A-

02:09 13/10/2018

ინტერვიუ “ომეგა ჯგუფისა” და “იბერიას” ადვოკატთან, გიორგი ფანცულაიასთან

ტელეკომპანია „იბერიასა“ და “ომეგა ჯგუფის” ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას თვის ბოლოდან დაიწყებს. გარდა ამისა, ოქუაშვილის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

– ბატონო გიორგი, პირველ რიგში დავაზუსტოთ, რა მუხლით მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება?

– ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რაც პროკურატურამ ოფიციალურად გაავრცელა – გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით, ანუ თაღლითობით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსი არ გვაქვს, ამიტომ არ შეგვიძლია მივიდეთ და საქმის მასალები გადავამოწმოთ. ამის უფლება მას შემდეგ გვექნება, რაც დაზარალებულის სტატუს მოგვანიჭებენ. როდესაც ვამბობ, რომ ამ მუხლით არის გამოძიება დაწყებული, რა თქმა უნდა, ვეყრდნობი პროკურატურის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას.

– დაზარალებულის სტატუსის მიღებას როდის ელოდებით?

– საქმის გამოძიებიდან გარკვეული დროის შემდეგ, შეიძლება ორ დღეში არ მიენიჭოს, მაგრამ ახლო პერიოდში გამოძიებამ უნდა განახორციელოს და „იბერიასა“ და “ომეგა ჯგუფს” ეს სტატუსი მიანიჭოს. ამის შემდგე, მეტი უფლება გვექნება, რომ სამართლებრივად ჩავიხედოთ საქმეში. ამისთვის საჭიროა დაიკითხოს ლევან ყიფიანი.

– ცნობილია, რომ თქვენ არ ეთანხმებით ამ მუხლს და მოითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას?

– ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გავაკეთეთ. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ მივიდე და მორიტორინგი განვახორციელო თუ რა ხდება, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, უნდა იყო მხარე ან დაზარალებული. ამ ეტაპზე მხარე არ არსებობს, ამიტომ დაზარალებუილი არავინაა და არც დაზარალებულის სტატუსი არ გვაქვს. პროკურატურის განცხადების შემდეგ, ჩემი საჯარო პასუხი იყო ის, რომ თაღლითობით დაწყებული გამოძიება იწვევს კითხვის ნიშნებს, უფრო სწორი იქნებოდა გამოძიება დაწყებულიყო ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით. ჩვენ ვამბობთ, რეალურად იკვეთება დანაშაული, რომელიც დაკვალიფიცირებული უნდა იყოს შესაბამისი მუხლით – ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით. ასევე იკვეთება სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ გამოძიება წარიმართოს სწორად და ობიექტურად. ობიექტურად წარმათული გამოძიება ნიშნავს იმას, რომ რეალურად ვინც ამ საქმეში ფიგიურირებს, გამოვლინდნენ. გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ყიფიანი ამ საქმეში ერთგვარი მომლაპარაკებელია. რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება. მაგრამ ცხადია, რომ არსებობენ გამოძიებისთვის საინტერსო სხვა პირებიც. ჩვენი მიზანია გამოძიება ობიექტურად წარიმართოს, რათა გამოიკვეთონ ის პირები, რომლებიც ყიფიანის უკან დგანან. თაღლითობის მუხლით დაწყებული გამოძიებით კი, ნაკლებად სავარაუდოა ეს ადამიანები გამოვლიდნენ.

– ამ დრომდე 5 აუდიო ჩანაწერია გავრცელებული, ყველგან ფიგურირებს ლევან ყიფიანი. ის უკვე იმყოფებოდა პროკურატურაში დაკითვაზე. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია მის დაკითხვასთან დაკავშირებით?

– ჩვენ არ ვიცით დაკითხვის შინაარსი, რადგან არ ვართ მხარე, რომ საქმის მასალას ვეცნობოდე. მაგრამ იმ პროცედურების გათვალისწინებით, რომელიც გამოკითხვის დაწყებას და დასრულებას სჭირდება, მისი დაკითხვა სავარაუდოდ, 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან ის პროკურატურაში მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორ შეიძლება არ დაგებადოს ეჭვები და კითხვები?! როგორ შეიძლება ჩატარდეს იმ მოცულობის საგამომძიებლო პროცესი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ამ საქმეზე გამოძიება მიდის სწორად და ობიექტურად.

– აუდიო ჩანაწერების ავთენტურობა როდისთვის დადგინდება?

– ეს მტკიცებულებები არის თუ არა ფაბლიკაცია, არის თუ არა ავთენტური, რეალურად ვინ საუბრობს, ამის დადგენა ექსპერტიზას შეუძლია. ეს არ მოითხოვს დიდ დროს. ძალიან მარტივად ტარდება ამის ექსპერტიზა. შესაბამისად, თუ პროკურატურას ექნება ნება, რომ საქმე რეალურად გამოიკვლიოს, ამ მტკიცებულებაზე დანიშნავს ექსპერტიზას და პასუხს ორ დღეში მივიღებთ. ის რომ ლევან ყიფიანი არ სცემს კითხვებს პასუხს და სხვა ფიგურანტებიც გაურბიან კითხვებს, ბადებს კითხვის ნიშნებს.

– ერთ-ერთ ჩანაწერში გამოჩნდა ვანო ჩხარტიშვილი, რომელმაც აღიარა, რომ ეს შეხვედრა მართლაც შედგა. მანამდე იყო უჩა მამაცაშვილი, რომელმაც პროკურატურას აქეთ მოსთხოვა გამოძიების დაწყება…

– პროკურატურამ მანამ არ დაიწყო გამოძიება, სანამ უჩა მამაცაშვილმა განცხადება არ გააკეთა. რა თქმა უნდა გასარკვევია, ვისი ინტერესებიდან გამომდინარეა დაწყებული გამოძიება.

– ანუ პროკურატურამ უჩა მამაცაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება?

– პროკურატურიდან ოფიციალური განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, როდესაც უჩა მამაცაშვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. მანამდე პროკურატურას განცხადება არ გაუკეთებია. ბუნებრივია, ეჭვი მაქვს, რომ პროკურატურას შესაძლოა არ უნდოდეს რეალური დაზარალებულის გამოკვეთა.

– ფიქრობთ, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას, რათა რეალური დაზარალებული არ გამოვლინდეს?

– ყველა პროფესიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იურისტს მოეთხოვება რომ იყოს კონკრეტული. აქედან გამომდინარე, ვარაუდების საფუძველზე ვინმეს ბრალს ვერ დავდებ. მაგრამ, ის რომ ამის ალბათობა არის მაღალი, ამას არ გამოვრიცხავ. ეს ალბათობა რამდენად რეალურია, გამოძიება უნდა დაადგინოს.

– ჩანაწერში გაჟღერდა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. აქამდე მისი სახელი და გვარი არ ფიგურირებდა. კონკრეტულად ივანიშვილის საკითხზე „იბერიას“ რა პოზიცია აქვს?

– ამაზე ინფორმირებულია ბატონი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ახლა დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ის აპირებს ამ თვის ბოლოს საქართველოში ჩამოვიდეს. ასევე აპირებს პროკურატურაში მივიდეს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამიტომ, ამ და სხვა კითხვებზეც ჩვენ პროკურატურაში გავცემთ პასუხებს. არ გვინდა გამოძიებას ხელი შევუშალოთ, პირიქით გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ. გვინდა, რომ რეალურად გამოძიებამ დაადგინოს ვინ არის დამნაშავე, რათა არ გაგვიჩნდეს კითხვები.

– ზაზა ოქუაშვილისგან თქვენ გეცოდინებათ, ლევან ყიფიანსა და უჩა მამაცაშვილს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესში წილში ჩაჯდომა სურდათ?

– ზაზა ოქუაშვილთან რამდენჯერმე მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. ეს ადამიანი ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფება. როდესაც ჩამოვა საქართველოში, რა თქმა უნდა დეტალებზე გვექნება საუბარი. ამ საკითხზე საგამოძიებო ორგანოსთან გვექნება კომუნიკაცია და დამიჯერეთ, ჩვენივე ინტერესებშია, რომ საზოგადოებამ ყველაფერი ღიად იცოდეს. ამ ეტაპზე ჩვენი ერთ-ერთი ძალა არის ის, რომ მედია ამ საკითხს აშუქებს და საზოგადოება ინტერესდება.

– რომ დავაკონკრეტოთ, თქვენ ითხოვთ ლევან ყიფიანის, უჩა მამაცაშვილის ანზორ ჩუბინიძისა და იმ პირების დაპატიმრებას, ვინც აუდიო ჩანაწერში ფიგურირებენ?

– მე ვარ იურისტი და თითეულ ფრაზას ვუფრთხილდები. დაპატიმრება სიტყვა რამდენად სწორია, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. პირველ რიგში მე ვითხოვ, რომ გამოვლინდეს – ვინ არის ამ საქმით დაიტერესებული. შესაბამისად, ვინც გამოიკვეთება დანაშაულთან დაკავშირებით, იმ კონკრეტული ადამიანების შემდგომ პასუხისმგებლობის დაყენებას მოვითხოვ. ტერმინ პატიმრობას რაც შეეხება, ზოგი მუხლი პატიმრობას ითვალისწინებს, ზოგი ჯარიმას ითვალისწინებს და ზოგი პირობით სასჯელს ითვალისწინებს. მე პერსონიზირებას არ მოვახდენ, რადგან ეს ადამიანები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. „ომეგა ჯგუფი“ მზად არის გევრდით დაუდგეს პროკურატურას, რათა ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება მოხდეს.