გია აბაშიძე – საქართველოს პრეზიდენტი სავარაუდოდ, მეორე ტურში გამოვლინდება
გია აბაშიძე – საქართველოს პრეზიდენტი სავარაუდოდ, მეორე ტურში გამოვლინდება

A+ A-

02:07 13/10/2018

ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო მარათონსა და საპრეზიდენტო კანდიდატების შესაძლო შანსებზე, ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრობს.

– ბატონო გია, ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების რეჟიმშია. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მეექვსედ ტარდება. რით განსხვავდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წინა არჩევნებისაგან, გარდა იმისა, რომ მომავალ პრეზიდენტს უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შეკვეცილი ექნება. რა თავისებურებებით ხასიათდება 28 ოქტომბრისათვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები?

– ამ საპრეზიდენტო არჩევნებისადმი სექტემბრამდე, საზოგადოებრივი ნიჰილიზმი იგრძნობოდა. თუმცა, ბოლოდროინდელმა ვნებათაღელვამ კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურმა ტურბულაციებმა, როგორიცაა ზოგიერთ სასულიერო იერარქთა დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილთან, ამ უკანასკნელის მიერ აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა, ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულმა წინააღმდეგობით აღსავსე ამბებმა თუ ხორბლის იმპორტიორი ასობით მძღოლის პროტესტმა, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აწია.

თუ ივნისში, როდესაც მმართველი პარტიის კანდიდატიც კი არ ვიცოდით, NDI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 74%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი ვის მისცემდა ხმას. ვფიქრობ, ეს ციფრი შეცვლილია და გადანაწილებულია სხვადასხვა კანდიდატებზე.

მიმაჩნია, რომ მმართველი გუნდის მოლოდინი, პარტიის დომინირების თავიდან აცილების მოტივით, არ დაესახელებინა საკუთარი კანდიდატი და მხარი დაეჭირა დამოუკიდებლისათვის, მეტწილად არ გამართლდა. არც ადგილობრივ და არც უცხოელ დამკვირვებლებს თუ ანალიტიკოსებს ამის არ სჯერათ. რა შედეგი მოიტანა ამ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის წარმოდგენამ? – გაჩნდა ფართოდ გავრცელებული აღქმა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ წარადგინა რა ბიძინა ივანიშვილი [ჩანს, რომ მას არ სურს პრეზიდენტობა], ვერ გარისკა საკუთარი რიგებიდან სხვა კანდიდატის დაყენება. ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით, თუ რა შედეგით დასრულდება საპრეზიდენტო რბოლა. მმართველი პარტია მკაფიოდ დაინახავს ამომრჩეველთა განწყობას, რაც ერთგვარი ტესტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამასთან, გაჩნდა სხვაგვარი აღქმა – „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის გარეშეც შეუძლია პოლიტიკური “საჭეთმპყრობელობა” და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაიკავებს ამ პოსტს. ასე რომ, გვაქვს ის, რაც გვაქვს. პოლიტიკური ტემპერატურა მომატებულია და ამომრჩეველი თავის სათქმელს იტყვის.

– 6 წლიანი მმართველობის შემდეგ, როგორ ხვდება „ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებს? აქვს თუ არა მმართველ გუნდს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც 2012, ან თუნდაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჰქონდა.

– კიდევ უფრო შემცირებული რეიტინგი, რასაც ზაფხულში ჩატარებული საერთაშორისო პოლიტიკური კვლევაც ადასტურებს, ვგულისხმობ NDI-ის. დავუმატოთ ამას, როგორც გითხარით, ბოლო დროს ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად მოქმედი მოვლენები. სახეზე გვაქვს საზოგადოებასთან წინასწარ შეუთანხმებლად გარკვეულ რეფორმათა განხორციელების მცდელობა და შემდეგ შერბილება – “რევერსი”. საკმაოდ მძიმეა ბრალდებები ამჟამინდელ და ყოფილ მაღალჩინოსანთა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებსა და ბიზნეს-ზეწოლაზე, რაც დაუყოვნებლივ და სრულყოფილ პასუხებს საჭიროებენ. მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიუხედავად, თანამოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური შეჭირვების შეუჩერებლობა და ეს, ცხადია, აისახება მხარდამჭერთა შემცირებაზე. არსებობს ამომრჩეველთა გაუცხოება მოქმედი პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ. ჩნდება იმის საჭიროება, რომ პოლიტიკურ ელიტებში უწინარესად, მმართველ გუნდში მოხდეს გადახალისება. ჩემი შეფასებით, ელექტორატის დაკვეთაა ახალი პიროვნებების და არა სახეების ასპარეზზე გამოჩენა. ჩვენში ბევრი მიეჩვია და თავად ადრესატებიც ვერ აცნობიერებენ, რომ იყო ცნობილი სახე და არა პიროვნება, შეურაცხმყოფელია.

– საპრეზიდენტო არჩევნებში საკმაოზე ბევრად მეტი კანდიდატი მონაწილეობს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 2018 წლის არჩევნების შედეგი არაპროგნოზირებადია, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ამ არჩევნებზე ელექტორატის პასიურობის გამო, მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი იქნება.

– ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ვერ ვიტყვი, რომ ელექტორატი იქნება პასიური. გაღიზიანებული ამომრჩეველი სახლში არ ზის, მიდის საარჩევნო ყუთთან. ან ვიღაცას შემოხაზავს, ან ყველას გადახაზავს. შედეგი კი არაპროგნოზირებადია. მე პირადად, ველი მეორე ტურს.

– თქვენი აზრით, როგორ წარმართავენ კანდიდატები საარჩევნო კამპანიას? როგორია მათი დაპირებები? ბევრი საუბრობს იმაზე, რომ კანდადატები დაპირებების ნაწილში, ბევრად სცდებიან პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების საზღვრებს.

– კანდიდატთა პოპულისტური დაპირებები საკმაოდ შესამჩნევია. ამომრჩეველმა კი იცის, რომ შემდეგი პრეზიდენტი ახალი უფლებამოსილებით შეზღუდულია, მაგრამ კონკრეტულად როგორ, ამის ახსნა ფართოდ არ ხდება. მოდით დავკონკრეტდეთ, თუ რა შეუძლია ახალ პრეზიდენტს რომელიც, როგორც ეს საპარლამენტო რესპუბლიკებშია, სიმბოლური ფიგურა ხდება – შეზღუდული უფლებამოსილებებით და არბიტრის ფუნქციით საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის. რის გაკეთება შეუძლია დამოუკიდებლად პოლიტიკური თანამდებობის ამ უმაღლეს პირსა და მთავარსარდალს, სახელმწიფოს მეთაურს? ესენია: სახელმწიფოს სახელით, კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რაც უკვე დიდი ხანია გვაქვს; 15-წევრიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნა; ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში მონაწილეობის მიღება; მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა; მსჯავრდებულთა შეწყალება; სახელმწიფო, სამხედრო ჯილდოების და პრემიების, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭება; წელიწადში ერთხელ, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენა პარლამენტში.

პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ისედაც არ აქვს 2013 წლიდან. 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით არანაირი გავლენა არ აქვს მთავრობაზე. დიახ, პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე პრეზიდენტი ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობის ხელმძღვანელს ნდობას გამოუცხადებს პარლამენტი. მაგრამ თუ საქართველოს პრეზიდენტი პრემიერს არ დანიშნავს, ის მაინც დანიშნულად ჩაითვლება. ამასთან, დღემდე მოქმედი რეგულაციით, პრეზიდენტს უფლება ჰქონდა მთავრობისთვის რაიმე საკითხი განსახილველად წარედგინა და მთავრობის სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა მოეთხოვა. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ასეთი ჩანაწერი აღარ არის. დანარჩენი ყველა სხვა უფლებამოსილება თანხმდება პარლამენტთან, ანდა მთავრობასთან.

ვშიშობ, რომ „დიადი რეფორმებით“ გამსჭვალულმა კანდიდატებმა ეს ან არ იციან, ანდა მიზანმიმართულად “აფრქვევენ” მასშტაბურ ცრუ დაპირებებს. პრეზიდენტის ახალი უფლებამოსილებების დეტალურად ახსნით თქვენთანაც და სხვა საჯარო პლატფორმებიდან, ვცდილობ განვუმარტო ამომრჩევლებს, თუ რამხელა შეცდომაში შეჰყავთ ისინი ზოგიერთ კანდიდატს. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო კანდიდატების უმთავრესი ამოცანაა დაეხმარონ თანამოქალაქეებს არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტის მნიშვნელობის გააზრებაში და მაქსიმალურად ჩართონ ისინი აქტუალური ეროვნული საკითხების ფართო დისკუსიებში და არა მხოლოდ კრიტიკული რიტორიკისა და ყალბ დაპირებათა მოსმენაში.

– რაც შეეხება კანდიდატების შანსებს, რომელ კანდიდატს აქვს გამარჯვების შანსი და მეორე ტურის შემთხვევაში, ვინ შეიძლება ვიხილოთ არჩევნების მეორე ტურში?

– არსებული ვითარებიდან სავარუდოდ, გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება. ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, ქალბატონი ზურაბიშვილის კონკურენტი მეორე ტურში, მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. თუმცა, ვხედავთ, მმართველ პარტიას არ სურს, რომ ნაცმოძრაობა იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა. შევხედოთ ასევე იმასაც, თუ რამდენად მოახერხებენ „ევროპული საქართველო“ და ნაცმოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის შუამდგომლობით დადებული „თავდაუსხმელობის პაქტის” დაცვას. გვესმის, რომ სახელისუფლებო პარტიის სურვილია, პირველივე ტურში გაიმარჯვოს სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა საზოგადოებაში არსებული განწყობები არ მაძლევს ამის თქმის საშუალებას. საკუთარი, სხვა კანდიდატურა რომ წამოეყენებინა „ქართულ ოცნებას“, როგორც ეს კახი კალაძის შემთხვევაში იყო მერის არჩევნებზე, ასეთი სკეპტიციზმი არ იქნებოდა პირველ ტურზე.

– საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ახლავს კომპრომატების ომი და გარკვეული ინტრიგები. ბოლო ინციდენტი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ცესკოში წარდგენილ სიებსა და ამ სიებში პრემიერ ბახტაძის ხელმოწერას უკავშირდება. საქმეს პროკურატურა სწავლობს და ჯერ არ ვიცით რა დანაშაულთან გვაქვს საქმე. ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემაც… როგორ ფიქრობთ, რომელი მხარის არგუმენტებია დამაჯერებელი? – შესაძლებელია თუ არა ამან, წინასაარჩევნო პროცესზე იმოქმედოს?

– დაველოდოთ პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რომელიც იმედია, მალე გასცემს შეკითხვებზე პასუხს. როგორც ვიცით, 2012 წლის არჩევნებამდე, მამუკა ბახტაძე ნაცმოძრაობის შემომწირველთა სიაში გახლდათ. ეს მან თავადაც თქვა, რომ მისი ანგარიში იმ დროს ტექნიკურად გამოიყენეს. ბუნებრივია, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არის მისი პირადი მონაცემები და სავარაუდოდ, ეს მონაცემები მექანიკურად მოხვდა მაჭუტაძის თუ პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისათვის“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველოს“ თუ ნაცმოძრაობის სხვა სატელიტური პარტიის მონაცემთა ბაზაში. ის უბრალოდ გადაწერეს, როგორც ე.წ. მხარდამჭერი, როგორც შესაძლოა ბევრი სხვა. თუ გაყალბებულმა ხელმოწერებმა 20% გადააჭარბა, სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის წამოყენების ლეგიტიმურობა და საკმაოდ რეზონანსული სკანდალი იქნება. არ მგონია, რომ იმ სიების შემდგენლებს ბოლომდე დაეკარგოთ ანალიზის უნარი. თუ, ცხადია გამიზნულ პოლიტიკურ საბოტაჟს არ ეწევიან. იმედი ვიქონიოთ, რომ სიების ამ გაურკვევლობას გამოძიება მალე დაადგენს.

– არასამთავრობო ორგანიზაციები მონიტორინგს უწევენ ცესკოს მუშაობას. მათ აქვთ პრეტენზიები და ამას თავიანთ ანგარიშებშიც ნათლად ასახავენ. მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტრომა ეკა გიგაურმა სატელევიზიო გამოსვლაში ცესკოს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ცესკოს მიმართ ნდობა ნელ-ნელა კლებულობს, კომისიებში ნეპოტიზმს აქვს ადგილი და რომ ადამიანები ნათესაური ნიშნით ინიშნებიან. ოპოზიციის მიმართ კი, ვებ გვერდებისა და სოც ქსელების მეშვეობით მიზანმიმართული პროვოკაციული კამპანიები მიმდინარეობს.

– დიახ, ცოტა ხნის წინ, ცესკოს, უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ეს კარგია, აჩვენებს იმას, რომ ცესკო ღიაა და მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს მის მწვავე მაკრიტიკებელ სუბიექტებთან, რომლებიც მუდმივად აპელერებენ იმაზე, რომ პროცესი არა არის ტრანსპარენტული.

მინდა შეგახსენოთ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელის უილიამ სუინისა და პრემიერ ბახტაძის ამ რამდენიმე დღის წინათ გამართულ შეხვედრაზეც. ვაშინგტონში, ბატონმა სუინიმ დადებითად შეაფასა რა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და განაცხადა: საქართველოს აქვს დემოკრატიის საკმაოდ საამაყო ტრადიცია, ამომრჩევლებს აქვთ საშუალება იყვნენ გაგონილნი და მათი ხმა იყოს დათვლილი და ამაში, ცესკომ შესანიშნავად იმუშავა და მოლოდინს აკმაყოფილებს. მისი აზრით, ჩვენ ქვეყანაში ხმებს სწორად და სამართლიანად ითვლიან.

საინტერესო იქნება სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციათა შეფასებები და მიგნებები. ცხადია, მოსალოდნელი ხარვეზების წარმოჩენაც, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. პირადად მე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ მოქმედი ზოგიერთი ადგილობრივი ორგანიზაცია გარკვეულ ხარვეზებს მასშტაბური პრობლემების სახით გვიხატავს. მაშინ როდესაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც აქაც მუდმივად აქვთ „თვალი და ყური“, ვერ ხედავენ ასე ვთქვათ, სისტემურ ჩავარდნებს და მიგვითითებენ ცალკეულ ნაკლოვანებათა გამოსწორებაზე.

რაც შეეხება სოცქსელებსა და ინტერნეტ-სივრცეში მიმდინარე პროვოკაციულ პოლიტიკურ კამპანიებს. ამაზე კონტროლის სადავეები ცესკოს კომპეტენციაა და არ იყენებს ბერკეტებს თუ როგორ? გაუგებარია ეს ბრალდებები. როცა გლობალურად, ინტერნეტ-სივრცეში დონალდ ტრამპიდან დაწყებული დამთავრებული გურამ კაშიათი, ისეთი მასშტაბის ანტაგონისტური კამპანიები და უმწარესი სარკაზმი და ბულინგია, რომ შეუძლებელია ტექნიკურად აღკვეთო. არსებობს გარკვეული სამართლებრივი ბერკეტები, თუმცა ნაკლებად ეფექტური. საინტერესო იქნება სტატისტიკისათვის, ვის მიმართ უფრო მეტი ანტაგონისტური და უხამსი ინტერნეტ-კამპანიებია – ივანიშვილის [არ მსმენია „ოცნებიდან“ ამის აღკვეთის მოთხოვნა] თუ ოპოზიციის მიმართ?..

– უწყებათაშორისი კომისია დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ დატოვეს. ამასთან, 14 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უწყებათაშორის კომისიას უნდობლობა გამოუცხადეს. როგორ აფასებთ მათ ამ გადაწყვეტილებას?

– სამწუხაროდ, არ დავკავდები მხარეთა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების შეფასებით, ვგულისხმობ იუსტიციის მინისტრ წულუკიანსა და ხსენებული პარტიების წარმომადგენლებს. ისევ პრემიერ ბახტაძის აშშ-ში ვიზიტს თუ მივუბრუნდებით, სადაც ის ასევე შეხვდა NDI-ის ხელმძღვანელს დერეკ მიტჩელს, სადაც წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს, სწორედ ამ უწყებათაშორისი კომისიის მნიშვნელობაზე იყო საუბარი. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მეშვეობით ეს პრობლემა მალე მოგვარდება. წინააღმდეგ სემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო ანგარიშებში, ამ არჩევნების შეფასებას გარკვეული „საგამოცდო ქულები მოაკლდება“.