ლინკოლნ მიტჩელი – საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები საინტერესო არ არის
ლინკოლნ მიტჩელი – საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები საინტერესო არ არის

A+ A-

02:02 13/10/2018

ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას არ ელის და აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში, საქმე გვაქვს უცნაურ არჩევნებთან, რომელიც არც ქვეყნის შიგნით იქცევს დიდ ყურადღებას და არც მის საზღვრებს გარეთ.

მიტჩელი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის “ჰარიმანის ინსტიტუტის” ასოცირებული პროფესორია, 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ბიუროს დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში. 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს კოალიცია “ქართული ოცნების” მრჩეველი იყო.

„2020NEWS”-თან მან საპრეზიდენტო კანდიდატების შანსები შეაფასა:

– მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” მიერ, საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დიდი სიურპრიზი არ ყოფილა, ეს მაინც საინტერესო გადაწყვეტილებაა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილი ძალიან კომფორტული ფიგურაა დასავლურ დიპლომატიურ სისტემაში. ეს ალბათ, მისი ძლიერი უნარია, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, ძალიან სასარგებლო იქნება. ზურაბიშვილი თითქმის აფილირებულია “ქართულ ოცნებასთან”. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის უბრალოდ, პარტიული ან არაპარტიული იქნება, მაგრამ მიგვანიშნებს, რომ ზურაბიშვილი არ არის არაპარტიული ფიგურა.

– და ამის გათვალისწინებით, როგორი იქნება ეს არჩევნები?

– უცნაური არჩევნებია, რაც დიდ ყურადღებას არც საქართველოში იქცევს და არც მის ფარგლებს გარეთ.

– სხვა კანდიდატების შანსებზე რას იტყვით?

– რამდენიმე პოტენციურად ძლიერი კანდიდატი გყავთ – დავით ბაქრაძე უკვე დიდი ხანია, წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი და კომპეტენტური წარმომადგენელია. დავით უსუფაშვილი – საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ტვინია. სხვა კანდიდატებსაც ჰყავთ თავისი ამომრჩეველი. თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ზურაბიშვილს გამარჯვების ძალიან კარგი შანსი აქვს. არ ველი ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას, ან ვინმეს მიმართ საზოგადოებრივი აზრის მკვეთრ ცვლილებას.