"რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში"
"რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში"

A+ A-

17:56 30/09/2021

"ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ტელეკომპანიაზე მორიგ, დაჩქარებულ ტემპით შეტევას "ედისონ რისერჩის" ბოლო კვლევას უკავშირებს, რომელშიც გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს.

როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ტელეკომპანიას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, არჩევნების დღეს ეგზიტპოლი მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში.

"ორშაბათს "ფორმულას" ეთერში გავიდა ედისონ რისერჩის მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა ის, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა "ფორმულასა" და მის დამფუძნებელზე.

ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია "ედისონ რისერჩის" წარმომადგენლებთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სულ რომ დღეს ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი ან მოხდეს სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში", - განაცხადა გუმბარიძემ.

ის მოუწოდებს აშშ-ის საელჩოს, გაატარონ ყველანაირი პრევენციული ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს ზეწოლა ეგზიტპოლის ჩამტარებელ კომპანიაზე, მათ ამერიკელ თუ ქართველ თანამშრომლებზე.

მისივე თქმით, ეს ფაქტი არის ნაწილი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული კამპანიისა, რასაც ახორციელებს ხელისუფლება უკანასკნელ პერიოდში და როგორც ჩანს, "ეს ქმედებები ფინალურ ფაზაში შედის".

არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ "ფორმულას" მფლობელის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.