IMF-მა ეკონომიკური აღდგენის მოლოდინები გაზარდა
IMF-მა ეკონომიკური აღდგენის მოლოდინები გაზარდა

A+ A-

21:04 07/04/2021

სამშაბათის ამბები
1.    აშშ-ის ბაზრები რეკორდული დღის შემდეგ ნეიტრალურ ზონაში დაიხურა
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    IMF- მა ეკონომიკური აღდგენის მოლოდინები გაზარდა
4.    ჯენერალ მოტორსის (GM) ამბიციები EV ბაზარზე

აშშ-ში ბაზრები რბოლას წყვეტენ
ამერიკული საფონდო ბაზარი ორშაბათის სარეკორდო დღის შემდეგ დამშვიდდა. მრუდმა დღის ბოლოს ჰორიზონტალური სახე მიიღო, სესია კი მცირე სიახლეების ფონზე დაიხურა. შეწყდა S&P 500 სამდღიან მოგებათა სერია, Nasdaq-მა კი დილის მოგებები მოგვიანებით მოისაკლისა იმის მიუხედავად, რომ Illumina-ს (ILMN) და Peloton-ს (PTON) დიდი დღე ჰქონდათ - თითოეულმა, შესაბამისად, 7,8%-ითა და 5,7%-ით მოიმატა. აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა კვლავ ეცემა: 10-წლიან ქაღალდზე იგი 1,65%-ს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რამდენიმე მსხვილ ეკონომიკაში დიდი მოცულობის ფისკალური მხარდაჭერა და წარმატებული ვაქცინაცია გაშვება აღმავლობას აჩქარებს, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ სიტუაცია ,,ძალზე ბუნდოვანია’’ ვირუსის ახალი შტამებისა და ზოგიერთ ქვეყანაში ინფექციურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით.

კალიფორნიამ, აშშ-ს ყველაზე დასახლებულმა შტატმა და სიდიდით მეხუთე ეკონომიკამ მსოფლიოში, განაცხადა, რომ 15 ივნისს ბიზნესის სრული გახსნისთვის ემზადება. კორონავირუსის საშუალო ყოველდღიური შემთხვევები, რომელიც იანვარში 40,000-ს აჭარბებდა, ამჟამად დაახლოებით 2,000-მდე დაეცა, ტესტის პოზიტიური მაჩვენებელი კი 1,6%-ია, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბალია. ,,ოქროს შტატმა’’ 2020 წელს ათობით მილიარდი დოლარი დაკარგა, ახლა კი, როგორც ყველა სხვა სახელმწიფო და მსხვილი ეკონომიკა, მოუთმენლად ელოდება მოგებით მის ამოღებას.


გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
●    Illumina-მ განაცხადა, რომ 1-ლ კვარტალში მისი გაყიდვები $1 მლრდ-ს გადააჭარბებს. ამას წინასაბაზრო ვაჭრობაში აქციების 10%-იანი ზრდა მოჰყვა. ამით ბიოტექნოლოგიური კომპანიისთვის წლიური 26%-იანი მატება და კვარტლური რეკორდი დაფიქსირდება. შესაბამისად, მან 2021 წლის საშემოსავლო ფსონები 25-28%-მდე ასწია.
●    BlackRock, აქტივების უდიდესი ამერიკული მენეჯერი (იგი $8,7 ტრლნ-ს განკარგავს), აქციონერის თხოვნის საფუძველზე თავისი ოპერაციების დამოუკიდებელი რასობრივი აუდიტის გავლას გეგმავს. BlackRock -ს მემორანდუმის თანახმად, იგი აუდიტს 2022 წლიდან შეუდგება.
●    აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Google-ს Oracle-ის საავტორო უფლებები არ დაურღვევია, როდესაც მAndroid OS-ის შესაქმნელად Java API-ს კოდი გამოიყენა. API-ები დეველოპერების მიერ უნივერსალური ენის რანგში გამოიყენება, რომელიც პროგრამების ერთმანეთთან ურთიერთობას ითვალისწინებს. ამ ფონზე, Oracle-ის გამარჯვება პროგრამულ ინდუსტრიაში შესამჩნევ ძვრებს მოახდენდა.
●    საკონტრაქტო წამლის მწარმოებელი Catalent აშშში Moderna-ს კოვიდ-ვაქცინის წარმოებას თითქმის აორმაგებს. Wall Street Journal-ის მიხედვით, ახლანდელი მოცულობა წუთში დაახლოებით 400 ფლაკონს უტოლდება. ეს გაფართოება Moderna-ს მიზნის შესრულებაში დაეხმარება, რათა მაისის ბოლოს აშშ-ს დამატებით 100 მილიონი, ივლისის ბოლოს კი ამდენივე დოზა მიაწოდოს.
●    Yahoo 4 მაისს თავის Q&A პლატფორმას, Yahoo Answers-ს პოპულარობის შემცირების გამო ხურავს. ეს უკანასკნელი 2005 წელს დაარსდა, როგორც ინსტრუმენტი ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუმცა რეგულაციების არარსებობის გამო, მან საბოლოოდ ფორუმის სახე მიიღო, რომელზეც უამრავი არასანდო და არაფაქტობრივი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ბოლო წლებში Google-ის პირველ საძიებო გვერდებზე მან პოზიციები Quora-სთან დათმო. ინტერნეტის მომხმარებლებისთვის, რომელიც პლატფორმას 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან დღემდე მოჰყვებიან, ეს ეპოქის დასასრულია.

ევროპული ბირჟები Covid-19-ის წინააღმდეგ

სააღდგომო უიქ-ენდიდან დაბრუნებული ევროპელი ინვესტორების ოპტიმიზმი ახალ ძალებს იკრებს. STOXX Europe 600-ის ინდექსი, რომელიც 17-მდე ქვეყანაში (მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოში) მსხვილ, საშუალო და მცირე კაპიტალიზაციის კომპანიებს აერთიანებს 17 ქვეყანაში, დაახლოებით 0,84%-ით გაიზარდა და რეკორდულ, 435 პუნქტზე დაიხურა. ყველაზე მომგებიან აქციებს შორის ფინანსური და სამომხმარებლო ციკლური სექტორები მოხვდნენ, რაც მიუთითებს, რომ ბაზრები ფსონს მყარ ეკონომიკურ აღდგენაზე ჩამოდიან. ბოლო კვირის განმავლობაში ინდექსი 1,21% -ით გაიზარდა, წლევანდელი ნამატი კი თითქმის 10%-ს შეადგენს.

სამშაბათის სესიის მთავარ დრაივერად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადება მოგვევლინა, რომელმაც მომდევნო კვირაში შემზღუდველი რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დაადასტურა. ამ დროისთვის, ერთჯერადი აცრა ქვეყანაში 31 მლნ-ზე მეტ ადამიანს ექნება გავლილი. ,,ორშაბათიდან, 12 აპრილიდან, მაღაზიები, სპორტული დარბაზები, ზოოპარკები, საარდადეგებო ბანაკები, საპარიკმახეროები და რა თქმა უნდა, ლუდის პაბები გაიხსნება’’, ამბობს ჯონსონი, - ,,ამ დღეს მე თვითონ წავალ პაბში და პინტას გადავკრავ’’. კარგი სიახლეების ფონზე აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო მიმოსვლა ჯერჯერობით კვლავ შეზღუდულია. აკრძალვა მინიმუმ 17 მაისამდე გაგრძელდება. და შეიძლება გაგრძელდეს მასზე მეტს.

1 აპრილით დათარიღებულ მემორანდუმში, რომელსაც Bloomberg აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ევროკავშირი მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის იმუნიზაციისთვის საკმარისი ვაქცინის მარაგს ივნისის ბოლოს ელოდება. დოკუმენტის თანახმად, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ნიდერლანდები მთლიანი მოსახლეობის 55%-ზე მეტს სრულად აცრიან, მიუხედავად იმისა, რომ AstraZeneca-ს ინექციასა და თრომბის წარმოშობას შორის კავშირის შესახებ გარკვეული სპეკულაციები არ წყდება. ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) მაღალჩინოსანმა იტალიურ პრესას განუცხადა, რომ ვაქცინასთან კავშირი აშკარაა, მაგრამ ზუსტი მიზეზი ჯერ დაუდგენელია.

4,4 მლრდ შვეიცარული ფრანკი ($4,7 მლრდ)

სწორედ ამდენი დაკარგა Credit Suisse-მა Archegos Capital-ის ნაჩქარევი გაყიდვისგან. ბანკის განცხადებით, ამას 2021 წლის 1-ლ კვარტალში წინასაგადასახადო ზარალის სახით კიდევ 900 მლნ შვეიცარული ფრანკი მოჰყვება. საგულისხმოა, რომ 2020 წელს კომპანიის მთლიანმა წმინდა შემოსავალმა $2,3 მლრდ ფრანკი შეადგინა. Archegos Capital-ის, ბილ ჰუანგის კუთვნილი საინვესტიციო ფირმისგან გამოწვეული დარტყმა ამით არ ამოიწურება. საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი და რისკისა და მონიტორინგის ოფიცერი პოზიციებს დაუყოვნებლივ ტოვებენ, აღმასრულებელი საბჭო კი 2020 წლის ფულად ბონუსებზე უარს ამბობს.

ეს საგა ზოგად შეშფოთებას იწვევს იმის შესახებ, თუ როგორ მართავენ ბანკები რისკებს თავიანთ მთავარ საბროკერო ბიზნესში. მათ ჰვანგი კლიენტად მიიღეს იმის მიუხედავად, რომ 2012 წელს ამ უკანასკნელის მიერ ინსაიდერული ვაჭრობის გამო სასამართლოში საქმე აღიძრა. იაპონური Nomura Holdings კიდევ ერთი საბროკერო კომპანიაა, რომელმაც ჰვანგის პოზიციების ლიკვიდაციის გამო მილიარდობით დოლარი იზარალა. CNBC-ს თანახმად, Goldman Sachs-მა და Morgan Stanley-მ მნიშვნელოვანი დარტყმის თავიდან არიდება სხვებზე ადრე გაყიდვებით მოახერხეს.

ამ ამბავმა ასევე ათასობით საოჯახო ოფისის გარშემო რეგულაციური მექანიზმების ნაკლებობის საკითხი ამოატივტივა. ეს ფირმები საზოგადოებისგან ფულს არ ითხოვენ, მაგრამ Campden Research-ის თანახმად, მათ 2019 წელს ჯამში $6 ტრლნ-ის მოგროვება შეძლეს. ეს ასევე შედარებით ახალი კონცეფციაა - UBS-ის კლიენტი საოჯახე ოფისების ორ მესამედზე მეტი (69%) ბოლო 20 წლის განმავლობაში დაფუძნდა. ნედლეულის ფიუჩერსების ვაჭრობის (CTFC) კომისარმა დენ ბერკოვიცმა კონტროლის გამკაცრებაზე ისაუბრა და ასევე განაცხადა: ,,ამ ოჯახებს საერთო არაფერი აქვს - ჩვენეული გაგებით, - ოჯახებთან. უფრო მეტად, ეს არის საინვესტიციო მანქანა, რომელსაც ცენტიმილიონერები და მილიარდერები თავიანთი ქონების გაბევრების, ნაკლები გადასახადისა და უძრავი ქონების განკარგვისთვის იყენებენ’’.

General Motors-ის ელექტრონული მომავალი

General Motors თავისი მიზნისაკენ, - 2035 წლისთვის მთლიანად ელექტრომობილების ავტოფარეხზე გადასვლა, - კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ელექტრონული მანქანების წარმოების მოცულობა და ტემპი სულ უფრო იზრდება.

კომპანიამ სამშაბათს განაცხადა, რომ დეტროიტში ელექტრონული ძრავის Chevrolet Silverado-ს დამზადებას იწყებს. ასევე, GM $2,2 მლრდ-ს აბანდებს ობიექტში, სახელწოდებით ,,Factory ZERO’’, სადაც წლის ბოლოსთვის ელექტრონული GMC Hummer ტიპის პიკაპი აიწყობა.

ბუნებრივია, მას მძაფრ კონკურენციას უწევს Ford, რომელიც ამჟამად მისი F-150-ის ელექტრონული ვერსიის გამოშვებაზე მუშაობს. Tesla-ს Cybertruck-ის წარმოების დაწყება წლის ბოლოსთვის იგეგმება, უფრო ადრე კი Rivian-ის R1T-ის პრივატულ მოდელს ვიხილავთ.