სახალხო დამცველი ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

A+ A-

19:33 07/04/2021

სახალხო დამცველი მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"2021 წლის 7 აპრილს მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიტანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2021 წლის 11 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას (მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს) ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით გადმოსვლის საშუალება მიეცა. თითქმის ერთწლიანი გადაადგილების თავისუფლების სრული შეზღუდვის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი გალელი თანამოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათი იყო. თუმცა, ამან არსებითად ვერ შეცვალა უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა, ვინაიდან გადაადგილების შესაძლებლობა, მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს შეეხო. ამავდროულად, გადმოსვლის მსურველ ადამიანებს სირთულეებს უქმნის ასევე 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა.

დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა, 2 უბედური შემთხვევა, როცა ადამიანები საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობდა.

გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს ადასტურებს, ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე რადიკალურად შემცირებული გადაადგილების დღიური  სტატისტიკაც.  როდესაც  ზემოაღნიშნული გადასასვლელი სრულად არის გახსნილი, დღიურად  დაახლოებით 1400-1500 ადამიანი სარგებლობს. ხოლო დღესდღეობით ეს რიცხვი 20-30-მდე შემცირდა.  

უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის, ენგურის ხიდი  განათლებასთან, სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიასთან,  ნათესავებთან და ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტებით ოკუპირებულ ძალებზე გადმოსასვლელი პუნქტის მთლიანად მოსახლეობისათვის გასახსნელად და ასევე კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის ალტერნატიულ ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს", - აღნიშნულია განცხადებაში.