"პირველ ნაბიჯებს ველოდები მმართველი გუნდისგან, მაგრამ დანარჩენები ამას პატივისცემით უნდა მოეკიდონ"
"პირველ ნაბიჯებს ველოდები მმართველი გუნდისგან, მაგრამ დანარჩენები ამას პატივისცემით უნდა მოეკიდონ"

A+ A-

18:50 07/04/2021

ვალდებულება უნდა იკისროს ორივე მხარემ, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხი, ეს უფრო ფართო საკითხია და ევროკავშირისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს ეხება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა მარინა კალიურანდმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთობლივ განცხადებაში ჩვენ გავაკრიტიკეთ საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, ვინც მონაწილეობდა ევროკავშირის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში, რადგან შუამავლობას მხოლოდ ევროკავშირი ვერ შეძლებს, კომპრომისს ვერ შეათანხმებს ევროკავშირი. ბატონი დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს და ქართველი პოლიტიკოსების სახელით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ეს უნდა გააკეთონ ქართველებმა“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარის თქმით, მეტია მოლოდინია მმართველი პარტიის მხრიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არ იკისროს ვალდებულება.

„ცხადია, პირველ რიგში ჩვენ ვუყურებთ მმართველ პარტიას, პარტიას, რომელსაც აქვს ძალაუფლება და მათგან ოდნავ მეტს ელოდები, ვიდრე სხვებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არ უნდა სცეს პატივი და არ უნდა დაიჭიროს ისეთი პოზიცია, რომელიც არ გამოხატავს პატივისცემას იმის მიმართ, რასაც აკეთებს მმართველი პარტია. ასე რომ, ეს უნდა იყოს დაბალანსებული პროცესი. ვალდებულება უნდა იკისროს ორივე მხარემ. დიახ, პირველ ნაბიჯებს ველოდები მმართველი გუნდისგან, მაგრამ დანარჩენები ამას პატივისცემით უნდა მოეკიდონ და შეასრულონ შეთანხმება. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხი. ეს უფრო ფართო საკითხია და ევროკავშირისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს ეხება. ეს ეხება საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მომავალს. ეს ეხება საქართველოს ერის მომავალს“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.