ახალი ინვესტორების 75% თვითნასწავლია
ახალი ინვესტორების 75% თვითნასწავლია

A+ A-

17:29 02/04/2021

ხუთშაბათის მთავარი ამბები
1.    აშშ-ს ბაზრები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    რა შედის $2.2 ტრილიონიან პაკეტში
4.    ახალი ინვესტორების 75% თვითნასწავლია

აპრილის თვე ბაზარმა ძლიერად დაიწყო

საპირველაპრილო ხუმრობა არ ყოფილა ის, რომ უოლ-სტრიტის ბირჟებმა დღე მოგებებით აღნიშნეს. პირველად 4,000-იანი ბარიერი S&P 500-მა გაარღვია, რომელმაც სესიის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე 4,019-მდე მიაღწია. საბოლოოდ იგი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. Dow Jones Market Data-ს მიხედვით, ინდექსს 3000-დან 4000-მდე მისასვლელად მხოლდო 434 სავაჭრო დღე დასჭირდა, რაც რეკორდული დროა.
წინა დღის მსგავსად, იმძლავრეს ტექნოლოგიურმა აქციებმაც, შესაბამისად, Nasdaq 1,76%-ით გამყარდა. ინვესტორები 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ვარდნამ წაახალისა, რომელიც ამჟამად 1,7%-ზე დაბალია. ამას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შუადღისას გაკეთებული განცხადებაც დაერთო, რომელიც მორიგ $2-ტრილიონიან კანონპროექტს შეეხება. გუშინდელი დღისგან იხეირა Dow-მაც, რომელმაც 171 ქულით მოიმატა.

დღეს კათოლიკური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს, რის გამოც მსოფლიო ბირჟები დაკეტილია. ეს კვირა ამით დამთავრდა, ტრიუმფატორის წოდება კი Nasdaq-ს დარჩა, რომელმაც საბოლოოდ 2,6%-ით იმატა. S&P 500 1,1%-ით, Dow კი 0,2%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ S&P 500-ის ინდექსი ახლა 81%-ით მაღალ ნიშნულზეა, ვიდრე გასულ მარტში, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული აჟიოტაჟის დროს.
●    შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, აშშ-ში უმუშევრობის შესახებ შეტანილი განაცხადების რიცხვმა გასულ კვირას 719,000 შეადგინა. ეს წინა კვირის შესწორებულ მაჩვენებელს 61,000-ით, პროგნოზისეულ რაოდენობას კი  675,000-ით აღემატება.
●    დენის მწარმოებელ QuantumScape-ს აქციებმა წინასაბაზრო ვაჭრობაში 15%-ით იმატა მას შემდეგ, რაც Volkswagen-ისგან დამატებითი $100-მილიონიანი ინვესტიციის შესახებ განაცხადა, რაც ჯამურად $200 მლნ კაპიტალს ადგენს. გერმანულმა ავტომწარმოებელმა QuantumScape-ის ბოლო თაობის ლითიუმის ნაწილები დატესტა, რომელმაც საკვანძო ტექნიკური ფაზა გადალახა.
●    Pfizer-ისა და BioNTech-ის თანახმად, მათი კოვიდ-ვაქცინის ეფექტურობა მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ 91,3%-ით განისაზღვრება. ის უნარიანად უმკლავდება სამხრეთაფრიკული შტამის ნაირსახეობასაც, რომელზე ტესტირებაც მონაწილეთა მცირე ჯგუფში იყო. ამავდროულად, Bloomberg-ის ცნობით, Johnson & Johnson-ის ვაქცინის 15 მლნ-მდე დოზა Emergent Biosolutions-ის ქარხანაში (ბალტიმორი) შერევის გამო განადგურდა. EBS-ის აქციებმა წინასაბაზრო ვაჭრობაში 7%-ით იმატა.
●    ჩიპების მწარმოებელმა Micron-მა მე-2 კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა: მან მოლოდინებს გაუსწრო და გლობალური დეფიციტის ფონზე ამაღლებული რეკომენდაციებით იხელმძღვანელა. The Wall Street Journal-ის თანახმად, აიდაჰოში დაფუძნებული კომპანია და Western Digital ცალ-ცალკე ადგენენ გარიგების დეტალებს იაპონურ ჩიპების მწარმოებელ Kioxia Holdings-თან, რომლის შეძენაც $ 30 მლრდ-ის ფარგლებში სურთ დოლარად. ასევე, TSMC ჩიპების წარმოების შესაძლებლობების გაფართოებაში მომდევნო სამი წლის მანძილზე $100 მლრდ-ს აბანდებს.
●    სიმინდისა და სოიოს ფასები მკვეთრად იზრდება მას შემდეგ, რაც USDA-მ ამ ორი კულტურის გავრცელების მოსალოდნელზე მცირე ფართობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სიმინდის ყანებს სულ $91,1 მლნ ჰა უკავია (გასული წლის მაჩვენებელზე 1% -ით ნაკლები), ხოლო სოიო $87,6 მლნ ჰა-ზე მოჰყავთ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ ფართობს 5%-ით აღემატება.  
●    Microsoft-მა აშშ-ს არმიასთან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც $21,88 მლრდ-ს უტოლდება. ტექნოლოგიური გიგანტი ჯარისკაცებისთვის 120,000 ცალ სასმენ მოწყობილობას დაამზადებს. ,,პროგრამა უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ სიტუაციურ ინფორმირებულობას, შეტყობინების გაცვლა-გამოცვლას და გადაწყვეტილებების მიღებას”, - ნათქვამია კომპანიის ბლოგში, რომელიც პროტოტიპის ფოტოსურათს შეიცავს.
●    კვირას კათოლიკური საქრისტიანო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს, ამიტომ პარასკევ დღეს მთელ მსოფლიოში საფონდო ბირჟების უმეტესობა დაკეტილია. ეროვნული საცალო ვაჭრობის ფედერაციის მონაცემებით, ამერიკელები ჯამში $21,6 მლრდ-ს დახარჯავენ, რაც შარშანდელ წინაპანდემიურ პროგნოზს ($21,7 მლრდ) მცირედით ჩამორჩება. საჩუქრებსა და ტკბილეულზე ხარჯვის მოლოდინი, ტანსაცმელზე კი შემცირდა. ნაკლები. მიუხედავად ამისა, უფრო მეტ ადამიანს აქვს პერსონალური გეგმები, როგორიცაა ოჯახში სტუმრობა, სააღდგომო კვერცხებით თამაში (ე.წ. ,,Easter hunt’’) ან ეკლესიაში წასვლა.
ბაიდენის ინფრასტრუქტურული გეგმა
Investopedia ბაიდენის რეკონსტრუქციის მორიგ კანონპროექტს მეორე ,,ახალ კურსს’’ (,,New deal’’) უწოდებს - ანალოგს იმ პოლიტისა, რომელსაც 1933 წელს პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა დიდ დეპრესიასთან გასამკლავებლად დაუდო სათავე. დაახლოებით 90 წლის შემდეგ, ამ პოდიუმიდან ამერიკას ბაიდენი იმავე წინადადებებით მიმართავს. ადმინისტრაცია ვაქცინაციისგან გამყარებულ ნიადაგზე ინფრასტრუქტურის, წარმოების, კვლევებისა და მიწოდების სისტემაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. თებერვალში 379,000 ვაკანსია გაჩნდა, რაც 1 წლის წინანდელ რიცხვს ჯერჯერობით კვლავ 9,5 მლნ-ით ჩამორჩება.

დაახლოებით $2-ტრილიონიანი ,,ამერიკული ვაკანსიების გეგმის’’ მიხედვით, ინვესტიცია ყოველწლიურად მშპ-ს 1%-ში ჩაიდება, რაც 8 წლის მანძილზე გაგრძელდება. უფრო ვრცლად:
●    $621 მლრდ - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის
●    $111 მლრდ -  წყლის ინფრასტრუქტურისთვის
●    $100 მლრდ - ციფრული ინფრასტრუქტურისთვის
●    $100 მლრდ - ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურისთვის
●    $213 მლრდ - ხელმისაწვდომი საცხოვრებლისთვის
●    $100 მლრდ - საჯარო სკოლების განახლება-მშენებლობისთვის
●    $12 მლრდ - კოლეჯების ინფრასტრუქტურისთვის
●    $25 მლრდ - ბავშვზე ზრუნვის ცენტრებისთვის
●    $18 მლრდ - ვეტერანთა საავადმყოფოებისა და კლინიკებისათვის
●    $10 მლრდ - ფედერალური შენობებისთვის
●    $400 მლრდ - ხანდაზმულ და შშმ პირებზე ზრუნვისთვის
●    $180 მლრდ -ტექნოლოგიური კვლევისთვის
●    $300 მლრდ - ქარხნული წარმოებისთვის
●    $100 მილიარდი -  სამუშაო ძალის განვითარების პროგრამებისთვის

კორპორატიული გადასახადების ზრდა

ბაიდენის თქმით, გეგმის განხორციელებას კორპორატიული გადასახადის განაკვეთის 28%-იანი ზრდა მოჰყვება (ამჟამად 21%-ს უტოლდება), თუმცა 2017 წელს ,,გადასახადების შემცირებისა და სამუშაოების’’ აქტის მიღებამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით (35%) იგი მაინც ნაკლებია. მას აშშ-ში მულტინაციონალური კომპანიებისთვის დაწესებული გადასახადის 21%-მდე გაორმაგება სურს, რათა გაუქმდეს სუბსიდიები, სხვადასხვა ხარვეზები და სათბობი წიაღისეულის ინდუსტრიის სპეციალური უცხოური კრედიტები. Amazon-ის კორპორაცია ბაიდენმა სპეციალურად არ ახსენა - იგი ფედერალურ გადასახადებს საერთოდ არ იხდის.  

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ გეგმას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საგადასახადო ფონდის თქმით, რომ გადასახადების გაზრდისგან მიღებული სარგებელი კერძო სექტორიდან ტრილიონების ამოღებას არ გადააჭარბებს. აშშ-ს კომერციული პალატისა და ,,ბიზნესის მრგვალი მაგიდის’’ გავლენიანმა წევრებმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ეს ქვეყანასა და მის შიგნით კომპანიებს არაკონკურენტუნარიანად აქცევს. არგუმენტები არახალია, - მსგავსის მოსმენა 1993 წელსაც შეიძლებოდა, როდესაც პრეზიდენტმა კლინტონმა გადაწყვეტილება მიიღო გადასახადების გაზრდის შესახებ. მისი წვლილი 90-იანი წლების ეკონომიკურ ბუმში დღემდე დავის საგანია, რისი ანარეკლიც დღევანდელი დისკუსიაა.

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს გეგმა S&P 500-ის მოგებას შეამცირებს, რომლის ზომა სექტორის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. Goldman Sachs-ის თქმით, ,,კონგრესს შესწევს ნება იმისა, რომ კორპორატიული გადასახადი 24-25%-მდე აწიოს, თუმცა 26-28%-ის ფარგლებში ნამდვილი პოლემიკა გაჩაღდება’’.

,,მწვანე ენერგია’’
გეგმის ერთ-ერთი დიდი ნაწილი ,,მწვანე ენერგიის’’ დაფინანსება და კვლევაა, რაც ინფრასტრუქტურული განვითარების გარემოს ცვლილებაზე ადაპტირებას გულისხმობს. მაგალითად, მასში შედის ელექტრონული მანქანების წარმოებაში $174-მილიარდიანი ინვესტიცია; ,,მწვანე ენერგიის’’ გენერაციასა და შენახვაზე დაწესებული გადასახადების ეტაპობრივი გაუქმება, რომელიც 10 წლის მანძილზე გასტანს; 100%-ით ნახშირბადისგან თავისუფალი ელექტროწარმოება 2035 წლისთვის. Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლი ასევე აპირებს, გარემოს დაცვის სააგენტოს თხოვნით მიმართოს კვლევის ჩატარების შესახებ, რომელიც ელექტრომობილთა წყაროდ განახლებადი რესურსების გამოყენებას შეეხება. შეიძლება ეროვნული ბიოსაწვავის პროგრამის ეგიდით ამ განახლებადი ენერგიის სავაჭრო კრედიტებად ქცევა? - კითხვას სვამს ბაიდენის ადმინისტრაცია.   

,,მწვანე ენერგიის’’ ETF-ებში გამარჯვებულთა შორის იყვნენ: Solutions Defiance Next Gen H2 ETF, Wilderhill Clean Energy Invesco ETF, Alps Clean Energy ETF და Nasdaq Clean Edge Green Energy Index Fund FT.