"ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელია პატრიარქი"
"ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელია პატრიარქი"

A+ A-

19:43 08/03/2021

მეუფე პეტრე (ცაავა) "ფორმულასთან" საუბარში ჭყონდიდის ეპარქიაში, განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა უსამართლობაზე პასუხისმგებელია ილია II, რომელიც წლებია, ძალადობას ახალისებს.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამან მრევლისა და მღვდელმსახურების პროტესტი გამოიწვია და მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნული კრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეკრებილების მოთხოვნაა, გაირკვეს სიმართლე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ მსახურების საკითხს. პროტესტის დროს სამღვდელმთავრო რეზიდენციის აივნიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და დაშავდნენ.

მეუფე პეტრეს თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში პატრიარქმა ცაგერიდან სადამსჯელო რაზმი მიავლინა.

"პასუხისმგებლობა ყველა უკანონობაზე, უსამართლობასა და უწმინდურობაზე, რაც საქართველოს ეკლესიაში ბოლო 44 წელია, გამეფებული, ეკისრება ე.წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც ეს სადამსჯელო რაზმი ცაგერიდან მიავლინა, ადამიანი, რომლის მიმართაც ეპარქიაში უამრავი კითხვის ნიშნები იყო და არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეპარქიაში ოჯახური ხელყოფის გამო, იყო ფიზიკურად სვანებისგან შეურაცხყოფილი და საპატრიარქომ არ განიხილა ეს საკითხი, ისეთი ადამიანი გააგზავნა უკანონო ჭყონდიდის ეპარქიაში, რომელმაც ამ პრობლემის გაღვივება გამოიწვია და გამოიწვია დღევანდელი მძიმე შედეგი", - აღნიშნავს მეუფე პეტრე.

მეუფე პეტრეს თქმით, ილია II არის მოძალადე და ერში როგორც სიკეთე, ასევე ძალადობაც გადამდებია.

ჭყონდიდის ეპარქიაში კი მეუფე პეტრეს ნაცვლად წალკის ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი გადაიყვანეს. 12 თებერვალს, წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიაში გადაყვანილი მეუფე გრიგოლი კვლავ წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად დაბრუნდება. განჩინების მიხედვით, მის ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვრად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე დაინიშნა.

გუშინ, 7 მარტს ქადაგებისას მიტროპოლიტმა სტეფანემ მეუფე პეტრე წილისწამებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მასთან სასულიერო პირები მიდიან, "ვიდეოებს ატრიალებენ" და პატრიარქს ბრალს უყენებენ.

"ახლა მე ეპარქიაში უკვე რამდენი შემხვდა და მეუბნებიან, აი ვიდეოზე გაჩვენებ რაღაცებს და შენ ამის მერე იტყვი თუ არა ამას ხმამაღლა. ვამბობ ახლა ხმამაღლა, შენ რომ ვიდეოზე რაღაცებს გადაღებულს მომიტან, მე არ ვიცი, ის რა არის და ეს ფალსიფიკაცია შეიძლება.. ვინც შეამოწმა, რა არის და რატომ დარბის ამდენი სასულიერო პირი, ამ ვიდეოებს ატრიალებს და ბრალს უყენებს თავის პატრიარქს მაშინ, როდესაც საკითხი განსახილველადაც არ არის შეტანილი. ეს არის ცილისწამება, ამ ცილისწამებაზე ისჯება შესაბამისად ყველა", - ამბობს სტეფანე.