თბილისსა და 10 სხვა ქალაქში "1000 მშობლის მარში" იმართება
თბილისსა და 10 სხვა ქალაქში "1000 მშობლის მარში" იმართება

A+ A-

17:34 08/03/2021

თბილისსა და კიდევ 10 ქალაქში: გორი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, მარნეული, ქობულეთი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, ხარაგაული - ათასი მშობლის მარში იმართება.

ეს არის ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო.

აქციის მონაწილეები ითხოვენ:

შეიცვალოს  სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;

შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;

გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;

გაზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა;

დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის ცნობით, გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინიზე ოჯახის წევრებიც ძალადობდნენ - სცემდნენ მას. დაკავებულია გოგონას ბაბუა. ნინის თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს 23 წლის კაცი,  რომელსაც ბრალად წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ედება.