"თუნდაც დიქტატორულ ქვეყნებში, ფორმალური ნიშნით მაინც დაიწყებოდა გამოძიება"
"თუნდაც დიქტატორულ ქვეყნებში, ფორმალური ნიშნით მაინც დაიწყებოდა გამოძიება"

A+ A-

17:22 08/03/2021

წითელი ზღვარი, რომელიც ხელისუფლებას არ უნდა ეპატიოს - ასე ეხმიანება "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა გავრცელებულ ჩანაწერებს, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ.

გუგავა მიიჩნევს, რომ საკითხზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

"სიურეალისტურ გარემოში, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მონაწილე მგონია თავი, წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელია ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ. კაციჭამიების სამეფო ოჯახი გვყავს, რომელიც მზად არის, ვინც ფეისბუქზე რაღაც აზრს გამოთქვამს, მათთან სადამსჯელო რაზმები გაუშვან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობით და გაუსწორდნენ ყველას. საქმე ბავშვებს შეეხებათ და უმაღლესი პირები ჩართულები არიან ამაში. ვინც ამ ქმედებებშია მხილებული, ირაკლი ღარიბაშვილი არც გამოსულა, კომენტარიც არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. წარმოგიდგენიათ ეს? წესით, თუნდაც დიქტატორულ ქვეყნებში, ფორმალური ნიშნით მაინც დაიწყებოდა გამოძიება. ჩვენთან, გამოძიებას არც კი იწყებენ და თურმე იმაზეა დამოკიდებული, ვინ დაიჯერებს და ვინ არა. თუ ამბობთ, რომ შეთითხნილია ეს ჩანაწერები, გამოდით და ჩაატარეთ ამაზე გამოძიება. რას ნიშნავს, არ ჩავატარებთ გამოძიებას? ამით ამტკიცებენ რომ სიმართლეა ეს ყოველივე", - განაცხადა გუგავამ "ტვ პირველთან".

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავს და აცხადებს, რომ ოპოზიცია მაქსიმუმს გააკეთეს, რათა ხელისუფლებამ მოლაპარაკებები არ ჩაშალოს.

"ეს მოლაპარაკება დაკავშირებულია სწორედ ხელისუფლების ცვლილებასთან, ახალ არჩევნებთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან, ამიტომ ცდილობენ, რაიმე ფორმით ჩაშალონ ეს მოლაპარაკება. როგორ შეიძლება ნიკა მელია ციხეში იჯდეს და ღარიბაშვილი, ბერა და ჩუბინიძე, ან ბანდის წარმომადგენლები გარეთ დასეირნობდნენ. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება ჩაშალონ ეს მოლაპარაკებები. ხელი უნდა მოვაწერინოთ კაპიტულაციაზე, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ამ მოლაპარაკების შედეგად დაინიშნება ახალი არჩევნები და შევცვლით აუცილებლად ამ ხელისუფლებას. რაც მთავარია, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, არავის არ უნდა ეპატიოს ასეთი ქმედები, ეს უკვე წითელი ზღვარია, რომელზეც გადასულია უკვე დიდი ხანია ხელისუფლება", - აცხადებს გუგავა.