კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად, მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ახალ ინიციატივას სთავაზობს (ვიდეო)
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად, მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ახალ ინიციატივას სთავაზობს (ვიდეო)

A+ A-

19:55 27/01/2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ კორონავირუსის ვაქცინა მალტის მთავრობას სთხოვონ.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ევროკავშირისგან მალტამ ერთი მილიონი ვაქცინით მეტი მიიღო, ვიდრე მას სჭირდებოდა, რომლის განაწილებასაც ახლა უფრო ღარიბი ქვეყნებისთვის გეგმავს.

სააკაშვილის თქმით, ახლა მთავარი საკითხია, რომ საქართველოში ვაქცინა დროზე შევიდეს.

"კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას. ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.

ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ.
 
შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!
 
რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი! 10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებულია და მოპარულია!
 
უახლოეს პერიოდში მე მიხეილ სააკაშვილი ვაპირებ დაგიდოთ მასალები, როგორ იპარავთ თქვენ კონკრეტული სახელებით, გვარებით, გადარიცხვებით, ოპერაციებით - კორონასთან საბრძოლველ ფულს. როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე.
მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! ეს რაღაც ჩინური ვაქცინა კი არ არის მეათე ხარისხოვანი, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინები და ევროპული, რომელიც შემოიტანა ევროკავშირმა” — განაცხადა სააკაშვილმა და მთავრობა კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაალა ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

ექსპრეზიდენტის თქმით, ფაქტებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

ამ დროისათვის ევროპის მასშტაბით მალტაში კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, maltatoday-ს ინფორმაციით,  ევროკავშირთან ერთობლივი შესყიდვების ფარგლებში, მალტას AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი.