დიდი რიცხვი: 400 მილიარდი ნავთობის ფასი ეცემა - "ველსის" ამბები

- მნიშვნელოვანი კვარტლური მოხსენებების წინ კომპანიათა ზრდა შეფერხდა
- გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
- დიდი რიცხვი: $400 მილიარდი
აქციები მზარდ შემოსავალთა ანგარიშების წინაშე
Microsoft-ისა და AMD-ის მოგების ძლიერი მონაცემების ფონზე, ამერიკულმა სააქციო კაპიტალის ბაზრებმა ვერ შეძლეს მოკრძალებული მოგების შენარჩუნება. Microsoft-მა განაცხადა, რომ შემოსავალი 17%-ით მოემატა, რადგან მისი ე.წ. ,,ქლაუდ-ბიზნესი’’ პანდემიის ფონზე გაყიდვებს ხელს უწყობდა.
ენერგორესურსების მარაგებმა შემცირება იწყო, ვინაიდან ნავთობის ფასები დაეცა. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი, გაცილებით გადამდები შტამის შესახებ გავრცელებული სიახლეები და ეკონომიკური აღდგენის შესახებ გაჩენილი ეჭვებია. დღესდღეობით მსოფლიომ ინფექციური შემთხვევების 100-მილიონიანი ნიშნულს უკვე გადააბიჯა. ამის ფონზე, ძნელი დასაჯერებელია, რომ ვირუსის ახალი მუტანტი ბევრად საშიში შეიძლება გამოდგეს, თუ გარკვეულ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავისი 2021 წლის ეკონომიკური პროგნოზზე ფსონი აწია, თუმცა იქვე გვაფრთხილებს, რომ მსოფლიო ეკონომიკა კვლავ ,,განსაკუთრებული გაურკვევლობის” ფაზაშია, რასაც ვირუსის ახალ-ახალი ტალღები განაპირობებს. გლობალური აქტივობა კი, სავარაუდოდ, ერთი წლის წინანდელ, პრეპანდემიურ დონეს კვლავ ჩამორჩება.
ტრეიდერებმა GameStop-თან (GME) და სხვა მოკლე პოზიციების მქონე აქციებთან თამაშს მიჰყვეს ხელი, ასწიეს რა სამშაბათს საბაზრო კაპიტალი კიდევ 90%-ით. ისინი განაგრძობენ მოკლე პოზიციების გამყიდველთა იგნორირებას. ინტერესი და ინტრიგა დღევანდელი ვაჭრობის ამ სპეკულაციური ფორმით რეკორდულ დონეს აღწევს.
სავაჭრო დღის აქცენტები
- აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაზაფხულზე აცრა ყველა ამერიკელისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ვაქცინის მიწოდება დღეში 1,5 მილიონ დოზამდე ავა. ორშაბათს ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკული წარმოების გასაზრდელად და იქვე დასძინა, რომ ფედერალური მთავრობა თავისი ავტოპარკის ჩანაცვლებას აშშ-ში წარმოებული ელექტრომობილებით გეგმავს. აშშ-ის ხაზინის ოფიციალური მესვეურები ასევე განაახლებენ მცდელობებს, რათა მე-19 საუკუნის აბოლიციონისტი ფერადკანიანი ქალის, ჰარიეტ ტაბმენის სახე 20-დოლარიან ბანკნოტზე დაიტანონ.
- ელექტრონული კომერციის ვებსაიტის Etsy-ს აქციებმა წინასაბაზრო ვაჭრობის დროს 9%-ით მოიმატა. ზრდა Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის გამოქვეყნებულ ,,ტვიტს’’ მოჰყვა, სადაც მან პლატფორმისადმი სიმპატია გამოხატა. ბოლოს მასკმა ასეთი გავლენა საფონდო ბირჟაზე მაშინ მოახდინა, როდესაც მხარი აუბა შეტყობინებების სერვისს, Signal-ს. შედეგად, იმავე სახელწოდების კომპანიას, რომელსაც ამ მესენჯერთან კავშირი არ ჰქონდა, აქციები გაეზარდა. ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, FYI Etsy-ს საუკეთესო პერფომანსს დებდა.
- AstraZeneca უარყოფს გერმანულ გაზეთებში გამოქვეყნებულ ცნობებს, რომელთა მიხედვით 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შემუშავებული მისი კოვიდ-ვაქცინის ეფექტურობა 8%-ზე დაბალია. ამ ცნობაში მოხსენიებულნი იყვნენ ასევე მთავრობის წარმომადგენლები, მათი ვინაობის დასახელების გარეშე. თუმცა გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაბალი ეფექტურობის შესახებ მას მონაცემები არ ჰქონდა. სიახლეს თან დაძაბული ფონი ერთვის, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და ბრიტანულ-შვედური წამლების მწარმოებლებს შორის მიწოდების დაგვიანების გამო შეიქმნა.
- იტალიაში პოლიტიკური კრიზისია - სამშაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პირველი პირი ჯუზეპე კონტე გადადგა. კონტეს მემარცხენე-ცენტრისტული მმართველი კოალიცია ცოტა ხნის წინ დაიშალა, ახალი ძალის ჩამოსაყალიბებლად კი ის საკმარისი მხარდამჭერების მოგროვებას ეცდება. კონტე შემდგომში მმართველი უმრავლესობასთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნებას კვლავ პრემიერის რანგში უმიზნებს. შემდეგი მოვლენები იმის მიხედვით წარიმართება, ცნობს თუ არა იტალიის პრეზიდენტი კონტეს გადადგომას.
- ჯანეტ იელინი აშშ-ს სენატმა 78-ე ხაზინის მდივნად (არსობრივად იგივეა, რაც ფინანსთა მინისტრი ევროპის ქვეყნებში) ოფიციალურად ცნო. ყოფილი ფედერალური თავმჯდომარე და შრომის ეკონომისტი იელინი ქვეყნის 230-წლიან ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც მსგავს უფლებამოსილებას შეითავსებს. იელინს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ბაიდენის $1,9-ტრილიონიანი სტიმულირების პაკეტის ამოქმედებაში. ხაზინის პერსონალი ასევე სხვა ახალი, ძირითადი წევრებით ჩანაცვლდა.
- ტოპ-1000 მილიარდერის ავლა-დიდების მაჩვენებლები 9 თვის შემდეგ პანდემიისწინა სიმაღლეებს დაუბრუნდა. მეორე მხრივ, Oxfam-ის ახალი მოხსენების თანახმად, რომლის სახელწოდებად ,,უთანასწორობის ვირუსი” შეირჩა, მსოფლიოს უღარიბეს სეგმენტში ეკონომიკურ აღდგენას 10 წელზე მეტი ხანი დასჭირდება. ორგანიზაციამ 295 ეკონომისტი გამოკითხა, რომელთა 87% პანდემიის შედეგად შემოსავლებში უთანასწორობის ,,ზრდას" ან ,,მკვეთრ ზრდას" ელის.
- S&P Global Market Intelligence–ის მიერ ლითონებისა და სამთო მრეწველობის სექტორში ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ შარშან ძვირფასი ლითონების კომპანიებმა 31,8%-იანი საშუალო წლიური მოგება დააფიქსირეს. სექტორში არსებული 15 კომპანიიდან, რომელთა აქციებზე წლის განმავლობაში ფასები იზრდებოდა, 11 ძვირფასი ლითონების ქვე-სექტორში შედიოდა. მოწინავე სამი ფირმა (,,Greatland Gold’’, ,,De Grey’’ და ,,Chalice’’) ან ავსტრალიაში იყო დაფუძნებული, ან მასზე იყო ფოკუსირებული. თითოეული მათგანის მოგება 1000%-ს აჭარბებდა.
- ,,Yum Brands 'Pizza Hut’’ იწყებს ახალი, მართკუთხა ფორმის პიცის (,,დეტროიტის სტილი’’) დამზადებას, რომელიც ყველს ყველა ნაწილში შეიცავს. პრესრელიზში აღნიშნულია რეგიონულ დონეზე შექმნილი ამ კერძის მზარდი პოპულარობა ქვეყნის მასშტაბით და მოთხოვნა მომხმარებელთა მხრიდან.
ბავშვები კარგად არიან?
,,Wall Street Bets’’, Reddit-ის კუთვნილი პლატფორმა, ცოტა ხნის მოკრძალებულ მესიჯ-ბორდს წარმოადგენდა, ახლა კი მას 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. აქ მნიშვნელოვანია სოციალური ასპექტი აქციების არჩევისა, რომლებიც მოკლე პოზიციებით მოვაჭრეებს ხელს უწყობს ან, პირიქით, ზეწოლას ახდენს მათზე. ამ პროცესმა შესაძლოა ათასობით ჩატი მოიცვას და ბორდის ფარგლებს გასცდეს.
გარდა იმისა, რომ მეგობრებთან ერთად სააქციო საქმეში ჩართვა ახალგაზრდა ადამიანში დოპამინის მოზღვავებას იწვევს, მას ასევე სიამოვნებს უფროს თაობასთან გაჯიბრება, თუნდაც მათი ,,დატროლვა’’. კითხვაზე: ,,ყოფილან მოზარდები ოდესმე ინვესტორები?’’, პასუხი ცალსახად დადებითია. უორენ ბაფეტმა პირველად მსგავსი ოპერაცია 11 წლის ასაკში განახორციელა, რეი დალიო კი აქციების მფლობელი 12 წლის ასაკში გახდა. არსებობს კიდეც ციტატა: ,,ახალგაზრდათა დიდი გამარჯვება მოხუცებს ცრემლებში ახრჩობს". უფრო კარგი მაგალითისთვის, ისტორიული პასაჟების მოხმობა გახდება საჭირო.
შემდეგ რა მოხდება
,,ყომარბაზობა’’ - ბიზნესისთვის ამ სათაკილო სიტყვით მოიხსენია ზოგმა ეს პლატფორმა, რათა ბაზრის საფუძვლებიდან მოწყვეტასა და ,,ეფექტური ბაზრის ჰიპოთეზასთან’’ წინააღმდეგობისთვის გაესვათ ხაზი. ამ წამოწყების გავლენის შეფასებას უდაოდ გარკვეული დრო სჭირდება. ბაზარზე მილიონობით საზრიანი და პასუხისმგებლობის მქონე ტრეიდერია ჩართული, რომელთაგან ბევრი დარეგისტრირებულია ისეთ ონლაინ-ფორუმებზე, როგორიც Wall Street Bets-ია. ამასთან, ამ უკანასკნელს შეუძლია ცუდი სახე მიიღოს, შეიჭრას რა პირად და პოტენციურად ლეგალურ სივრცეში, რაზეც ზოგიერთი ბრალდებაც მეტყველებს.
$400 მილიარდი
Financial Times-ის თანახმად, ჯამურად ამდენი თანხა დარჩათ კომპანიებს ობლიგაციების სახით სესხის ბაზრებისა ($337 მილიარდი დოლარი) და საფონდო ბირჟაზე IPO-ს და მეორადი კაპიტალის შეთავაზების ($64 მილიარდი დოლარი) მეშვეობით. მონაცემები დათვლილია Refinitiv-ის მიერ, 2021 წლის პირველი სამი კვირის მიხედვით.
ეს თანხა წლის ამ პერიოდის საშუალო მაჩვენებელს $170 მილიარდით აღემატება. ეს კარგად აჩვენებს პანდემიის პერიოდში ფანდრაიზინგის მასშტაბებს, რომელიც 2020 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამავე დროს, იგი ორჯერ აჭარბებს 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 22 იანვრისთვის, 60-მდე ,,blank check’’ კომპანიამ $16,9 მილიარდი აქვს გამომუშავებული.
თქვენი "ველსი"