რას ნიშნავს არჩევნების "გაპრავება"? საპარლამენტო არჩევნები "გაპრავებულიცაა" და "გადაპრავებულიც" - ზურაბიშვილი ოპოზიციას
რას ნიშნავს არჩევნების "გაპრავება"? საპარლამენტო არჩევნები "გაპრავებულიცაა" და "გადაპრავებულიც" - ზურაბიშვილი ოპოზიციას

A+ A-

14:48 27/01/2021

საპარლამენტო არჩევნების შედეგები უკვე აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ და არც საქართველოს მოქალაქებს ეტყობათ რევოლუციის აგორების ენთუზიაზმი, პარლამენტის ბოიკოტირების აზრი გაუგებარია. ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი და პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი აცხადებს.

"ერთი შეხედვით ძალიან უცნაური კითხვა მინდა დავსვა, რომელზე პასუხიც თითქოს ყველამ იცის: რას ნიშნავს გაყალბებული არჩევნების გაპრავება? არ ვხუმრობ, მართლა სერიოზულად მაინტერესებს. იმიტომ, რომ პოსტშევარდნაძეულ პერიოდში დამკვიდრებული ტერმინი გაპრავება გულისხმობს რაღაც არასწორის სწორად წარმოჩენას და მისთვის ლეგიტიმურობის მინიჭებას. ხომ ასეა? რამე ხომ მეშლება? აქედან გამომდინარე, გაყალბებული არჩევნების გაპრავება უნდა ნიშნავდეს ამ არჩევნების შედეგების აღიარებას და მისთვის ლეგიტიმურობის მინიჭებას. და თუ ასეა, მაშინ 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შედეგები უკვე აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ და არც საქართველოს მოქალაქებს ეტყობათ რევოლუციის აგორების ენთუზიაზმი", -  წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, პარლამენტი, მართალია ერთპარტიულია, მაგრამ ფუნქციონირებს, ფუნქციონირებს მის მიერ დამტკიცებული მთავრობაც და არ ეუბნება მათ ხალხი, თქვენ არაკონონიერი და არლეგიტიმურები ხართო

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის პრევენცია არ არის.

"პარლამენტი, მართალია ერთპარტიულია, მაგრამ ფუნქციონირებს, ფუნქციონირებს მის მიერ დამტკიცებული მთავრობაც და არ ეუბნება მათ ხალხი, თქვენ არაკონონიერი და არლეგიტიმურები ხართო. ანუ ზემორე განმარტებიდან თუ გამოვალთ, არჩევნების შედეგები გაპრავებულიცაა და გადაპრავებულიც და პარლამენტის ბოიკოტის აზრი გამაგებინეთ მაშინ ვინმემ. რა რა და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის პრევენცია ეს ბოიკოტი ვერანაირად ვერ არის. ჰოდა, რა აზრი აქვს? P. S. შეგნებულად არ ვეხები იმ თემას, თუ რას ნიშნავს გაყალბებული არჩევნები არსებულ საარჩევნო სისტემაში და რამდენად გაყალბდა ახლა ეს არჩევნები, რადგან ამას ბოიკოტის პრაგმატულ და პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. P. P. S. თუ ვინმე ბოიკოტს პრაგმატულად და პოლიტიკური მიზანშეწონილობის პოზიციიდან კი არ უყურებს, არამედ უსამართლო ხელისუფლებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მორალურ-ფილოსოფიური კონცეპტით უპირისპირდება, მაშინ იყოს ბოლომდე თანმიმდევრული, ამ კონცეპტის მამამთავრის, ჰენრი ტოროს მსგავსად, დაუტევოს პოლიტიკა პოლიტიკოსებს და გადაცხოვრდეს აჯამეთის ტყეში", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.