ფანგანმა ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა, ჯანსაღად მიიღოს ყველამ ჩემი პოზიცია - სალომე სამადაშვილი აჭარულ "ნაგვის ურნაზე"
ფანგანმა ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა, ჯანსაღად მიიღოს ყველამ ჩემი პოზიცია - სალომე სამადაშვილი აჭარულ "ნაგვის ურნაზე"

A+ A-

19:00 25/01/2021

„დეპუტატისთვის თავზე ნაგავის დაყრა, ირაკლი ფანგანის მხრიდან, ნამდვილად ამაზრზენი საქციელი იყო და გასაკვირი ისა, რატომ გაუკვირდა ზოგ-ზოგიერთს ჩემი პოზიცია“, - ცხადებს  ,,2020NEWS”-თან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი, რომელიც თავისი პარტიის წევრების მხრიდან დიდი თავდასხმის ობიექტი გახდა და მას ნაგვის დაყრითაც ემუქრებოდნენ, ფანგანის საქციელის გაკრიტიკების გამო.

ამავდროულად,  სამადაშვილი გახარებულია ბრალდებულ ირაკლი ფანგანის გირაოთი გათავისუფლებით და იმედოვნებს, რომ ის მსგავს ქმედებას აღარ გაიმეორებს. თუმცა, თავად ფანგანმა უკვე განაცხადა, რომ არ ნანობს თავის საქციელს და თუ საჭირო იქნება, იგივეს გააკეთებს.

,,ჩემთვის არ არის მისაღები ადამიანზე თავდასხმა, თუნდაც ასეთი ფორმით. ყოვლად მიუღებელია ადამიანის შეურაცხყოფა, თავზე ნაგვის დაყრით. ეს არ არის პოლიტიკური გამოხატულება. თავიდანვე ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ახლაც ვიმეორებ, რომ მომხდარი ნამდვილად არ არის კარგი საქციელი ირაკლი ფანგანის მხრიდან, თუმცა ყოველივე ეს გამოიწვია ,,ქართულმა ოცნებამ”.

სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ ყოველივეზე. მათ რომ შეექმნათ ისეთი გარემო, სადაც კანონი იკანონებდა და ადამიანები არჩევნებს დაუჯერებდნენ, მაშინ მსგავსი რამ ნამდვილად არ მოხდებოდა.

შერჩევითი სამართლის პრინციპით ხდება ამ ადამიანზე სისხლის სამართლის აღძვრა, მაშინ როდესაც ,,ქართული ოცნების” ძალადობა სამართალდამცველებმა არაფრად ჩააგდეს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ირაკლი ფანგანი თავისუფალია, მახარებს და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება”, - აცხადებს სამადაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

სამადაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაუკვირდათ საზოგადოებასა და ზოგიერთ ოპოზიციურ ლიდერს მისი პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ირაკლი ფანგანის ქმედება ნამდვილად ამაზრზენი ფაქტი იყო.

,,ორი მხარე აქვს მომხდარს: ერთი ის, რომ ნამდვილად არასწორი იყო ის გამოხატულება, როგორც გამოხატა ირაკლი ფანგანმა მისი პროტესტი იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც გაერთიანებული ოპოზიციის ერთობას უღალატა. მეორე მხრივ კი, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ ინციდენტზე, რადგან სწორედ მათ უბიძგეს ადამიანებს მსგავსი ქმედებების განხორციელებისათვის.

ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, რატომ გაუკვირდათ ზოგ-ზოგიერთბს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხზე. თქვენი სააგენტოს მეშვეობით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მომხდარი ნამდვილად ამაზრზენი ფაქტია, ამიტომაც ნუ შეეშინდებათ სიტყვა ,,ამაზრზენის” და მიიღონ ეს ჩემი დამოკიდებულება ჯანსაღად”, - განაცხადა სამადაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლომ ფანგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლა.

ხატია მამულია