მელიასთან ცუდი საუბარი მქონდა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა - ხვიჩია იარაღის ტარების უფლებას ითხოვს
მელიასთან ცუდი საუბარი მქონდა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა - ხვიჩია იარაღის ტარების უფლებას ითხოვს

A+ A-

18:50 25/01/2021

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დაუკავშირდა და მოეჩვენა, რომ დაემუქრა. 

„დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ. მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად. ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს, რადგან მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს. მე ასეთი ადამიანი არ ვარ, ამ სასამართლოში არ ვუჩივლებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე – ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ შეიძლება იარაღით ანგარიშსწორებამდე მივიდეს საქმე, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მას იარაღი უბრალოდ თავდაცვისთვის დასჭირდება, თუმცა ჯერ სურს იმის გარკვევა, ნიკა მელია ხუმრობდა თუ მართლა დაემუქრა.

„არა, უბრალოდ, რომ არ გამლახოს. ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, ბატონი ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო. ნიკა მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, მაგიტომ მივიჩნიე სერიოზულად და მინდა, გავარკვიო, მემუქრებოდა დებატებზე გამოწვევით თუ ფიზიკურად რომ ჩემზე დიდია, მაგით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, ნიკა მელიას მხრიდან აღნიშნული საუბრის მიზეზი შესაძლოა, მისი დღევანდელი განცხადებები ყოფილიყო.

იაგო ხვიჩიამ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიას ქუჩაში ტოვებს და მისი თანაპარტიელები ამაში წინააღმდეგობას არ უწევენ.
 
„მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიას ქუჩაში ტოვებს და 36 ადამიანი, რომელიც პარლამენტის წევრია, წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევს იმას, რომ ქუჩაში უნდა ისხდნენ, მაშინ როდესაც, მთელი მოსახლეობის ინტერესია პარლამენტში შესვლა“, – განაცხადა ხვიჩიამ.