არ ვნანობ ჩემს საქციელს, თუ საჭირო იქნება, იმავეს გავაკეთებ - ირაკლი ფანგანი
არ ვნანობ ჩემს საქციელს, თუ საჭირო იქნება, იმავეს გავაკეთებ - ირაკლი ფანგანი

A+ A-

18:22 25/01/2021

ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ძალადობით დევნის მუხლით ბრალდებული ირაკლი ფანგანი აცხადებს, რომ მისი ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

ფანგანის თქმით, საკუთარ საქციელს არ ნანობს.

„დიდ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ როცა ჩავლეიშვილი გადის-გამოდის, ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ეს ნაგვის ურნა და დავახურე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ამ ეტაპზე გამომიშვეს, ხვალ იქნება ჩემი სასამართლო. ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული და ხვალ გავიგებთ დანარჩენს. გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ის, რაც გავაკეთე. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, მოღალატე ვინც შევა პარლამენტში და ხალხის ხმას მოიპარავს, ყველას იგივე მოუწევს. მე არ ვნანობ ჩემს საქციელს“, – აღნიშნა ირაკლი ფანგანმა.

შეგახსენებთ, 25 იანვარს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე, ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ბრალის წარდგენის შემდეგ,  სასამართლომ  ფანგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლა.