ოპოზიცია-ხელისუფლების საბრძოლო მეთოდები: ნაგვის დაყრა და ქათმების სროლა - აჭარაში დიდ აქციებს აანონსებენ
ოპოზიცია-ხელისუფლების საბრძოლო მეთოდები:  ნაგვის დაყრა და ქათმების სროლა - აჭარაში დიდ აქციებს აანონსებენ

A+ A-

16:22 25/01/2021

საქართველოში ინსტიტუციები არ არსებობს, ამიტომაც ირაკლი ფანგანის მიერ ნაგვის ურნის დამხობა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „ექსრესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის  ლეგიტიმურია და თუ დაკავებულს პატიმრობაში დატოვებენ, აჭარაში ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება. ასე ფიქრობს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე. მის განწყობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოფილი რესპუბლიკელის ასევე ყოფილი თანაპარტიელი, პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩავლეიშვილის „ღალატი“ ნაგვის ურნის თავზე დამხობის საფუძველი არაა და ფანგანის ქმედების გამართლება ექსტრემიზმის წახალისებაა. თუმცა, 2020NEWS“-ის ორივე რესპონდენტი თანხმდება, რომ ფანგანი არ უნდა დაეჭირათ.

აჭარის „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი მირდატ ქამადაძე კი, უფრო შორს მიდის განცხადებებში და „2020NEWS“-თან ამბობს, რომ „ნაგვის დამყრელი“, დაკავებული, „ახალგზრდა ბიჭის“ აღმკვეთი ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდების უფლებას საზოგადოება ხელისუფლებას არ მისცემს, რადგან პროტესტის ამ ფორმისკენ ფანგანს ამავე ხელისუფლებამ უბიძგა.

,,გორში, გიგა მაქარაშვილს რომ თავზე ჩამოამხეს ყველაფერი, მაშინ სად იყვნენ სამართალდამცველები?! მაშინ რატომ არ მოახდინეს რეაგირება?! ახლა გაახსენდათ, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არსებობს? უსამართლობაა იმ ახალგაზრდის დაკავება, რომელიც პროტესტს ისეთ დონეზე გამოხატავდა, რა დონემდეც ხელისუფლებამ მიიყვანა.

,,ქართული ოცნების” აქტივისტებმა, რომ კვერცხები დაახალეს ადამიანებს თავზე, რატომ არ მოხდა მათი დაკავება? ცოცხალ ქათმებს რომ ესროდნენ ოპოზიციონრებს, მაშინ სად იყვნენ? თუ ახლა მოუნდათ სამართლიანობის აღდგენა?! ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი და ამას ამ ახალგაზრდის დაკავებაც ადასტურებს.

ოპოზიცია და საზოგადოება ასე არ შეეგუება ახალგაზრდა ბიჭის დაკავებას, რომელმაც პროტესტი ისე გამოხატა, როგორც ,,ქართულმა ოცნებამ” უბიძგა. თუკი დაკავებულს არ გამოუშვებენ, გაიმართება საპროტესტო აქციები”, - განაცხადა ქამადაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი, ერთ-ერთი ლიდერის, პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ირაკლი ჩავლეიშვილმა გაერთიანებულ ოპოზიციას უღალატა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, ეს ფაქტი მაინც არ ამართლებს ირაკლი ფანგანის ქმედებას.

შესაბამისად, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფანგანის გულანთებულ პატრიოტადქცევა და ექსტრემიზმის წახალისება, ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, არასწორი ქმედებაა.

,,გასაგებია, რომ ექსრესპუბლიკელმა ჩავლეიშვილმა საშინელება ჩაიდინა და უღალატა გაერთიანებული ოპოზიციის ერთობას, თუმცა ამ ახალგაზრდა ბიჭის გულანთებულ პატრიოტად ქცევა და ექსტრემიზმის წახალისება ნამდვილად არასწორი საქციელია, გინდაც - ოპოზიციის ლიდერებისგან, გინდაც - მხარდამჭერებისგან. ამ ფორმით პროტესტის გამოხატვას ვგმობ!

ოპოზიციის ლიდერებმა უნდა მოუწოდონ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ ძალადობა დასაგმობია და მისი წახალისება, ნებისმიერი ფორმით, არასწორია.

ადმინისტრაციული სასჯელიც საკმარისი იქნებოდა. არ უნდა დაეჭირათ, როგორ შეიძლებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძრა?!

აშკარად შერჩევითი სამართალია და პასუხისმგებლობა ოპოზიციის გარდა, ხელისუფლებასაც ეკისრება. პირველ რიგში ხელისუფალია პასუხისმგებელი მიმდინარე მოვლენებზე.” , - განაცხადა ზურაბიშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

ბათუმის აქციაზე მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს მირდატ ქამადაძეც.  

,,პროტესტის ეს ფორმა და ნაგვის ყუთის თავზე დამხობა შესაძლოა, მე არ მომწონდეს და მიუღებელი იყოს ჩემთვის, თუმცა როდესაც ქვეყანაში ინსტიტუციები არ არსებობს, სადაც სასამართლო და პროკურატურა განადგურებულია, სადაც პოლიცია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ემსახურება და ქვეყანაში დიქტატურაა, პროტესტის ეს რადიკალური ფორმაც კი ლეგიტიმური ხდება, რადგან ადამიანებს საკუთარი თავის დაცვა სხვაგვარად, უფრო ცივილიზებულად, არ შეუძლიათ.

ამ ყოველივეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მათ მიიყვანეს ადამიანები ამ გამოხატულებამდე. დაუშვებლია ადამიანის დაკავება იმის გამო, რომ მან პროტესტი ისეთ ფორმაში გამოხატა, რაზეც ,,ქართულმა ოცნებამ” უბიძგა”, - განაცხადა ქამადაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, 25 იანვარს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე, ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი დააკავეს. მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ხატია მამულია