არჩევნები თითის ანაბეჭდებით - იქნება თუ არა ოპოზიცია კმაყოფილი?
არჩევნები თითის ანაბეჭდებით - იქნება თუ არა ოპოზიცია კმაყოფილი?

A+ A-

18:30 18/01/2021

არჩევნებზე ამომრჩეველთა მარკირების სისტემაჩაანაცვლებს ელექტრონულსისტემა, რომელიც  ამომრჩეველთა იდენტიფიცირებას თითის ანაბეჭდებით მოახდენს, ხოლო ხმების გადათვლა - სკანირების მეშვეობით მოხდება - ასეთი ცვლილებები იგეგმება საარჩევნო კანონმდებლობაში.

საარჩევნო საკითხებში ექსპერტის, ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, თუ მარკირების სისტემა ჩანაცვლდება ახალი ინოვაციური აპარატებით, რომლებიც ადამიანის იდენტიფიკაციას თითის ანაბეჭდით მოახერხებს, არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახდება.

„ირაკლი კობახიძის ახალი ინოვაციური შეთავაზება - არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, იდეალურია, ეს პროექტი სრულად მოახერხებს აღმოფხვრას ყველა ის პრობლემა, რაც საარჩევნო სისტემას უკავშირდება.

თუ მარკირებას ჩაანაცვლებს ელექტრონული ანაბეჭდები, შეუძლებელი გახდება ე.წ. „კარუსელი“ არჩევნების დროს. პროგრამულად ანაბეჭდი ერთხელ დაფიქსირდება და მთელი დღის განმავლობაში ადამიანები ვერ შეძლებენ, მეორედ მისცენ ხმა და ე.წ „კარუსელის“ წარმოქმნაც შეუძლებელი გახდება.

რა თქმა უნდა, ხმის მიცემის პროცესი ჩატარდება ჩვეულებრივ, მაგრამ ხმის დათვლა მოხდება ელექტრონული სკანერის მეშვეობით.

ჩვენ ამის გამოცდილება უკვე გვაქვს, 2018 წელს საქართველოს მთავრობამ საპილოტედ დატესტა სკანერი და არჩევნების დასრულებისთანავე შედეგები ცნობილი გახდა. რა თქმა უნდა, თუ საარჩევნო სუბიექტს, ან კომისიის წევრს ეჭვი შეეპარება შედეგების ლეგიტიმურობაში, ხმების გადათვლა თავიდან მოხდება.

ვფიქრობ, ეს პროექტი თუ მიიღებს კანონპროექტის სახეს, ოპოზიციური სპექტრიც კმაყოფილი იქნება“, - განცხადა ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, 11 იანვარს, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა და უკვე პირველმა პირმა, ირაკლი კობახიძემ ახალი პროექტი წარადგინა, რომლის თანახმად საარჩევნო სისტემაში ცვლილებები იგეგმება.

სალომე კაპანაძე