მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი არ ჩატარდება - ზაალ უდუმაშვილი
მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი არ ჩატარდება - ზაალ უდუმაშვილი

A+ A-

14:37 18/01/2021

ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს. ამის შესახებ „2020NEWS”–ს ექსკლუზიურად  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ვადამდელი არჩევნების საკითხს ქართველ ხალხთან ერთად, გაერთიანებული ოპოზიცია წყვეტს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს არავინ არაფერს ეკითხება.

– „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, „ჰაერში დარჩა“ თუ არა თუ არა ვადამდელი არჩევნების საკითხი?

– ვადამდელი არჩევნების საკითხს ირაკლი კობახიძე ვერანაირად ვერ გადაწყვეტს, არავინ ეკითხება. ეს დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე და ჩვენზე – ოპოზიციაზე. მთავარია, ოპოზიცია იყოს ერთიანი და ძლიერი სხვა დანარჩენს აუცილებლად ეშველება. გამორიცხულია, რომ არჩევნები არ ჩატარდეს, უბრალოდ, ყოველივე ეს დროის საკითხია. ოპოზიციის მუშაობაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაინიშნება არჩევნები.

– რას აპირებს ოპოზიცია 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებზე?

– რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციას თვითმართველობის არჩევნებზე, ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.

თუკი თამარ ჟვანია იქნება ისევ ცესკოში, რა აზრი აქვს საერთოდ არჩევნებს? ჟვანიას დათვლილი ხმები ყველამ კარგად ვნახეთ. ვნახეთ, როგორი მათემატიკით დაითვალა მან ქართველი ამომრჩევლის ხმა. ვნახეთ, როგორ მოგვპარა ჩვენი არჩევანი.

სხვას რას უნდა ველოდოთ თვითმართველობის არჩევნებში?!

რა თქმა უნდა კარგს არაფერს.

ამიტომაც, ვიდრე ჟვანია იქნება ცესკოში, ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებში, თუმცა შესაძლოა, ამაზე ვიმსჯელოთ და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ.

– რა ეტაპზეა ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები? უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება ამ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს?

– მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფაქტობრივად, არ არსებობს. არ არსებობს, რადგან ხელისუფლების მხრიდან, ვერ დავინახეთ დათმობა და გარკვეულ შეთანხმებამდეც ვერ მივედით.

პირადად, მე ვფიქრობ, რომ არ გაიმართება. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ, ჯერჯერობით, არ იციან, საბოლოოდ რა გადაწყდება. არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს იმისა, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. „ქართული ოცნება“ ამის მზადყოფნას არ გამოთქვამს.

– რა გეგმები აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას?

– ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და ქართველი ხალხის ხმებს ამ ბრძოლაში ბოლომდე დავიცვავთ. პოლიტიკური ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დასრულდება ჩვენი და საზოგადოების გამარჯვებით. ამას ყველა ძალიან მალე ნახავს.

31 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა და განვაგრობთ ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება სამართლიანად და არა ისე, როგორც ეს 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა.

ხატია მამულია