ნეტავ, მეც ჩემი ჭორვილა მქონდეს - სალომე ზურაბიშვილი
ნეტავ, მეც ჩემი ჭორვილა მქონდეს - სალომე ზურაბიშვილი

A+ A-

23:45 12/01/2021

თურმე "ფსიქიკურად" შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა სოფლად მცხოვრები ადამიანების. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და ნინო ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, მან პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე იცის, თუ რამხელა დანაკლისია სოფელს ჩამოშორება და მანაც გამოთქვა სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, მასაც ჰქონდეს თავისი ჭორვილა.

„ჭორვილა თუ არა ჭორვილა!

პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა "ლიდერების" განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

თურმე "ფსიქიკურად" შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.

სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.

სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.

მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.

ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!“,- წერს პრეზიდენტი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, 11 იანვარს , "ტვ პირველის" ეთერში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობას კითხვა უნდა გასჩენოდა, "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "15 წელი ჭორვილაში რატომ ზის". ბურჯანაძისვე თქმით, ივანიშვილის ქონება არის თაღლითურად ნაშოვნი და მისის ერთადერთი დაცვა ჭორვილაში ყოფნა იყო:

"თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და ახლა მთელი საქართველო გაიხადა დაცვად".