ქვეყნის მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძარი 6 ადგილზე ფიქსირდება
ქვეყნის მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძარი 6 ადგილზე ფიქსირდება

A+ A-

11:16 09/01/2021

ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი ექვს ადგილზე ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა აქტიური კერების მონიტორინგს.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა. ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი. აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბალდას გარდა ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურშისქურში ორივე კერა ლოკალიზებულია.

„ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპი, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – აცხადებენ საგანგებო საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.