ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს
ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

A+ A-

23:12 06/01/2021

ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა - 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ნინო ანანიაშვილი ერთხელ უკვე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, როდესაც 2016 წლის თებერვალში მან მოსკოვში, თავისი პედაგოგის, გამოჩენილი ბალერინა რაისა სტრუჩკოვას საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.

გადაწყვეტილების მიზეზებსა და იმაზე, თუ რას გეგმავს ნინო ანანიაშვილი, როგორ შეხვდნენ სიახლეს მისი ოჯახისა და დასის წევრები და მოელის თუ არა კრიტიკას კარიერის რუსეთში გაგრძელების გამო, თავად ნინო ანანიაშვილი რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

ნინო ანანიაშვილი: თავდაპირველად, რადიო თავისუფლების პლატფორმიდან, მინდა ყველას მივულოცო შობა და ახალი წლის დადგომა. მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს და სამძიმარი გამოვუცხადო ყველას, ვინც ამ წელს ახლობელი დაკარგა. და ვთქვა, რომ ხელოვნების წარმომადგენლებს წელს ძალიან, ძალიან გაუჭირდათ, მათ დასახმარებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაში მათ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

- ქალბატონო ნინო, 2021 წელს თქვენ კარიერაში სიახლით იწყებთ, რაც, ალბათ, გამოხმაურების გარეშე არ ჩაივლის, განსაკუთრებით კი თქვენს ქართველ გულშემატკივრებში. როგორც გავიგეთ, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება გახდეთ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასეა?

- დიახ, ასეა, გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო.

- რამდენად მნიშვნელოვანი პოზიციაა ეს თქვენთვის და ზოგადად?

- თუ გავითვალისწინებთ, ბალეტის მნიშვნელობას ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და იმას, რომ რუსეთი ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ პირველი არა, მაშინ დიახ, ასეა. თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა.

- ანუ პანდემიით გამოწვეული სირთულეები გახდა თქვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი?

დიახ. თუ ჩემს სფეროზე ვილაპარაკებ, ყველაზე დიდი სირთულეები ბალეტის მსახიობებს დაატყდათ თავს. მარტში ერთი წელი გახდება რაც დაკეტილები ვართ და ისევ არ ვიცით, გავიხსნებით თუ არა. შვიდი გასტროლი გაგვიუქმდა. ყველა დადგმამ შემდეგ წელში გადაიწია, მაგრამ რა იქნება, ეგეც გაურკვეველია. არც ის ვიცით, როგორი ფინანსური პრობლემები გველის წინ, მაგრამ ნამდვილად რომ გვექნება, ეს ცხადია. ამიტომ გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში. ნოვოსიბირსკის თეატრიც ეძებდა ისეთ თეატრს, რომელთანაც შეძლებდნენ თანამშრომლობას მსახიობების, პედაგოგების, ქორეოგრაფების მხრივ.

სამწუხაროდ, ის წინადადებები, რომლებიც მე აქამდე მქონდა უცხოეთიდან, მათ შორის, ამერიკიდან, საქართველოში მუშაობას გამორიცხავდა. ძალიან ბევრ შეთავაზებაზე ვთქვი უარი. კომპრომისებს ვეძებდი, მინდოდა სხვასთან თანამშრომლობა, მაგრამ ყველგან დაიკეტა ყველა თეატრი. შემდეგი სეზონებიც კი დახურულია. ასეა, მაგალითად, ჩემს საყვარელ მეტროპოლიტენ ოპერაში. მსახიობები უმუშევრად დარჩნენ და ზოგიერთს ხელფასსაც კი არ უხდიან. ჩვენი მსახიობებიც უკვე ცხრა თვეზე მეტია უსცენოდ არიან. ოთხი პატარა სპექტაკლი დავდგით სექტემბერში. ეს იყო და ეს.

- თუ სწორად მივხვდი, თქვენ ქართული დასის ხელმძღვანელადაც რჩებით და ნოვოსიბირსკის თეატრთან თანამშრომლობასაც გეგმავთ?

- ცხადია. სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი - ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა - მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში.

- როგორ წარმოგიდგენიათ ეს თანამრომლობა ამ ორ, რუსულ და ქართულ თეატრებს შორის?

- თანამშრომლობა ბალეტის სფეროში ჩვეულებრივი რამ არის, ამის გარეშე არ გამოდის. ჩვენთან ჩამოდიან ვარსკვლავები, როგორც მსახიობები, ისე ქორეოგრაფები. აი, მაგალითად, იური პოსოხოვმა გაგვიკეთა არაჩვეულებრივი სპექტაკლი, „მედეა“. საბალეტო სამყარო ძალიან პატარაა და ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან გადახლართული. მე მინდა, რომ ეს ობობის ქსელი არ გასკდეს და არ დაირღვეს, იმის გამო, რომ ყველა გაჩერდა. ეს კი არა, შეიძლება ამ სიახლეს მოჰყვეს სხვა თეატრებთან თანამშრომლობაც. ეს იქნება საწყისი, ჩვენ მარტო აღარ უნდა ვიყოთ. ვიღაც უნდა დაგვეხმაროს, რომ გადავრჩეთ.

დიდხანს ფიქრობდით, სანამ დათანხმდებოდით?

- კი. დიდხანს ვფიქრობდი და ვეძებდი გამოსავალს. ძალიან ვნერვიულობ ფინანსურ მხარეზე, რადგან ჩვენ ბილეთებიდან შემოსული თანხით ბევრ რამეს ვაკეთებდით და ვახერხებდით და ახლა ესეც აღარ გვქნება. ვერც განახლებას შევძლებთ, ვერც ვერავის დაპატიჟებას. რა ბიუჯეტიც ჩვენ გვაქვს, სავალუტო კურსის ცვლილების გამო, ისიც გამესამედდა. მადლობელი ვარ, რომ მსახიობებს ხელფასი შეუნარჩუნდათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ვნერვიულობ - 2021-ში შევძლებთ კი საერთაშორისო პროექტებით აღებული ვალდებულების შესრულებას? ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ამ თანამშრომლობით, მაგალითად, გაიყოს დადგმის თანხები, ან მოვახერხოთ სპექტაკლების გაქირავება. ისიც ცნობილი პრობლემაა, რომ ჩვენ ბიჭების პრობლემა გვაქვს ბალეტში. რადგან აქ ინტერნატი არ გვაქვს, ვერ ჩამოგვყვავს ბავშვები ვერც ქუთაისიდან, ვერც ზუგდიდიდან... თბილისელებს ბალეტზე ბიჭები არ მოჰყავთ. ამაზეც ვფიქრობ, რომ იქ, ნოვოსიბირსკის თეატრში, იაპონელებიც მუშაობენ, იტალიელებიც და იქნებ გაჩნდეს ეს შესაძლებლობა, რომ ბიჭები აქაც ჩამოვიდნენ და აქაც იმუშაონ, სხვანაირად, უბრალოდ, სპექტაკლს ვერ დავდგამთ.

პანდემიის გამო, მსოფლიოს ყველა თეატრი, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ნოვოსიბისრკის თეატრი მაინც მუშაობს?

დიახ, საქმეც ეგაა, რომ თვეში აქვთ 25 სპექტაკლი. ძალიან კარგი რეპერტუარი. არ გაჩერდნენ. აქ კიდევ ერთი ფაქტორია, ჩვენ არ გვაქვს ისეთი პროფესია, რომ წიგნი დავწეროთ, ან ნახატი დავხატოთ და 20 წლის შემდეგ შეგვაფასონ - დღეს არის ჩვენი დრო. თან, აღარც მე ვარ ახალგაზრდა, სცენას თავი დავანებე, აღარ ვცეკვავ. ამიტომ დროც მეტი მაქვს და ენერგიაც. რომ შემომთავაზონ, მესამე თეატრსაც ავიღებდი... ეს შესაძლებელია და ამ მხრივ, მე არ ვარ ერთადერთი. ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ შესაძლოა, რამდენიმე დასს უხელმძღვანელო. მე ხომ სტრატეგიის შემუშავება და რეპერტუარის შექმნა მევალება.

ნოვოსიბირსკში გადასვლა მოგიწევთ?

საქმეც ესაა, რომ სულ იქ ყოფნა არ არის საჭირო. თუმც კი, ჩემი კოლეგები სულ მსაყვედურობდნენ, რომ მე ძალიან დიდხანს ჩავრჩი თბილისში და ასე ხშირად არ დავდიოდი, არ ვესწრებოდი პრემიერებს და ა.შ. ეს ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ვცდილობდი, თეატრის ხარჯზე არ წავსულიყავი. თუ მიწვევდნენ მათი ხარჯებით, მივდიოდი, ან ჩემი ხარჯით ვახერხებდი, მაგრამ ეს იმ დონის გამოჩენა არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო, რადგან თუ ხარ სამხატვრო ხელმძღვანელი და ზიხარ მხოლოდ შენთვის, აღარავის სჭირდები. და საკმარისია სადმე კონკურსზე გამოვჩნდე, იმ წამსვე ახალი წინადადებები მოდის. მაგალითად, როცა ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსია“ გავიტანეთ ესპანეთში, კიდევ მოითხოვეს. სულ უნდა მოძრაობდე, რომ შენ შესახებ იცოდნენ. არ დაგივიწყონ. მე მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებით, უფრო მეტ სარგებლობას მოვუტან ჩვენს საბალეტო დასს.

ეს კონკრეტული პოსტი ნოვოსიბირსკის თეატრში ვინ შემოგთავაზათ?

- თავად თეატრის ხელმძღვანელობამ. სხვათა შორის, დიდი ხანი მიტევდნენ ამ წინადადებით, მაგრამ არც განვიხილავდი ამ საკითხს, ვერც წარმომედგინა, რომ ეს პანდემია ასეთ შედეგებს მოიტანდა და ყველაფერი გაჩერდებოდა.

ქართულმა დასმა უკვე იცის ამ სიახლის შესახებ?

- ჯერ არ იციან. ახლა დასვენების დღეები დაემთხვა, თან ხომ ონლაინ ვმუშაობთ და არ მითქვამს, მაგრამ მინდა, ხვალ შევკრიბო და ვუთხრა, რომ ასეთი გადაწყეტილება მივიღე. თუმცა, ამით აქ არაფერი შეგვეცვლება. ყველანი იმას ველით და ვოცნებობთ, რომ თეატრი გაიხსნას.

თქვენი მეუღლე, გრიგოლ ვაშაძე როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?

ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო და სულ არ გახარებია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახლში ნაკლებად ვიქნები. უბრალოდ, ჩვენ გაყოფილი გვაქვს სფეროები - მე არასოდეს ვერევი პოლიტიკაში, ის თავად იღებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხანდახან არც ვარ საქმის კურსში. ეს კი ჩემი ცხოვრებაა დღეს, ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ხელოვნება. და ამ პროფესიით მინდა მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის.

თუ საიდუმლო არ არის, რა გიპასუხათ მან? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს?

- არა, არა მგონია. იცით, როგორ არის, მე სულ მაქვს რუსეთის დიდი თეატრის ვარსკვლავებთან ურთიერთობა. ამ გადაწყვეტილებით რაიმე უცნაურს ნამდვილად არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს მეტ თავის ტკივილს ვუჩენ. მართალი გითხრათ, გრიგოლი არ იყო კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ მასაც ასე ავუხსენი, რომ დღეს ეს არის გამოსავალი. სხვა თეატრები დაკეტილია. რაც აქამდე გავაკეთე - ეს საკმარისი აღარ არის.

- სავარაუდოდ, თქვენს გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვება, მზად ხართ ამისთვის? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენს კარიერას დააზიანებს?

- კი, მე ველი კრიტიკას, მაგრამ მე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, აქ ვიქნები თუ იქ, არ შევიცვლი და ამაზე ხშირად მისაუბრია. 15 წელია არც წარმოდგენა გამიმართავს იქ და სულ უარს ვამბობდი. მაგრამ მე მაინც პოლიტიკური სიტუაციის მიღმა განვიხილავ ამ ყველაფერს. ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. ახლა ალბათ ყველას ყველაფერი დაავიწყდება და არც გაიხსენებენ ამას. არც ჩემს გამოსვლებს იგივე ამერიკული მედიით, სადაც მე მუდამ საქართველოს დაცვის პოზიციიდან ვლაპარაკობდი. კიდევ ვიმეორებ, მე არ მივდივარ მხოლოდ იქ. მე ისევ ვრჩები საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელად და ვიქნები ნოვოსიბირსკის ბალეტის ხელმძღვანელიც. ასე ჩაიწერება ჩემს CV-შიც. და მე მოველი, რომ შემოტევა იქნება პირადად ჩემი მისამართით, მაგრამ მზად ვარ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქნდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ. სხვათაშორის, სპეციალურად დავთანხმდი იმიტომაც, რომ ეს არ იყო დიდი ქალაქი. თუმც კი, ციმბირია, საკმაოდ რთული მხარე და ყველა გამოწვევა გავიზრე - ოღონდ იმ მოტივით, რომ საქმეს კი არ გავაფუჭებ ამით, არამედ პირიქით.

- გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომაროებიდან წასვლა ხომ არ იყო რამენაირად კავშირში ამ გადაწყვეტილებასთან?

არა, საერთოდ არანაირი კავშირი. არც კი ვამბობდი, რომ ასეთი წინადადებები მქონდა. ის ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა, თუმცა, ძალიან განიცდის, რადგან ხვდება, რომ ეს გამოიწვევს ჩემს მიმართ უარყოფით ტალღას, თუმც კი, ჩემი აზრით, უსამართლოდ. მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის. მგონი, რომ შემოქმედი ადამიანები გამიგებენ. რითაა ცუდი, რომ ჩვენი წარმატებული ნიკო ცისკარიძე გამოვიდეს და საქართველოს სახელით ილაპარაკოს? ან სხვა ვინე გამოჩენილი ქართველი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, რატომ უნდა გავაკრიტიკოთ? ასე მოიტანა ცხოვრებამ - ზოგი იქ დარჩა, მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და აქ წამოვედი. თან მაშინ, როცა აქ არაფერი ხდებოდა, არც სინათლე იყო, არც გაზი. მაშინ მე არც მიხეილ სააკაშვილს ვიცნობდი, არც ჩემი ქმარი იყო პოლიტიკაში, მე კი უკვე ვიყავი ნინო ანანიაშვილი. თუმცა, არც ის დაბრუნება ყოფილა ადვილი,არც სახლი გვქონდა აქ და ერთი წელი სახლს ვქირაობდით.

- უკვე გაქვთ გეგმა, რას გააკეთებთ პირველად, როცა ნოვოსიბირსკში ჩახვალთ?

ასეთი კონკრეტული გეგმა ჯერ არ მაქვს, რადგან დასს კარგად არ ვიცნობ. რამე რომ შესთავაზო, ჯერ პერსონალურად უნდა იცნობდე მსახიობებს. მათ უკვე ჰქონდათ თავიანთი გეგმა, ცხადია, ჯერ ეს გეგმა უნდა ვნახო, შევისწავლო და უკვე შემდგომ მივიღო გადაწყვეტილებები.

- წლის განმავლობაში იქ ყოფნა რამდენ ხანს მოგიწევთ ხოლმე?

ვფიქრობ, რომ ყველა პრემიერაზე ვიყო აქაც და იქაც. იმედია, ხელმძღვანელები გამიგებენ და მათთვის ეს არ იქნება ტრაგედია. ისინი ამაზე თანახმა არიან და იმედია, აქაც ყველა სწორად გამიგებს. თუ, ცხადია, აქ რამე სხვა გადაწყვეტილება არ მიიღეს, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე კი არანაირად არ შემეშლება ხელი იმაში, რასაც ვაკეთებდი. პირიქით.

- გამგზავრებას როდის გეგმავთ?

- მალე, იანვრის ბოლოს უკვე უნდა შევხვდე იქაურ დასს.

წყარო: რადუი თავისუფლება