130 000 ლარის კრედიტი და ცოლის სახელზე გაფორმებული მიწები - ძველახალა მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი ახალი წევრის ქონება
130 000 ლარის კრედიტი და ცოლის სახელზე გაფორმებული მიწები  - ძველახალა მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი ახალი წევრის ქონება

A+ A-

13:05 21/12/2020

130 ათასი ლარის კრედიტი, ცოლის სახელზე გაფორმებული მიწები და 78 ათას 27 ლარის წლიური სახელფასო შემოსავალი - ასეთია თერთმეტმინისტრიანი „ახალი“ კაბინეტის ერთადერთი ახალი კადრის, გოჩა ლორთქიფანიძის ქონება.

სხვათაშორის, ის ამ პოსტზე მარტამდე დარჩება, რადგან იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის გაჟღერების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სასამართლოში დაინიშნა მოსამართლედ.

მოკლედ, მარტში იუსტიციის მინისტრი კვლავ შეიცვლება, თუმცა, „2020NEWS“ დაინტერესდა, რა განათლება და ქონება აქვს კაბინეტის ერთადერთ ახალ სახეს, გოჩა ლორთქიფანიძეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას იუსტიციის მინისტრად წარუდგინა

მხოლოდ 7 106 ლარსა და 29 თეთრს შეადგენს გოჩა ლორთქიფანიძისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა.

მინისტრს 2 შვილი ჰყავს, ერთი ვაჟი და ერთი გოგონა, რომელთა განათლებაც მას წლიურად 2 555 ლარი უჯდება.

ახალი მინისტრის უძრავ-მოძრავი ქონება გასულ წლებთან შედარებით არ შეცვლილა. ლორთქიფანიძე კვლავ ფლობს 150, 81 კვ. მ. ფართობის საცხოვრებელ ფართს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს 125 ათას დოლარად აქვს შეძენილი.

სამაგიეროდ, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ნინო ბერაია ფლობს დასავლეთ საქართველოში მიწის რამდენიმე ნაკვეთს.

მას მფლობელობაში აქვს ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში 727 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მას 2008 წელს ხობის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთზე აღიარების კომისიამ გადასცა.

მანამდე კი, ლორთქიფანიძის მეუღლემ 1998 წელს, ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში 2 401კვ .მ. მიწის ფართობი მემკვიდრეობით მიიღო.

ბერაია აგრეთვე ფლობს, ლანჩხუთის რაიონის, სოფელ გრიგოლეთში 300 კვ. მ.-ის 33 %-ს, რომელიც მან 2007 წელს 15 ათას დოლარად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ „ძველახალა“ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრის, გოჩა ლორთქიფანიძისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე არც ერთი ავტომობილი არ ფიქსირდება. 

რაც შეეხება საბანკო ვალდებულებებს, ლორთქიფანიძეს „თი-ბი-სი“ ბანკიდან 2014 წელს, 10 წლის ვადით, 130 ათასი ლარის ოდენობის კრედიტი აქვს აღებული.

ლორთქიფანიძე ხუთ ადგილას არის დასაქმებული. ის 4 უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გახლავთ და მისი წლიური შემოსავალი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეობის თანამდებობის ჩათვლით, 78 ათას 027 ლარს შეადგენს.

ასეთ, არც ისე მდიდრულ ქონებას ფლობს „ძველახალა“ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი გოჩა ლორთქიფანიძე. სამაგიეროდ, მისი საგანმანათლებლო ბიოგრაფია გამოიყურება საკმაოდ მდიდრულად.

გოჩა ლორთქიფანიძე 2011 წლიდან ფორდამის სამართლის სკოლის (აშშ) დოქტორანტია. მან სამაგისტრო პროგრამა ინგლისში, „ესექსის“ უნივერსიტეტში დაასრულა, შემდეგ კი 2004 წელს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰარვარდის სამართლის სკოლაში ჩაირიცხა, სადაც მაგისტრატურა დაამთავრა.

ლორთქიფანიძე 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე 2008-2013 წლებში კოლუმბის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი და ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი გახლდათ. 2005 წელს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო საქმეთა ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში დანიშნეს. 1991-2005 წლებში კი, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე იკავებდა ადგილს.

ასეთია „ახალი“ მინისტრთა კაბინეტის მინისტრობის ახალი კანდიდატის, გოჩა ლორთქიფანიძის საგანმანათლებლო ბეგრაუნდი. სხვათაშორის, მისი თანამდებობრივი გზა ათვლას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის ხანიდან იწყებს.

მოკლედ, გამოცდილი კადრი ხელისუფლებაში მაინც არ „შეგვარჩინეს“ და მარტში მას ჰააგის სასამართლო „წაიყვანს“.

ხატია მამულია