გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად სოფიო კილაძე აირჩიეს
გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად სოფიო კილაძე აირჩიეს

A+ A-

10:50 25/11/2020

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად სოფიო კილაძე აირჩიეს. ამის შესახებ მან თავის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. 

როგორც სოფიო კილაძე აცხადებს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი გახდა და ქვეყანამ ამით დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე.

„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და მისცა საქართველოს საშუალება, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.

ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ David Zalkaliani Ministry of Foreign Affairs of GeorgiaPermanent Mission of Georgia to the United NationsPermanent Mission of Georgia in Geneva.

ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, – წერს სოფიო კილაძე.

ცნობისთვის, სოფიო კილაძე კომიტეტში უფლებამოსილებას 4 წლის ვადით, 2021-2024 პერიოდში შეასრულებს.

კომიტეტის წევრთა არჩევნები გაიმართა 24 ნოემბერს, ნიუ იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში. არჩევნებში საქართველოს კანდიდატმა 125 ხმა მიიღო.

ბავშვის უფლებათა კომიტეტი წარმოადგენს 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარ ორგანოს, რომელიც მონიტორინგს უწევს წევრი სახელმწიფოების მიერ გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე.