ტოქსიკური 4 დღე გველის, უნდა შეეგუოთ იმას, რომ არჩევნებში დამარცხებულები ხართ - გახარია ოპოზიციას
ტოქსიკური 4 დღე გველის, უნდა შეეგუოთ იმას, რომ არჩევნებში დამარცხებულები ხართ - გახარია ოპოზიციას

A+ A-

18:21 27/10/2020

"უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ", - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციას და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

მთავრობის მეთაური ოპოზიციას ურჩევს, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მარცხს საკუთარი მომავალი არ გადააყოლონ.

„მესმის მეგობრებო, რომ 3-4 დღეში არჩევნები იქნება. უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, თან დამაჯერებლად იმარჯვებს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ამ არჩევნებში დამარცხებას არ გადააყოლოთ თქვენი მომავალი, რადგან იცოდეთ, რომ მოსახლეობა ყველაფერს ხედავს. საბოლოოდ, შეფასება უკიდურესად მკაცრი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმითვე, მას არ ჭირდება კვლევები, რადგან ,,ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ოპონენტებიც გრძნობენ.  

პრემიერის განცხადებითვე, არჩევნებამდე საკმაოდ ტოქსიკური 4 დღე დარჩა...

,,მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ფრთხილი რიცხვებია. რასაც მე ვმოგზაურობ და 2 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა, უკვე არ მჭირდება ეს კვლევები, ვგრძნობ, რომ ,,ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. ამას გრძნობენ ჩვენი ოპონენტებიც და აქედან არის ის ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რაც გვესმის და რასთან ერთადაც შეგუება და ცხოვრება მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში.

საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველის. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს წყანარად, მშვიდად, სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენ აზრი და ეს იქნება არამხოლოდ ,,ქართული ოცნების“ არამედ საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.