"ნაციონალურ მოძრაობას" თავის ერთადერთ პარტნიორად კორონავირუსი ესახება - ირაკლი კობახიძე
"ნაციონალურ მოძრაობას" თავის ერთადერთ პარტნიორად კორონავირუსი ესახება - ირაკლი კობახიძე

A+ A-

12:37 17/10/2020

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის 16 ოქტომბრის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანი კორონავირუსის გავრცელება იყო. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ გაერთიანება ძალა ერთობაშიას ქმედება "ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედებაა, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება". 

"ეს არის ბევრად მეტი, ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა. ეს არის ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება. 

ამ მავნებლობის დაგეგმვისას მათ ვირუსის გავრცელების ინსტრუმენტად გამოიყენეს და შესაბამისად, საფრთხის ქვეშ, პირველ რიგში, დააყენეს ბათუმში შეკრებილი საკუთარი მხარდამჭერები, რაც ამ პარტიის ბოროტ ბუნებაზე მეტყველებს. 

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ მხარეს დგანან ხელისუფლება, ექიმები და ხალხი, ხოლო მეორე მხარეს - ნაციონალური მოძრაობა და ვირუსი", - თქვა ირაკლი კობახიძემ და საარჩევნო ადმინისტრაციას და ხელისუფლებას მოუწოდა, მიიღონ ყველა ზომა, რათა 31 ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. 

ბათუმში ძალა ერთობაშიას საარჩევნო შეხვედრა ამომრჩეველთან ჩატარდა 16 ოქტომბერს, საღამოს ჩატარდა. ღონისძიებას ასობით ადამიანი დაესწრო. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მონაწილეების ნაწილს პირბადე არ უკეთია, რიგ შემთხვევებში დაცული არ იყო სოციალური დისტანცია. 

ომბუდსმენმა ძალა ერთობაშიას ღონისძიებას "უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება". თუმცა, ამავდროულად, მიუთითა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანების სიცოცხლე. ომბუდსმენის აზრით, უნდა მოხდეს როგორც დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაც, ვინაიდან, მისი თქმით, არსებობს როგორც საარჩევნო უბნებზე ადამიანების დაინფიცირების, ისე ხალხის დაფრთხობის და არჩევნებზე არმისვლის რისკები.