ოკუპირებულ აფხაზეთში სახლიდან გარეთ გასვლა ნიშნავს, დაინფიცირებული ხარ კორონავირუსით - ბარამია მძიმე რეალობაზე
ოკუპირებულ აფხაზეთში სახლიდან გარეთ გასვლა ნიშნავს, დაინფიცირებული ხარ კორონავირუსით - ბარამია მძიმე რეალობაზე

A+ A-

12:35 15/10/2020

დე ფაქტო აფხაზეთი იძულებული გახდაფსოუს საოკუპაციო ხაზი გაეხსნა და რუსი ტურისტები შეეშვა. საქართველოს ხელისუფლებამ  ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაუწიოს ოკუპირებულ აფხაზეთს, რადგან მათპატრონი ახლა არავინ  არის. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას „ლელოს“ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, დიპლომატმა  გიორგი ბარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დე ფაქტო აფხაზეთში კორონავირუსის მასიური გავრცელება რუსეთის მოქალაქეებს უკავშირდება, რადგან ისინი უკონტროლოდ გადაადგილდებოდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მთლიანად დამოკიდებული იყო რუსეთზე, რომელსაც მილიონ ნახევარი უნდა გამოეყოთ აფხაზეთისთვის, თუმცა ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისინი მოტყუა და კრიზისის დროს მიატოვა.

აფხაზეთიც იძულებული გახდა, ფსოუს საოკუპაციო ხაზი გაეხსნა და რუსი ტურისტები შემოეშვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგან აფხაზეთში ეკონომიკა დანგრეულია და სხვაგვარად ფულს ვერ იშოვიდნენ.

რომელ ეკონომიკაზე უნდა ვისაუბროთ ზოგადად, როდესაც ელემენტარულად, იმის საშუალება არ გააჩნიათ, კორონავირუსის ტესტები შეიძინონ და მოსახლეობა ვირუსისგან დაიცვან.

არავინ იცის, რამდენი ადამიანია დაინფიცირებული მთლიანად აფხაზეთში, რადგან ისინი არ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, დადიან დიდი თავშეყრის ადგილებში, მართავენ ქორწილებს, ქელეხებს, დაბადების დღეებს, ისინი რუსული პროპაგანდიდან გამომდინარე, მარტივად უყურებენ ამ საკითხს, ამიტომაც რუსეთის მსგავსად, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზეც ბევრი ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი“, - ამბობს ბარამია სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთადერთი საავადმყოფოა, რომელიც გუდაუთის რაიონში მდებარეობს, სადაც დაახლოებით კორონავირუსით ინფიცრებული 400 პაციენტი მკურნალობს.

აფხაზეთში, ფაქტობრივად, განადგურებულია მედიცინა. არსებობს მხოლოდ 1 საავადმყოფო, რომელიც გუდაუთის რაიონში მდებარეობს, სადაც დაახლოებით 400-მდე  პაციენტი ყავთ მოთავსებული.

საველე საავადმყოფოს გახსნას არ გამოვრიცხავ, რადგან სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა სხვა ვარიანტი არც არსებობდეს, გარდა საველე საავადმყოფოს გახსნისა.

ყოველდღიური კავშირი მაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან, რომლებიც ჩემთან საუბარში პირდაპირ ამბობენ, აფხაზეთში სახლიდან გარეთ გასვლა ნიშნავს იმას, დაინფიცირებული ხარ კორონავირუსის ინფექციით.

წარმოიდგინეთ, ადამიანებმა არც კი იციან თავიანთი ინფიცირების შესახებ, რადგან ტესტს ვერ უკეთებენ. სწორედ დაგვიანებული ინფორმაციის გამო , ქართველმა ექიმებმა 2 ადამიანი ძლივს გამოგლიჯეს სიკვდილს ხელიდან. ისინი აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა“,-განაცხადა ბარამიამ.

ბარამიას თქმითვე,  საქართველოს ხელისუფლებამ სამედიცინო დახმარება უნდა გაუწიოს ოკუპირებულ აფხაზეთს, რადგან მათ საქართველოს გარდა პატრონი არ ჰყავთ.

„საქართველოს ხელისუფლებამ სამედიცინო დახმარება უნდა გაუწიოს  ოკუპირებულ აფხაზეთს, რადგან რუსეთმა მიატოვა და მათ, ფაქტობრივად, ჩვენს გარდა სხვა გზა არ გააჩნიათ.

რამდენიმე თვის წინ არასამთავრო ორგანიზაციამ და მე ოკუპირებულ აფხაზეთში სამედიცინო დახმარების პირველადი ნივთები გავგზავნეთ, რაზეც დე ფაქტო ხელისუფლებას უარი არ უთქვამს და გზავნილი მიიღო.

ასე უნდა მოიქცეს ხელისუფლებაც, საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით შეუშვას ჰუმანიტარული დახმარება ოკუპირებულ აფხაზეთში ”,- ამბობს ბარამია.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე ეპიდსიტუაციაა. იზრდება ინფიცირებულებთა რიცხვი. დე ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ ანუამ თავის რუს კოლეგას, სერგეი შოუგუს აფხაზეთში, 500 კაცზე  გათვლილი საველე ჰოსპიტალის გახსნა სთხოვა, სადაც კორონავირუსით დაავადებულებს უმკურნალებენ.

ხატია მამულია