"ორი ქულა დავკარგეთ. ასეთი თამაშის შემდეგ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ" - საქართველოს-სომხეთის მატჩზე გაშვებული შანსი
"ორი ქულა დავკარგეთ. ასეთი თამაშის შემდეგ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ" - საქართველოს-სომხეთის მატჩზე  გაშვებული შანსი

A+ A-

11:00 12/10/2020

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ნეიტრალურ მოედანზე სომხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე გამართული მატჩი ჩვენი გუნდი უპირატესობით წარიმართა და ფრედ - 2:2 დასრულდა.

მასპინძლებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს, მე-6 წუთზე შედეგიანი დარტყმა ხორენ ბაირამიანმა შეასრულა. გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე გაათანაბრა, 46-ე წუთზე ლევან შენგელიას გადაცემით გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა. შეხვედრა საქართველოს ნაკრების შეტევებით გაგრძელდა და 74-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ეროვნული გუნდი დააწინაურა.

სომხეთის ნაკრებმა 88-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. სტანდარტი ზუსტად გუნდის კაპიტანმა ჰენრიხ მხითარიანმა შეასრულა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი  ფრედ 2:2 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის წინააღმდეგ გამათული მატჩი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთელებმა შეაფასეს.  შეფასებებს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს საკუთარ ვებგვერდზე.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის განცხადებით, ნაკრების ფეხბურთელებმა, შეცდომების გამოსწორება უნდა ისწავლონ.

"წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ცხრა ცვლილება გვქონდა. გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როდესაც ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა გაგვეტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დაწინაურება მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში დღეს ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. ჩვენ მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ.

უნდა ვისწავლოთ ამ შეცდომებზე, კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში ბევრი მომენტი გვქონდა და მოგება შეგვეძლო. ამ თამაშის შემდეგ ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონიაში მივემგზავრებით, სადაც გიორგი აბურჯანია არ გვეყოლება, ის კლუბში ბრუნდება. ჯაბა კანკავა კი სკოპიეში ყვითელი ბარათების გამო ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ცვლილებები მომდევნო შეხვედრაშიც იქნება.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, მომდევნო თვეში კი ამ გუნდს უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ფინალში შევხვდებით", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

შედეგით უკმაყოფილია ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი. მისი თქმით  ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი გუნდმა ხელიდან გაუშვა.

“შედეგი დასანანია, ორი ქულა დავკარგეთ. ასეთი თამაშის შემდეგ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ. მითუმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ ესტონეთი - ჩრდილოეთ მაკედონიის თამაში ფრედ დასრულდა.

გვქონდა შანსი, რომ  ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავმხდარიყავით და ორი ქულით წინ გავსულიყავით. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მოსაგები შეხვედრა იყო, რადგან მე პირადად ვერ ვიხსენებ სომხეთის რეალურ მომენტს, საპირისპიროდ კი გვქონდა 4-5 კარგი საგოლე ეპიზოდი.

ერთა ლიგის ფორმატმა განაპირობა ის, რომ ჯგუფში წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებზეა დამოკიდებული. დღეს, ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენი პირდაპირი კონკურენტია, მაგრამ სკოპიეში მივდივართ, იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ", - განაცხადა  ნიკა კვეკვესკირმა.

თამაშით კმაყოფილია მეორე გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი. მისი თქმით, ახლა გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩზე უნდა გადაერთოს.

"მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმში ვაჯობეთ, უკეთესად ვითამაშეთ, კარგი სტატისტიკაც გვქონდა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა უკვე შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და ავიღოთ სამი ქულა",- განაცხადა თორნიკე ოქრიაშილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღდეგ, 14 ოქტომბერს გამართავს. მატჩი სკოპიეს ფილიპე II-ის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.