105 000-დოლარიანი კრედიტი, 1 ბინა, 1 ავტომანქანა, 1 ბიზნესფართი - ივანიშვილის დეკლარირებული "ღატაკი" "ლომი N3" აჭარიდან
105 000-დოლარიანი კრედიტი, 1 ბინა, 1 ავტომანქანა, 1 ბიზნესფართი - ივანიშვილის დეკლარირებული "ღატაკი" "ლომი N3" აჭარიდან

A+ A-

19:00 06/10/2020

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის N1 პირი თორნიკე რიჟვაძე ფლობს  მხოლოდ 1 ბინას თბილისში და 1 კომერციულ ფართს ბათუმში, თანაც წლებია და თანაც საპასუხისმგებლო თანამდებობამდე შეძენილს. დეკლარაციის ყველა სხვა გრაფა,  რაც მის ქონებას უკავშირდება, ცარიელია. ღარიბია თუ ღარიბის იმიჯს ირგებს მილიარდერის რეგიონალური რჩეული?!  რა წერია  დეკლარირებული მილიონრების, ასლან აბაშიძისა და ლევან ვარშალომიძის შემცვლელის, ასევე დეკლარირებული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის „ხელდასმულის“, თორნიკე რიჟვაძის დეკლარაციაში?

 

„2020NEWS“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობდა აჭარის პირველი პირი თორნიკე რიჟვაძე პოლიტიკაში მოსვლამდე და რა ქონებას ფლობს ახლა, მაშინ, როცა, როგორც წესი, მმართველი ძალის ლიდერის,  ბიძინა ივანიშვილის კარზე დაწინაურებულ მარიფათიანთა ქონება წლიდან წლამდე ასტრონომიული სიჩქარითა და ციფრებით იზრდება? 

„აჭარის ლომი“ N3 - ცარიელი დეკლარაცია „საწყალი“ ანგარიშებით

დეკლრაცია რიჟვაძემ ბოლოს 2020 წლის 26 სექტემბერს შეავსო და ამ დეკლარაციის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის უძრავ-მოძრავი ქონება გასულ წლებთან შედარებით დიდად არ შეცვლილა, უფრო შემცირდა, ვიდრე გაიზარდა.

რიჟვაძე კვლავ ფლობს - 68,7 კვ.ფართობის საცხოვრებელ ფართს თბილისში, ქუთათელაძის ქუჩაზე, რომელიც 2017 წელს 61 ათას დოლარად აქვს შეძენილი, ასევე 2014 წელს 65 ათას დოლარად ეძენილ 50 კვ.ფართობის კომერციულ ფართს - ბათუმში.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რიჟვაძე არა, მაგრამ მისი მეუღლე მაგდა მუმლაძე საჩუქრებისა და სოლიდური მემკვიდრეობის უკმარისობას ნამდვილად არ უჩივის.  

 

მაგალითად, ავტონომიური რესპუბლიკის  პირველ ლედის 59,6 კვ.ფართობის საცხოვრებელი ფართი 2007 წელს აჩუქეს, ხოლო 2010 წელს, მემკვიდრეობით, ხულოში არსებული 340,7 კვ.საცხოვრებელი სახლი და 13,400 კვ.მ  მიწის ნაკვეთი გადაეცა.

თავად აჭარის მთავრობის ახალგაზრდა თავმჯდომარე, როგორც ჩანს, ჯიპებისა და ბოლო მოდელის სხვა ავტომანქანების მოყვარულ-შემგროვებელი არ არის, რადგან დეკლარაციაში  2016 წელს შეძენილი „Toyota Camry“-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი  8 500 დოლარად შეიძინა და ახლის შეძენის სურვილი აღარ გაჩენია, ყოველ შემთხვევაში, მისი დეკლარაციიდან ასე ჩანს.

ახლა ვნახოთ მისი საბანკო ანგარიშები - „აჭარის მილიონერი ლომის“, ასლან აბაშიძისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რჩეულის, ფინანსურად კარგად წელში გამართული ლევან ვარშალომიძის შემდეგ, ავტონომიურ რესპუბლიკაში მილიარდერი ივანიშვილის რჩეული თორნიკე რიჟვაძის საბანკო ანგარიშები ნამდვილად საწყლად გამოიყურება.

რიჟვაძეს -"საქართველოს ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 6 054,18  ლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე  - 0,77 თეთრი უფიქსირდება. „თიბისი ბანკში“ კი მხოლოდ - 60,7 დოლარი და 5, 81  ფუნტი სტერლინგი აქვს ანგარიშებზე.  

 

 

რაც შეეხება მის დანაზოგებს, 2020 წელი აჭარის პირველი პირისთვის აშკარად წამგებიანი აღმოჩნდა. მას 2019 წელს, დანაზოგის სახით თუ 5 500  აშშ  დოლარი და 4 000 ლარი უფიქსირდებოდა,  2020  წელს, დაახლოებით, 2000  დოლარი და  2000 ლარი დაუხარჯავს, ჩვენ რა ვიცით, რაში და 3 500 დოლარს + 2 000 ლარიღა აქვს გადანახული.

ამასთანავე რიჟვაძეს ბანკის ვალებიც აწევს კისერზე, თანაც  2033  წლის  5 აგვისტომდე  და სოლიდური თანხაც პირველად გამოჩნდა მის დეკლარაციაში. ეს თანხა  არც მეტი და არც ნაკლები - 105 000 დოლარია - იპოთეკური სესხის სახით.

 

 

ვალი აშკარად გასასტუმრენელია, რიჟვაძეს კი  6 თვის განმავლობაში 24 463, 64 ლარი აქვს აღებული. სახელფასო შემოსავალი სოლიდურია, მაგრამ 105 ათასი დოლარის სესხი უფრო რთული გასასტუმრებელი, ხელფასი არ ეყოფა.

ჩაბეტონებული ბათუმის ბიზნესმაგისტრი და მკაცრად  გაკონტროლებული  k2 

მოკლედ, არც ბანკში აქვს ფული, არც სახლები აქვს შეძენილი, არც საჩუქრებს ჩუქნის ვინმე, მაგალითად - ნახატებს და არც ნაირ-ნაირი მოდელის ავტომანქანები უყენია ავტოფარეხებში, დანაზოგზე აღარაფერს ვწერთ, თანაც 105 000-დოლარიანი სესხია გასასტუმრებელი.

ვალებისა და მოკრძალებული ქონების ფონზე ავტონომიური რესპუბლიკის ამ „გაღატაკებულ“ პირველ პირზე, „2020NEWS“-თან საუბრისას სრულიად აჭარის ავტონომიის ოპოზიცია აცხადებს, რომ რიჟვაძის თანხმობის გარეშე აჭარაში “ბუზიც კი ვერ შეფრინდება“, არათუ ბიზნესინტერესებს გაატარებს ვინმე.

ოფიციალურად კი, რიჟვაძე  მხოლოდ ერთი შპს-ის -აჭარის ბერრის ლიმითედის- 25%-იანი წილის მფლობელია, თანაც  2009 წლიდან.

სხვა კერძო კომპანიებთან მისი კავშირები საჯაროდ  არ ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ რიჟვაძე ბიზნესის მაგისტრის წოდებას ფლობს და ბიზნესინტერესებით სავსე აჭარის პირველი პირია.

 

დოკუმენტურად არ ფიქსირდება, მაგრამ აჭარაში რომ ყველაფერის რიჟვაძე წყვეტს, ამას იქაური ოპოზიციაც ღიად აცხადებს. „ლელო საქართველოსთთვის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი  ირაკლი კუპრაძე  „2020NEWS“-თან საუბარისას აცხადებს, რომ  თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ სახეა, რომლის მეშვეობითაც რეგიონში ბიზნესი წნეხის ქვეშ იმყოფება.

მისივე თქმით, აჭარაში მძიმე ბიზნესგარემოა შექმნილი და თითქმის ყველა ბიზნესმენი „ქართულ ოცნებასთან“ არის შეკრული, რადგან ისინი „ქართული ოცნების“ გარეშე ლიცენზიებს ვერ მოიპივებენ.

„აჭარაში მძიმე ბიზნესგარემოა. თითქმის ყველა ბიზნესმენი „ქართულ ოცნებასთან“ არის „მიმაგრებული“, რადგან  მათი საქმიანობა ლიცენზიების მოპოვებაზეა დამოკიდებული, ლიცენზიებს კი მმართველი პარტიის ჩინოვნიკები გასცემენ.  მათთან კავშირის გარეშე, ბიზნესმენები, ფაქტობრივად, ვერაფერს გახდებიან.

ბიზნესმენების გარკვეულმა ნაწილმა თავი დააღწია იმ მდგომარეობას, რაშიც „ოცნებას“ ყავდა. თუმცა, ვინც ამას ვერ ახერხებს, „შემოწირულობებით“ ცდილობს მმართველი გუნდის გულის მოგებას“, - განაცხადა კუპრაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

მისივე თქმითვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თავად არის ჩართული ბიზნესმენების შევიწროებაში და მათ დიდი წნეხის ქვეშ ამყოფებს.

„თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ სახეა და მის გარეშე არაფერი ხდება რეგიონში. ის თავად იღებს მონაწილეობას ბიზნესმენების შევიწროვებაში და მათ დიდი წნეხის ქვეშ ამყოფებს“, - ამბობს კუპრაძე.

რიჟვაძის მკაცრი კონტროლისა და კლანური გადაწყვეტილებების შესახებ საუბრობს ბათუმის საკრებულოს ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძეც.  

ქამადაძე ფიქრობს, რომ აჭარის პირველი პირის ხელში ბათუმი ჩაბეტონებულ ქალაქად გადაიქცა, სადაც კორუფცია და კრიმინალი ყვავის.

 

 

„ბათუმი გახდა ჩაბეტონებული ქალაქი და ამაზე ყველა ვთანხმდებით. K2-ის (სამშენებლო კოეფიციენტი) მატებაზე, რომ ყველა ფულს აკეთებს აქ, მათ სათავეში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკითავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უდგათ.

ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის, ამასთან დაკავშირებით ტელევიზიაშიც გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე ერთ-ერთ ბიზნესმენს ესაუბრება იმის შესახებ, რომ რიჟვაძის გარეშე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან მშენებლობის საკითხზე, ისევე როგორც სხვა საქმეებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს და სჯობს, თბილისში მოაგვარონ საქმეო.

პირდაპირაა ჩანაწერში საუბარი იმაზე, რომ "თემის დასალაგებლად" უკეთესია, ბიზნესმენები თბილისში დაუკავშირდნენ ვინმეს.

"ალბათ უკეთესია, რომ თქვენ თბილისიდან ამაში ვინმე ჩართოთ, ამან შეიძლება გაჭრას და უკეთესი შედეგი გამოიღოს... შეგიძლიათ დაიწყოთ ეგ პროცესი - ამბობს ამ ჩანაწერში ხმა, რომელიც ბიზნესმენის მტკიცებით, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის“,  - განაცხადა ქამადაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

ქამადაძე ასევე აცხადებს, რომ აჭარაში შენობების სიმაღლის კოეფიციენტი 3 დან 4 მდეა გაზრდილი, რაც ბათუმლებისთვის ყოვლად მიუღებელია და ამ დრომდე აპროტესტებენ სანაპირო ზოლში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ფაქტს.

„აჭარაში შენობების სიმაღლის კოეფიციენტი 3 დან 4 მდეა გაზრდილი, რაც ბათუმლებისთვის ყოვლად დაუშვებელია და ისინი ამ დრომდე აპროტესტებენ ამ ფაქტს, თუმცა უშედეგოდ,

ბათუმში მოსახლეობა კარგად ხედავს როგორი გზით შოულობს კორუმპირებული მთავრობა ფულებს, სწორედ ამიტომ არის რიჟვაძის დეკლარაციის ფურცლები ცარიელი, როგორც უმეტესწილად ხდება, კორუფციით მოპოვებულ თანხებს და სიმდიდრეს დეკლარაციაში არ წერენ ხოლმე“, - აცხადებს ოპოზიციონერი.

ქამადაძის თქმითვე, „ქართული ოცნების“ მთავრობა ხელს უშლის ბათუმის განვითარებას და ისინი ამახინჯებენ ბათუმის იმ იერსახეს, რაც  გასულ წლებში შეიქმნა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხელს უშლის ბათუმის განვითარებას, პირველ ზოლში აშენებენ, ფაქტობრივად, საცხოვრებელ კორპუსებს, თანაც მრავალსართულიანს და მათ  ტურისტული დანიშნულება არ აქვთ. შესაბამისად, ეს პროცესი ვერც დასაქმების კუთხით გამოასწორებს მდგომარეობას ჩვენს რეგიონში. მშენებლობაში არავინ არ უშლით ხელს, თუმცა 40-50- სართულიანი შენობების აგებით, ისინი იმ იერსახეს უკარგავენ ბათუმს, რაც აქამდე ჰქონდა“,  - განაცხადა ქამადაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, ბათუმელები განსაკუთერბულად აპროტესტებენ რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას, სადაც კომპანია „ალიანსი“ აშენებს 45-50 სართულიან კორპუსს, რომელიც „აპარტოტელის“ სახელწოდებაშია შეფუთული, თითქოს ამ პროექტით  საცხოვრებელი კორპუსები კი არ შენდება, არამედ სასტუმრო.

 

 

მირდატ ქამადაძე: „ბათუმის მოსახლეობა განსაკუთრებით აპროტესტებს „აპარტ ოტელის“ მშენებლობას რუსთაველის ქუჩაზე, პირდაპირ ანბანის კოშკთან და ეშმაკის ბორბალთან, პირველ ზოლში, სანაპიროზე.

წარმოგიდგენიათ, ამ ტერიტორიაზე,  სადაც ქალაქის ულამაზესი ხედებია, 45-50- სართულიანი 5 შენობის მშენებლობა იგეგმება. ამ შენობების ჩადგმით კი დაამახინჯებენ ბათუმის ულამაზეს იერსახეს. მთავრობა მოსახლეობაზე მეტად დეველოპერების აზრს ითვალისწინებს, რადგან მათთგან კარგ ფულს შოულობენ“.

ასეთი არამიმზიდველი სიტუაციაა ბიზნესმაგისტრის ულამაზეს სამფლობელოში.

სამაგიეროდ, მისი საგანმანათლებლო ბიოგრაფია გამოიყურება საკმაოდ მიმზიდველად.

რიჟვაძე 2018 წლის 21 ივლისიდან იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანამდებობას.

მანამდე, 2006-2007 წლებში იყო აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი, სადაც მიიღო პასო რობლეს საშუალო სკოლის დიპლომი (კალიფორნია, აშშ). 2007-2011 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც სამართლის ბაკალავრის სპეციალობით დაამთავრა;  2011-2014 წლებში სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა ბიზნესის მაგისტრის, საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით; 2012 წელს სწავლობდა ლიჰაის უნივერსიტეტში (პენსილვანია, აშშ). არის ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატი. 2012-2013 წლებში სწავლობდა სიტის უნივერსიტეტშილონდონში  (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტით), რომელიც დაამთავრა სამართლის მაგისტრის სპეციალობით, LLM- საერთაშორისო ბიზნეს სამართალი.  2015 წლიდან დღემდე არის ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, მიმართულება Ph.D „ენერგეტიკის სამართალი , 2017 წლიდან სწავლობდა ფლორენციის რეგულირების სკოლაში - ენერგო სექტორის რეგულირებაზე.

ასეთია ავტონომიური რესპუბლიკის მმართველის, რიგით მე-3 „აჭარის ლომის“ საგანმანათლებლო  ბეგრაუნდი და მმართველობის სურათი - დეკლარაციის ცარიელი ფურცლებიაკომპანიმენტით.

პატიოსანი გზით მიუყვება აჭარის პირველი პირის საპატიო თანამდებობრივ გზას ახალგაზრდა „ოცნებელი“ ლიდერი, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმისა არ იყოს, მალავს  „ლევად“ დაგროვილ ქონებას, 105 000-დოლარიანი სესხის გასტუმრების პროცესში, ამას ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე შეაფასებს, ბათუმში ხომ ყველამ ყველაზე ისედაც ყველაფერი იცის.

ხატია მამულია