"ვისაც ჩემთან შეხება გქონდათ, გთხოვთ, გადახვიდეთ თვითიზოლაციაში" - "იმედის" ტელეწამყვანს კორონავირუსი დაუდასტურდა
"ვისაც ჩემთან შეხება გქონდათ, გთხოვთ, გადახვიდეთ თვითიზოლაციაში" - "იმედის" ტელეწამყვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

13:19 03/10/2020

ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანს, ზურა ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს და მასთან კონტაქტში მყოფ პირებს თვითიზოლაციაში გადასვლისკენ მოუწოდებს.

 „დილამშვიდობისა ყველას. მოკლედ, ვინც ჯერ არ იცით, ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა.

გუშინწინ სახლში წავიმღერე და ყელი ჩამეხეხა მსუბუქად. მემართება ეგრე ხოლმე. ჰოდა არ მივაქციე ყურადღება, ბევრი საქმე მქონდა და მთელ დღეს სახლიდან არ გავსულვარ. ოღონდ ვიგრძენი, რომ ცოტათი უცნაურად დავიღალე.

გუშინ დილას ჩვეულებრივად მივედი „იმედში”, სიცხე გამიზომეს და 36,1 აჩვენა. სადღაც 9-ისკენ ცოტა მოვითენთე და გადაცემის მერე კიდევ გავიზომე სიცხე – 36,6. არაფერი. ცოტა ხანს ვიყავი, ვისაუბრეთ და წავედი სახლში.

წამოვწექი, დავიძინებ მეთქი და მივხვდი, რომ სიცხე მიმატებს. გავიზომე და 37,7. ეგრევე მომენტალურად გადავრეკე-გადმოვეკე, გავვარდი და ერთ-ერთ კლინიკაში პი-სი-არ ტესტი გავიკეთე. რახანაც პასუხი ძალიან მალე მინდოდა, 220 ლარი გადავიხადე და 7 საათში იქნებაო.

კი ვფიქრობდი, ბარემ 24-საათიანი გამეკეთებინა და არ გავწეწილიყავი, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხს ჩემ გარშემო და მეც უფრო დიდხანს უნდა გვენერვიულა.

საბოლოოდ, გუშინ, საღამოს 10-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ კოვიდი დამიდასტურდა. აი, მანდ დაიწყო წიოკი. ოღონდ ჩემი უფრო ნაკლებად – ყველასი. უცებ რომ ყველა გწერს, გირეკავს და გამხსნევებს. დაავადებაზე ფიქრს ვერ ასწრებ რომ 10000000000000000000 ადამიანს აინტერესებს უცებ შენი ამბავი. რაც თან ძალიან კარგია, თან – ძალიან ცუდი, რადგან ყველასთვის სათითაოდ ერთსა და იმავე ტექსტის წერა ასეთ დროს ფრიად დამღლელია.

სად დამემართა და ვისგან გადმომედო – აზრზე არ ვარ. პლუს ბოლო 4-5 დღეა, ძალიან ცოტა ადამიანი ვნახე. 30 ალბათ. ჰოდა კაცმა არ იცის, ვინმე უსიმპტომოსგან გადამედო თუ რომელიმე ზედაპირთან შეხებისას.

სიმპტომების გამოვლენის დღედ ჩაითვალა 1-ლი ოქტომბერი, რომლიდან 48 საათის მონაკვეთი უკან არის გადამდებობის დაწყების დრო (28 სექტემბრის საღამო). ასე რომ ყველას, ვისაც ჩემთან შეხება გქონდათ, გთხოვთ, გადახვიდეთ თვითიზოლაციაში. ასე სჯობს.

რაც შემეხება მე – ვრჩები სახლში ჯერჯერობით, რადგან 38-მდე სიცხე და ყელის ჩახეხილობა მაქვს და გართულებები არ ჩანს. ყნოსვა-გემოც ადგილზეა. ცოტა ხანში კიდევ დაურეკავ ოჯახის ექიმს და მოვისმენ მის მითითებებს. ვსვამ ბევრ სითხეს. მეტი არც არაფერი ამ ეტაპზე.

დანარჩენ განახლებებს დავწერ აქ, რადგან ყველას სათითაოდ შეიძლება, ვერ გიპასუხოთ.

დიდი მადლობა და ჯანმრთელობა ყველას“, – წერს ზურა ბალანჩივაძე.