"ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
"ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

A+ A-

15:46 14/08/2020

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, იგი კმაყოფილია გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრით და ენდობა მას. როგორც ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ, გარდაცვლილი გოგონას დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი შეხვედრით კმაყოფილია და ამერიკის ფედერალური ბიუროს საქმეში ჩართვის საკითხზე მიიღო პასუხი, რომ FBI საქმეში მეტნაკლებად ჩართულია. „კარგი შეხვედრა იყო და კმაყოფილი ვარ. ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს, ყველაფერზე გექნებათ პასუხიო”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ამასთან, გარდაცვლილი გოგონას დედის თქმით, პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა მისთვის დასმული შეკითხვების გამო, რომელიც დაზარალებულ მხარეს არაეთიკურად მიაჩნია, ბოდიში მოიხადა.

„პოსტი არ დაუტოვებია, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ასე მითხრეს. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, მიუვალ ადგილას 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი გოგონას ბუნდოვანი გარდაცვალების საქმეში, ამერიკის ფედერალური ბიუროს FBI-ს ჩართვას ითხოვს.